ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მასობრივ მკვლელობაში ეჭვმიტანილი იმავე სკოლის ყოფილი მოსწავლეა


ნეშვილის სკოლაში მომხდარ სროლას გადარჩენილები, მათი ოჯახები და მეგობრები ადგილობრივ ეკლესიაში ლოცულობენ
ნეშვილის სკოლაში მომხდარ სროლას გადარჩენილები, მათი ოჯახები და მეგობრები ადგილობრივ ეკლესიაში ლოცულობენ

ორშაბათს, 27 მარტს, ამერიკის სამხრეთით მდებარე ტენესის შტატის ერთ-ერთ სკოლაში მომხდარ სროლაში 6 ადამიანი დაიღუპა. მათ შორის 3 ბავშვია და 3 ზრდასრული. არიან დაჭრილებიც, რომლებიც საავადმყოფოებში გადაიყვანეს.

პოლიციის განცხადებით, ეჭვმიტანილი ქალი იმავე სკოლის ყოფილი მოსწავლე, 28 წლის ოდრი ჰეილია. ნეშვილის პოლიციის შეფმა ჯონ დრეიკმა ორშაბათს საღამოს ჟურნალისტებს უთხრა, რომ ჰეილი პოლიციამ სროლის შემდეგ მოკლა. გამოძიების წინასწარი მონაცემებით, თავდამსხმელს სკოლის დეტალური რუკა ჰქონდა დახატული, შესასვლელების და დერეფნების მოხაზულობით. მის საბუთებში იპოვეს "მანიფესტი" და სხვა ჩანაწერები, რომელსაც გამოძიება ჯერ კიდევ სწავლობს.

დონ არონი, პოლიციის დეპარტამენტის პრესსპიკერი ამბობს, რომ ჰეილის სულ ცოტა, 3 ცეცხლსასროლი იარაღი ჰქონდა, აქედან 2 - ნახევრად ავტომატური იარაღია. მისი მონათხრობის მიხედვით, როცა პოლიცია ადგილზე მივიდა, მათ გაიგონეს სროლის ხმა სკოლის მეორე სართულიდან. 5 პოლიციელი შენობაში შევარდა, მათგან ორმა თავდამსხმელს ესროლა და დილის 10:27-ზე ინციდენტი ამოიწურა.

პოლიციამ დანარჩენი მოსწავლეები სკოლის გვერდით მდებარე ეკლესიაში გადაიყვანა, სადაც მანამდე მშობლები შეიყვანეს. ნეშვილის ამ კერძო ქრისტიანულ სკოლაში სულ 200 ბავშვი სწავლობს, საბავშვო ბაღის ასაკიდან დაწყებული, მე-6 კლასის მოსწავლეთა ჩათვლით.

"ამ ტრაგიკულ დილას, ნეშვილი შეუერთდა იმ თემთა საშინელ, გრძელ სიას, რომელთაც სკოლაში მომხდარი სროლა გამოსცადეს. გულით თანავუგრძნობ მსხვერპლს და მათ ოჯახებს. მთელი ქალაქი თქვენს გვერდში დგას" - დაწერა "ტვიტერზე" ნეშვილის მერმა ჯონ კუპერმა.

გასულ წელს, ტეხასის შტატის ქალაქ უვალდეში, სროლას 21 ადამიანი შეეწირა. შეერთებული შტატების სკოლებში მომხდარ სხვა მსხვერპლიან ინციდენტებს შორისაა ფლორიდის შტატის ქალაქ პარკლანდში 2018 წელს მომხდარი სროლა, რომელშიც 17 ადამიანი დაიღუპა; სროლა 2012 წელს კონექტიკუტის სენდი ჰუკის დაწყებით სკოლაში, სადაც მსხვერპლის რაოდენობა 26 ადამიანს შეადგენდა; 13 ადამიანის დაღუპვით დასრულდა კოლორადოს შტატის ერთ-ერთ სკოლაში 1999 წელს მომხდარი სროლა.

ამერიკის შეერთებულ შტატებში მასობრივი სროლები ძალზე იშვიათად არის ქალების მიერ ორგანიზებული. სტატისტიკის მიხედვით, შემთხვევების სულ 2%-ში მონაწილეობდნენ ქალები.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG