ორგანიზაციამ „საერთაშორისო გამჭვირვალობა“, მსოფლიოში კორუფციის აღქმის ინდექსი გამოაქვეყნა. ანგარიში, რომელიც 180 ქვეყანას და ტერიტორიას მოიცავს, კორუფციის მდგომარეობას სწავლობს საჯარო სექტორში ექსპერტებზე და ბიზნესის წარმომადგენლებზე დაყრდნობით.
ინდექსი 0-დან 100-მდე აფასებს ქვეყანაში კორუფციის მდგომარეობას. მსოფლიოში ქვეყნების ორი-მესამედი 50 ქულის ქვემოთ აღმოჩნდა, რაც გლობალურად, კორუფციის კუთხით არსებულ სირთულეებზე მეტყველებს.
კორუფციის ყველაზე დაბალი დონე დანიასა და ახალ ზელანდიაშია. თითოეული მათგანის მაჩვენებელი 88 ქულაა. მათ ფინეთი, სინგაპური, შვედეთი და შვეიცარია მოსდევს, 85 ქულით. კორუფცია ყველაზე მაღალია სამხრეთ სუდანსა და სომალიში, მათ 12 ქულა აქვთ. შემდეგ მოდის, სირია, იემენი და ვენესუელა. 2012 წლის შემდეგ, ანგარიშის მიხედვით, უკეთესი შედეგი საბერძნეთმა, მიანმარმა და ეკვადორმა აჩვენა. ქულა შეუმცირდა ლიბანს, მალავის და ბოსნია-ჰერცოგოვინას.
ანგარიშის მიხედვით, კორუფციის მდგომარეობა გაუარესდა კოვიდ-19-ის პირობებშიც.
„კორუფცია ძირს უთხრის კოვიდ-19-სა და სხვა კრიზისებზე რეაგირების შესაძლებლობას და ხაზს უსვამს გამჭვირვალობის და ანტიკორუფციული ქმედებების მნიშვნელობას საგანგებო სიტუაციებში“, - აცხადებს ორგანიზაცია.
"საერთაშორისო გამჭვირვალობა" ამბობს, რომ კოვიდ-19-მა გამოაჩინა თუ როგორ ძირგადგმულია კორუფცია სხვადასხვა ქვეყანაში. ორგანიზაციის თქმით, ამის დამადასტურებელი იყო ქრთამები კოვიდ-19-ის ტესტების, მკურნალობის და სხვა სამედიცინო მომსახურების მისაღებად. ანგარიშში ხაზგასმულია ისიც, რომ სისტემატურმა კორუფციამ ჯანდაცვის სფეროსთვის განკუთვნილი ხარჯები შეამცირა და ეკონომიკური დახმარებების გაცემამ კორუფციისთვის ხელსაყრელი დამატებითი ნაპრალები შექმნა.
აღმოსავლეთ ევროპის და ცენტრალური აზიის რეგიონი
აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონზე საუბრისას, საერთაშორისო გამჭვირვალობა ამბობს, რომ პანდემია საბაბად იქნა გამოყენებული დემოკრატიის შესაზღუდად. კოვიდ-19-მა რეგიონში მმართველობის, დემოკრატიის, კორუფციის და სოციალური უკმაყოფილობას პრობლემები კიდევ უფრო წარმოაჩინა, - ნათქვამია ორგანიზაციის ანგარიშში.
„ზოგიერთმა პოლიტიკურმა ლიდერმა გამოიყენა კრიზისის იმისთვის, რომ გაეფართოებინა ძალაუფლება, გაეძლიერებინა ინფორმაციაზე წვდომის შეზღუდვა დამატებითი ზომებით, უგულებელყო სახელმწიფო შესყიდვების გამჭვირვალობის მოთხოვნა და საჯარო ანგარიშვალდებულების მექანიზმები“, - ამბობს „საერთაშორისო გამჭვირვალობა“.
ორგანიზაციის თქმით, კოვიდ-19-ის პანდემია კორუმპირებულმა და ავტორიტარულმა ლიდერებმა მთავრობის ხარჯების კონტროლის და სამოქალაქო უფლებების შესაზღუდად გამოიყენეს.
ორგანიზაცია ასკვნის, რომ ქვეყნები, სადაც კორუფციის მაჩვენებელი მაღალია, შედარებით ცუდად უმკლავდებიან პანდემიას, ვიდრე გამჭვირვალე სახელმწიფოები.
საქართველო
ანგარიშის მიხედვით, საქართველო რჩება რეგიონში ლიდერად (56) კორუფციის აღქმის კუთხით. შემდეგ მოდის სომხეთი (49), ბელარუსი (47). ხოლო ყველაზე ცუდი მაჩვენებელი რეგიონში კორუფციის კუთხით, უზბეკეთს (26), ტაჯიკეთს (25) და თურქმენეთს (19) აქვთ.
საქართველომ წელს ერთი საფეხურით უკან დაიხია. ქვეყანა 56 ქულით ახლა 46-ე ადგილზეა. შედარებისთვის, 2019 წელს საქართველო 57 ქულით, 44-ე ადგილზე იყო. ხოლო 2018 წელს 58 ქულით 41-ე ადგილზე.
"საერთაშორისო გამჭვირვალობა" საქართველოს შესახებ წერს, რომ „ქვეყნის ანტიკორუფციული რეფორმები შეჩერდა პოლიტიკური კრიზისის და სახელმწიფოს მიტაცების ბრალდებების ფონზე“.
„საქართველოს შემთხვევაში არ გვინახავს რეიტინგის მნიშვნელოვანი ცვლილება 2012 წლის შემდეგ“, - წერს ორგანიზაცია. „ქვეყანაში, რომელიც ერთი პერიოდი სახელგანთქმული იყო როგორც რეფორმატორი, თითქმის ათწლეულია რაც ანტიკორუფციული რეფორმები სტაგნაციას განიცდის“, - ნათქვამია ანგარიშში საქართველოს შესახებ.
ანგარიში ასევე საუბრობს საქართველოში სახელმწიფოს მიტაცების ნიშნებზე.
„2019 წელს ჩვენ ვსაუბრობდით, სახელმწიფოს მიტაცებასა და წამყვან ინსტიტუტებზე გავლენის ბოროტად გამოყენების შესახებ, როგორც საქართველოში პოლიტიკური ნდობის მთავარ გამოწვევაზე. ამ წლის შედეგები აჩვენებს, რომ ეს არ გადაჭრილა“ - ნათქვამია ორგანიზაციის ანგარიშში.
ანგარიში ამბობს, რომ კოვიდ-19ის პირობებში საქართველოში საპარლამენტო კონტროლი ძალზედ ლიმიტირებული იყო და რომ სახელმწიფოს მიტაცების პირობებში, "საკანონმდებლო და სასამართლო (ხელისუფლება) კონტროლს ვერ ახორციელებენ აღმასრულებელი შტოს პირისპირ".
„საქართველოს პოლიტიკური სისტემა ხასიათდება ძალაუფლების კონცენტრაციის მაღალი დონით, რადგან ერთ პოლიტიკურ ჯგუფს არაპროპორციული კონტროლი აქვს ყველა წამყვან საჯარო ინსტიტუტზე. ეს დომინანტური ჯგუფი ხშირად ცდილობს ბოროტად გამოიყენოს გავლენა არასამთავრობო აქტორების მიმართაც, მათ შორის - მედიასა და კერძო სექტორზე. ყველაზე აქტიურ სამოქალაქო საზოგადოებრივ ჯგუფებს კლავ თავს ესხმიან მთავრობის დაფინანსებული დეზინფორმაციის კამპანიის გზით“, - ნათქვამია ანგარიშში.
ორგანიზაცია აცხადებს, რომ „მნიშვნელოვანი რეფორმების გატარების პოლიტიკური ნების არარსებობის პირობებში, ვითარება მეორდება, რადგან მმართველ პარტიას რჩება პრივილეგიური წვდომა საჯარო რესურსებზე და პოლიტიკურ კონკურენციას ხელს უშლის მისი აშკარა სურვილი გაცვალოს სამთავრობო კონტრაქტები კამპანიის შემოწირულობებზე“.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა“ ასევე საუბრობს საპროტესტო ტალღაზე და გასული წლის საპარალამენტო არჩევნებზე.
„არსებულმა მდგომარეობამ ბოლო ორ წელში განმეორებით გამოიწვია ქუჩის პროტესტი. პოლიტიკური პოლარიზაცია გაიზარდა და დასრულდა იმით, რომ ოპოზიცია ახალ პარლამენტს ბოიკოტს უცხადებს, 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე გაყალბების ბრალდებების გამო“, - ამბობს ანგარიში.
ანგარიშში საუბარია, იმაზე, რომ საქართველოს კორუფციასთან მებრძოლის სახელის დასაბრუნებლად, რამდენიმე ნაბიჯის გადადგმა სჭირდება. მათ შორის: ანტიკორუფციული დამოუკიდებელი სააგენტოს შექმნა, მაღალი დონის კორუფციის ბრალდებების გამოძიება და მთავრობის მხრიდან პოლიტიკური სურვილის დემონსტრირება „უფრო პლურალისტული და კონკურენტული გარემოს შექმნისათვის".
Facebook Forum