ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

"დიქტატორის" ბრძოლა მედიისა და საზოგადოების წინააღმდეგ 


6 თვეა ბელარუსში თავისუფლებისთვის იბრძვიან. პროტესტი სხვადასხვა ფორმით 9 აგვისტოს შემდეგ არ შეწყვეტილა და არც თავისუფლებისთვის მებრძოლი ადამიანების რაოდენობა შემცირებულა. ბელარუსი ხალხის ბრძოლა მათ მიმართ დასავლეთის მხარდაჭერას ზრდის. ევროპამ და ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ალექსანდრ ლუკაშენკოს მთავრობას კი არაერთი სანქცია დაუწესა. ლუკაშენკოს რეჟიმის ერთადერთი იმედი რუსეთის ფედერაცია და ვლადიმირ პუტინია, რომელმაც მას არაერთხელ შესთავაზა დახმარება, როგორც ფინანსური ასევე ფიზიკური.

ბელარუსში თავისუფლების და დემოკრატიული განვითარების ნაკლებობაზე ისიც მეტყველებს, რომ ბოლო 6 თვეში ქვეყანაში ასობით ჟურნალისტი დააკავეს, სცემეს და თავისუფლად მუშაობის შესაძლებლობა შეუზღუდეს. ჟურნალისტების წინააღმდეგ ბრძოლას ბელარუსის სახელმწიფო ორგანოები და სპეციალური სამსახურები ამ დრომდე აგრძელებენ. სულ ბოლო 6 თვის განმავლობაში ქვეყანაში 470-ზე მეტი დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი ჟურნალისტი დააკვეს. მათ ნაწილს დაკავების დროს როგორ ფიზიკური ასევე სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს.

ქვეყანაში განვითარებული მოვლენები მთავარ გამოწვევად იქცა ადგილობრივი ინტერნეტ მედიასაშუალებისთვის TUT.BY. ორგანიზაციის მთავარი რედაქტორი და აღმასრულებელი დირექტორი ამბობს, რომ მისი 5 ჟურნალისტი 2020 წლის განმავლობაში 8-ჯერ დააკავეს, თავად მის წინააღმდეგ კი არაერთი თავდასხმა მოხდა და აღიძრა სისხლის სამართლის საქმეც. თუმცა მარინა ზოლატავა ამბობს, რომ არც ის და არც მისი თანამშრომლები დანებებას არ აპირებენ.

"ჩვენ დღეს გაცილებით ნაკლები შესაძლებლობა გვაქვს ნორმალურად მუშაობის, თუმცა ჩვენს მიმართ არსებობს ნდობა, ინფორმაციის მოლოდინი საზოგადოებისგან და ჩვენ მათ იმედს ვერ გავუცრუებთ. პრობლემები წინასაარჩევნო კამპანიის დროსაც იყო, და არაერთხელ 4-5 საათით ჩვენი ჟურნალისტი დაკავეს კიდეც, მაგრამ მთავარი ძალა უსაფრთხოების სამსახურებმა შემოდგომის შემდეგ გამოაჩინეს. ჩემი 5 თანამშრომელი 8-ჯერ დააკავეს, გვიზღუდავენ პლატფორმაზე წვდომას, თუმცა ჩვენ გამოსავალი აქედანაც ვიპოვეთ. არის მუქარები ფიზიკური განადგურების შესახებ და ბევრი სხვა ,მაგრამ არ ვნებდებით. როცა დაგვიბლოკეს ვებგვერდი, დაივყწეთ სოციალურ მედიაში ინფორმაციის გავრცელება, სადაც 400 000 გამომწერი გვყავდა. აქაც ხელს გვიშლიან, თუმცა ჩვენ ბრძოლას ვაგრძელებთ. ალბათ ახალ ქმედებებზეც გადავლენ, ამიტომ ჩვენ ვმუშაობთ იმაზე, რომ გვქონდეს არა მხოლოდ გეგმა ბე, არამედ ცეც, დეც და ეც,"- ამბობს მარინა ზოლატავა.

ბელარუსში განვითარებულ მოვლენებს საერთაშორისო მედია შეზღუდვების ფარგლებში აშუქებს, რადგან ქვეყანაში საპროტესტო აქციების დაწყებიდან მალევე, ჟურნალისტებზე აკრედიტაიების გაცემა შეწყდა, ათობით სხვადასხვა საერთაშორისო მედიის წარმომადგენელი კი ქვეყნიდან გააძევეს.

ბელარუსში მიმდინარე მოვლენებს ყველაზე აქტიურად, დეტალურად და რაც მთავარია მიუკერძოებლად, "რადიო თავისუფლება" აშუქებს, მთავარი თავდასხმის ობიექტებიც სწორედ ისინი არიან. 2020 წელს ბელარუსში "რადიო თავისუფლების" ათობით ჟურნალისტი დააკავეს, ისინი ჯამში საპატიმროში 250 დღის განმავლობაში იმყოფებოდნენ. ბელარუსში ერთ-ერთი. ვინც ადგილზე აშუქებს მოვლენებს, ალექსანდრ ლუკაშუკია, ის "რადიო თავისუფლებას" წარმოადგენს და ამბობს, რომ რაც დრო გადის, უფრო რთული ხდება ბელარუსში ჟურნალისტების მუშაობა. ლუკაშუკი ამბობს, რომ 90-იანი წლების შემდეგ, 2020 წელი ყველაზე რთული წელი იყო ჟურნალისტებისთვის.

"ნდობა ქვეყანაში დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი ჟურნალისტების მიმართ მნიშვნელოვნად არის გარდილი. საზოგადოებამ ბელარუსში მოულოდნელად დაიწყო ხარისხიანი ჟურნალისტიკის თვალის დევნება. გასაკვირი და იშვიათი გმირობაა თითოეული ჟურნალისტის საქციელი, რომელიც ამ დრომდე რისკის ფასად აშუქებს მოვლენებს, დიდი ზეწოლის და მუქარის ქვეშ. ეს ვფიქრობ, ბევრი წლის შრომის შედეგია, ნდობის მოპოვებას დრო სჭირდებოდა, ამაში კი დიდი როლი დასავლეთმა ითამაშა. დასავლეთის დახმარებით მოხდა არაერთი ჟურნალისტის გადამზადება, ხელშეწყობა მოხდა დამოუკიდებელი ჟურნალისტების და ამან შედეგი გამოიღო. საბედნიეროდ, დღეს ინფორმაციის წყარო დამოუკიდებელი ჟურნალისტები არიან, ახლა ისეთი მნიშვნელობა ქვეყანაში აღარ აქვთ სამთავრობო და რუსულ არხებს, როგორიც მათ წლების ან სულაც თვეების წინ ჰქონდათ, ხალს ეს მობეზრდა"- ამბობს რადიო თავისუფლების ჟურნალისტი ალექსანდრე ლუკაშუკი.

ის, რომ დამოუკიდებელი მედიის მიმართ ინტერესი გაიზარდა, ამას ბელარუსში მომუშავე ჟურნალისტებიც ადასტურებენ. ჰანა ლიუბაკოვა, რომელიც პროფესიით ჟურნალისტია, ამბობს, რომ სამთავრობო მედიებისადმი თავდაპირველად უნდობლობა პანდემიის დროს დაიწყო, მაშინ როცა მოქალაქეები სახლში იყვნენ და ვერ იღებდნენ ამომწურავ ინფორმაციას.

"ადამიანები უყურებდნენ ახლობლებს ოჯახის წევრებს, ნაცნობებს და იცოდნენ, რომ ისინი ინფიცირდებოდნენ, თუმცა სტატისტიკა, რომელსაც სამთავრობო არხები ტელევიზორში გადმოცემდნენ, განსხვავებული იყო. სწორედ ამ დროს დაიწყო ხალხმა განსხვავებული ინფორმაციის მოძიება ინტერნეტში. ამაში დიდი როლი "რადიო თავისუფლებამ" და ინტერნეტ გამოცემამ TUB.BY შეიტანეს. ისინი დაუღალავად მუშაობდნენ როგორც პანდემიის, ასევე წინასწაარჩევნო საკითხებზე და საზოგადოებას აწვდიდნენ მიუკერძოებელ ინფორმაციას. მალევე საზოგადოების ყურადღების ცენტრში მოექცა ბლოგერი საკიჩი ჰანდიჩუ, რომელმაც მთელი ქვეყანა შემოიარა და ადამიანებს გაესაუბრა, ჰკითხა მათ თუ რა სურდათ და შემდეგ ვიდეოები სოციალურ ქსელში გაავრცელა. ვიდეოებს ძალიან დიდი გამოხმაურება მოჰყვა და ხალხმა მას ნდობა გამოუცხადა, შემდეგ ის დააკავეს და პატიმრობა შეუფარდეს"- ამბობს ჟურნალისტი ლიუბაკოვა.

"რეჟიმის" მითითებით, ბელარუსში არაერთი მედია ორგანიზაცია დაარბიეს, დააზიანეს საჭირო ინვენტარი და დააკავეს ათობით მედიის სფეროს წარმომადგენელი, ნაწილი ამ დრომდე პატიმრობაში იმყოფება.

"ჩვენ ბოლო თვეების განმავლობაში ნათლად ვხედავთ, თუ რა გავლენა აქვს დიქტატორ ლუკაშენკოს თავისუფალ ჟურნალისტებზე. 2020 წელს დიქტატორის რეჟიმმა დააკავა ოთხასზე მეტი ჟურნალისტი, გააუქმა 50 მედია ორგანიზაციის ვებგვერდი, ამ დრომდე პატიმრობაში იმყოფება 10 ჟურნალისტი. ეს წარმოუდგენელი ამბავია. ბელარუსი ხალხი თავისი სიმამაცით თვეების განმავლობაში იბრძვის თავისუფლებისთვის და მათთან ერთად, რისკის ფასად ათობით ჟურნალისტი მუშაობს და გვაჩვენებს იმ ვითარებას, რაც ბელარუსში ხდება. ჩვენ მადლიერები ვართ ჟურნალისტების და განსაკუთრებით უნდა გამოვყო "რადიო თავისუფლების" ჟურნალისტები, რომლებიც თავიანთი გამბედაობით გამოირჩევიან" - ამბობს ჯონ ჰერბსტი, რომელიც ატლანტიკური საბჭოს ევრაზიის პროგრამების დირექტორია.

ეს განცხადება ჰერბსტმა ატლანტიკური საბჭოს ორდღიან კონფერენციზე გააკეთა, რომელიც კამპანიის "სოლიდარობა ბელარუსის" ფარგლებში დაიგეგმა. კონფერენციას "ვაშინგტონ პოსტის" ჟურნალისტი კრისტიან კოლი უძღვებოდა. კოლმა კონფერენციაზე აღნიშნა, რომ ბელარუსში ბოლო თვეების განმავლობაში გაორმაგდა იმ ადამიანთა რაოდენობა, რომლებიც დამოუკიდებელი მედია ორგანიზაციებიდან ინფორმაციის მიღებას ცდილობდნენ. მისივე ინფორმაციით, ბელარუსში მცირდება ნდობა სამთავრობო მედიების მიმართ.

კამპანიას "სოლიდარობა ბელაუსს" სათავეში ოპოზიციის ლიდერი სვიატლანა ციხონუსკაია უდგას. მისი ინიციატივით, მსოფლიოს გარშემო 7 თებერვალს არაერთი ონლაინ ღონისძიება გაიმართება ლოზუნგით "სოლიდარობა ბელარუსს". ატლანტიკური საბჭოს ონლაინ კონფერენციის მეორე დღე ბელარუსში არსებულ პოლიტიკურ ვითარებას მიეძღვნება.

Facebook Forum

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG