ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ნიუ იორკის მეტროში სროლისას 16 ადამიანი დაშავდა


სამშაბათს, ნიღბიანმა შეიარაღებულმა პირმა ნიუ-იორკის მეტროში საკვამლე ბომბი აამოქმედა და ადამიანებს ცეცხლი გაუხსნა. შედეგად 16 ადამიანი დაშავდა.

ნიუ იორკის პოლიციის კომისარმა კიჩანტ სიველმა თქვა, რომ ინციდენტის დროს ათ ადამიანს ესროლეს, თუმცა არ უთქვამს თუ სხვები როგორ დაშავდნენ.

სიველმა თქვა, რომ ბოროტმოქმედი ჯერ დაკავებული არაა და ინციდენტს არ იძიებენ, როგორც ტერორისტულ აქტს, თუმცა აღნიშნა, რომ არანაირ მოტივს არ გამორიცხავს.

ვიდეოში ჩანს, რომ როდესაც მატარებელი ბრუკლინის სანსეტ პარკის უბნის 36-ე ქუჩის სადგურზე ჩერდება და კარები იღება, იქიდან კვამლის ტალღა გამოდის. ვაგონში მომწყვდეული მგზავრები გარეთ გამორბიან, ზოგიერთი მათგანი კი ეცემა. გამოსახულებებში, ბაქანზე სისხლის ნაკვალევი იკვეთება.

პოლიციის კომისარმა პრეს-კონფერენციაზე თქვა, რომ პირმა, რომელსაც აირწინაღი ეკეთა, ჩანთიდან ბალონი ამოიღო და გახსნა. კვამლმა ვაგონის ავსება დაიწყო, მან კი ადამიანებს ცეცხლი გაუხსნა და ვაგონსა და ბაქანზე ბევრი ადამიანი დაჭრა.

ეჭვმიტანილი, მკვრივი აღნაგობის შავკანიანი მამაკაცი იყო, რომელსაც მშენებლის ტიპის მწვანე ჟილეტი და კაპიშონიანი სვიტერი ეცვა.

ბოლო თვეებში, ნიუ იორკში ზოგადად იარაღის გამოყენებით ძალადობამ და ქალაქის ტრანზიტის სისტემაში თავდასხმებმა იმატა.

ინციდენტის შესახებ ბოლო ინფორმაცია მიეწოდა პრეზიდენტ ჯო ბაიდენს და მთავარ პროკურორ მერიკ გარლანდს.

XS
SM
MD
LG