ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ყინულის ჰოკეის მსოფლიო ფედერაციამ ბელარუსში მსოფლიო ჩემპიონატის გამართვაზე უარი თქვა


ყინულის ჰოკეის მსოფლიო ჩემპიონატი ბელარუსში აღარ გაიმართება. გადაწყვეტილება საერთაშორისო ფედერაციამ 18 იანვარს შეცვალა, მიზეზად კი ქვეყანაში არსებული ვითარება დასახელდა. საუბარია გაყალბებულ საპრეზიდენტო არჩევნებსა და საპროტესტო აქციებზე, რომლებიც ძალადობრივი დარბევების ფონზე მიმდინარეობს.

ფედერაციის მიერ საკუთარ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ მინსკში ღონისძიების ჩატარება უადგილო იქნება, რადგან ქვეყანაში სერიოზული პრობლემებია. სად გაიმართება მსოფლიო ჩემპიონატი ამ დროისთვის უცნობია. გადაწყვეტილებას ფედერაცია უახლოეს პერიოდში მიიღებს.

"სამწუხარო გადაწყვეტილება," ასე შეაფასეს ლუკაშენკოს მთავრობის წარმომადგენლებმა მიღებული გადაწყვეტილება და თქვეს, რომ ფედერაციის გადაწყვეტილება უსაფუძვლოა.

​"მიღებული გადაწყვეტილება ქმნის პრეცედენტს, როდესაც სპორტული ტურნირები, რომლებიც მიზნად ისახავს ქვეყნებისა და ხალხების გაერთიანებას, მშვიდობისა და ერთიანობის ხელშეწყობას შეიძლება გადაიქცეს უთანხმოების და ზეწოლის ინსტრუმენტად პოლიტიკოსების ინტერესების დასაკმაყოფილებლად," - წერს ბელარუსის ყინულის ჰოკეის კომიტეტი განცხადებაში.

2020 წლის დეკემბერში ყინულის ჰოკეის ფედერაციის პრეზიდენტმა მოსკოვში თქვა, რომ შესაძლოა ჩემპიონატი ბელარუსში გამართულიყო, რის გამოც მან ბელარუსის ოპოზიციის წარმომადგენლების კრიტიკა დაიმასხურა. სვიატლანა ციხონუსკაიამ და მისმა გუნდმა ფედერაციას ღია წერილით მიმართეს და მიაწოდეს ქვეყანაში არსებული ვითარების შესახებ დეტალური ინფორმაცია.

ტურნირი რიგაში და მინსკში 2021 წლის 21 მაისს უნდა დაწყებულიყო, თუმცა ლატვიამ ბელარუსთან ერთად ჩემპიონატის მასპინძლობაზე უარი განაცხადა.

Facebook Forum

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG