ბელარუსში, 8 აგვისტოს ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნებიდან 4 თვეზე მეტი გავიდა, თუმცა ქვეყანაში საპროტესტო აქციები არ წყდება. მოსახლეობა კვლავ აპროტესტებს არჩევნების ოფიციალურ შედეგებს და მოითხოვს, რომ ალექსანდრ ლუკაშენკომ ახალი არჩევნები დანიშნოს და პრეზიდენტის თანამდებობა დატოვოს.
წარსულში გამართული საპროტესტო აქციებისგან გასნხვავებით, რომლებიც მხოლოდ რამდენიმე დღე გრძელდებოდა და შემდეგ ქვეყნის პოლიტიკური ცხოვრება ჩვეულ რიტმს უბრუნდებოდა, ბელარუსი ხალხი ამჯერად უკან დახევას არ აპირებს.
სვიატლანა ციხანუსკაია, ლუკაშენკოს მთავარი ოპონენტი და დასავლეთის მიერ ბელარუსის ლიდერად აღიარებული პოლიტიკოსი თვლის, რომ ხალხი დაიღალა ლუკაშენკოს მმართველობით.
ეკონომიკის დაღმასვლამ, კორონავირუსის პანდემიის უარყოფამ და ლუკაშენკოს 27 წლიანმა მმართველობამ ხალხი მიიყვანა იმ ზღავრზე, როდესაც ისინი აღარაფრის მოთმენას აპირებენ, ამბობს ციხანუსკაია. მისივე ინფორმაციით, ბოლოდროინდელი გამოკითხვები აჩვენებს, რომ ბელარუსი ხალხი მზადაა იდგეს საპროტესტო აქციებზე იმდენ ხანს, რამდენიც საჭირო იქნება.
„რეჟიმი სჯის ხალხს საკუთარი აზრის გამო, მაგრამ ეს არ უშლის მოსახლეობას ხელს, რომ საპროტესტო აქციაზე წავიდნენ“, თქვა სვიატლანა ციხანუსკაიამ "ატლანტიკურ საბჭოში" გამართული ონლაინ დისკუსიის დროს.
ხალხი ყოველ დღე იტანჯება, ეს ჩვენი ტკივილია და მინდა გთხოვოთ, რომ იმდენი ყურადღება მიაქციოთ ჩვენს ქვეყანას, რამდენიც შეგიძლიათ. შესაძლოა, ცოტა ხანში, ყველაფერი, ძალიან დაგვიანებული იყოს.
ციხანუსკაია, რომელიც ახლა ვილნიუსში, იძულებით გადასახლებაში იმყოფება ამბობს, რომ აუცილებელია ქვეყანაში მიიღონ ახალი კონსტიტუცია, რომელიც დაეფუძნება 1994 წელს არსებულ კონსტიტუციას; საჭიროა, ჩატარდეს ახალი საპრეზიდენტო არჩევნები და ბელარუს ხალხს მიეცეს საკუთარი არჩევანის თავისუფლად დაფიქსირების საშუალება, ასევე, გათავისუფლდეს ყველა პოლიტიკური პატიმარი.
„ბელარუსი ხალხი, თვეებია, რაც სახელმწიფოს ტერორის ქვეშ ცხოვრობს. ფასი კი, რომელსაც ისინი მშვიდობიანი ბრძოლისთვის იხდიან, ძალიან მაღალია. ჩვენ ვთხოვთ დასავლეთს, რომ იმოქმედოს უფრო სწრაფად“, ამბობს ციხანუსკაია.
მისივე თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დასავლეთმა, ამერიკამ, ევროკავშირმა, კანადამ და დიდმა ბრიტანეთმა, შეთანხმებულად, ერთიანი პოზიცია დააფიქსირონ და არ შეწყვიტონ საუბარი ბელარუსის შესახებ. ასევე, გაამკაცრონ სანქციები, რომლებიც უკვე დაწესებულია და დაიწყონ საერთაშორისო გამოძიებები იმ დამნაშავეების წინააღმდეგ, რომლებიც უკანონოდ იჭერენ და აწამებენ საპროტესტო აქციებზე გამოსულ მოსახლეობას.
„როდესაც ხალხი საპროტესტო აქციაზე მიდის, თან მიაქვთ პირველადი საჭიროების ის ნივთები, რომლებიც მათ დაკავების შემთხვევაში ციხეში დასჭირდებათ“, ამბობს ციხანუსკაია. მისი თქმით, ხალხი, ბელარუსში ისჯება მხოლოდ იმიტომ, რომ საკუთარ აზრს გამოთქვამს და მშვიდობიანი ფორმით აპროტესტებს ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს.
განსაკუთრებული წნეხის ქვეშ არიან ჟურნალისტებიც. ციხანუსკაიას ინფორმაციით, ბელარუსში აქციების დაწყების შემდეგ 300-ზე მეტი ჟურნალისტი დააკავეს სხვადასხვა დროს. 6 მათგანი კვლავ ციხეშია. ამ დრომდე, ლუკაშენკოს რეჟიმმა დააპატიმრა 31,000-ზე მეტი ადამიანი, დაწერილია 4,000-ზე მეტი საჩივარი პატიმრების წამებასთან დაკავშირებით, სადაც ფიგურირებს გაუპატიურების ბრალდებებიც. ასევე, საპროტესტო აქციების დროს 8 ადამიანის გარდაცვალებას პოლიციის მხრიდან ძალის გადაჭარბებას უკავშირებენ.
„რეჟიმი სჯის ხალხს საკუთარ აზრის გამო, მაგრამ ეს არ უშლის მოსახლეობას ხელს, რომ საპროტესტო აქციაზე წავიდნენ“
ციხანუსკაია ამბობს, რომ ეს მონაცემები სრულიად ნათელს ხდის იმას, რომ ყველანაირი სისტემა ბელარუსში მორღვეულია და აღარ მუშაობს. თუმცა, მისი თქმით, დანაშაულები დაუსჯელი მაინც არ დარჩება. მისი და მისი პოლიტიკური მომხრეების მიერ ინიცირებული „დანაშაულების წიგნში“ ყველა ზემოთხსენებული იქნება დაფიქსირებული და აღწერილი. მას შემდეგ კი, რაც ბელარუსში ახალი, დემოკრატიული წესით არჩეული მთავრობა მოვა, ყველა დამნაშავე დაისჯება.
ციხანუსკაია, დამნაშავეების დასჯაში დახმარებას სთხოვს ამერიკის შეერთებულ შტატებსაც. ის სთხოვს ამერიკას, რომ დაიწყოს საერთაშორისო გამოძიება და სანქციები დაუწესოს კანონდამრღვევებს. გარდა ამისა, ის ელოდება, რომ „ბელარუსის დემოკრატიის აქტი“ მნიშვნელოვანი მხარდაჭერა იქნება ბელარუსისთვის.
„ბელარუსის დემოკრატიის, ადამიანის უფლებათა და სუვერენიტეტის აქტი 2020“ კანონპროექტია, რომელიც აშშ-ის სენატში უკვე წარადგინეს. ეს კანონპროექტი „აფართოებს პრეზიდენტის უფლებამოსილებას დააწესოს ბელარუსთან დაკავშირებული სანქციები". კანონპროექტი ასევე აფართოებს უფლებამოსილებას ბელარუსის დახმარების შესახებ“, წერია კონგრესის ოფიციალურ საიტზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.
კანონპროექტი სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტს აქვს გადაცემული განსახილევლად. ის უკვე დაამტკიცა წარმომადგენელთა პალატამ. იმისთვის, რომ ის კანონად იქცეს საჭიროა, რომ ჯერ სენატმა დაამტკიცოს, შემდეგ ორივე პალატა ერთ დოკუმენტზე შეთანხმდეს და ამის შემდეგ მას პრეზიდენტმა ხელი მოაწეროს.
ამ კანონპროექტის კანონად ქცევისა და ამერიკის მხარდაჭერის მნიშვნელობაზე საუბრის დროს ციხანუსკაიამ თქვა: „ვიმედოვნებთ, რომ ეს კანონპროექტი კანონად იქცევა რაც შეიძლება მალე. [ვიმედოვნებთ, რომ] ეს მისცემს ამერიკას იმის ინსპირაციას, რომ იმოქმედოს გადამწყვეტად და სწრაფად იმისთვის, რომ მხარი დაუჭიროს ბელარუსს. ბელარუსის მშვიდობიანი პროტესტი არის გადამწყვეტი მომენტი. ხალხი ყოველ დღე იტანჯება და არსებობს ძალიან დიდი საჭიროება საერთაშორისო საზოგადეობის მხრიდან მხარდაჭერისა“.
ციხანუსკაიას თქმით, როდესაც ეს კანონპროექტი კანონად იქცევა, იქნება ძალიან მნიშვნელოვანი სიგნალი ბელარუსის რეჟიმისა და დანარჩენი მსოფლიოსთვის, რომ „ლუკაშენკოს რეჟიმი არალეგიტიმურია“ და მას არ ცნობენ, არ აღიარებენ.
ვაშინგტონში გამართულ ღონისძებაზე, ციხანუსკაიამ რუსეთის ფაქტორზეც ისაუბრა. რუსეთი აქტიურად უჭერს მხარს ლუკაშენკოს რეჟიმს. ქვეყნის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა, მალევე მიულოცა ლუკაშენკოს გამარჯვება და შეპირდა როგორც მატერიალურ, ისე სამხედრო დახმარებას, თუკი ამის საჭიროება იქნებოდა. ციხანუსკაიამ თქვა, რომ ერთადერთი, რასაც რუსეთისგან მოითხოვენ ისაა, რომ „მხარი არ დაუჭიროს დიქტატორს“. მისი თქმით, რუსეთი ყოველთვის იყო და იქნება ბელარუსის მეზობელი, ამიტომ დიალოგს და მოლაპრაკებებს განიხილავენ, თუმცა, რაც უფრო დიდხანს დუმს მოსკოვი ლუკაშენკოსთან დაკავშირებით, მით მეტად კარგავს ბელარუსი ხალხის ნდობას.
„მინდა გთხოვოთ, რომ ხმამაღლა ისაუბროთ ბელარუსის შესახებ, იმიტომ, რომ ჩვენ ახლა გვჭირდება თქვენი [დასავლეთის] დახმარება. ხალხი ყოველ დღე იტანჯება, ეს ჩვენი ტკივილია და მინდა გთხოვოთ, რომ იმდენი ყურადღება მიაქციოთ ჩვენს ქვეყანას, რამდენიც შეგიძლიათ. შესაძლოა, ცოტა ხანში, ყველაფერი, ძალიან დაგვიანებული იყოს. ასე რომ, გთხოვთ, დარჩით ჩვენთან და ჩვენ გავიმარჯვებთ“, მიმართა ამერიკელ და დასავლელ პარტნიორებს,ღონისძიების ბოლოს სვიატლანა ციხანუსკაიამ.
Facebook Forum