ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ნიუ იორკში 2965 ამომრჩეველი დარეგისტრირდა


საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნებისთვის ნიუ იორკში ორი საარჩევნო უბანი გენერალური საკონსულოს შენობაში და ვაშინგტონშიც გაიხსენება

ხვალ საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნები ტარდება. საქართველოდან უცხოეთის სხვადასხვა ქვეყნებში ემიგრირებულ საქართველოს მოქალაქეებს საკუთარი არჩევანის გაკეთების საშუალება იმ ქვეყნებში შეეძლებათ, სადაც წინასწარი რეგისტრაცია გაიარეს. ნიუ იორკში, სადაც ქართული ემიგრაციის დიდი ნაწილი ცხოვრობს, ნიუ იორკის დროით დილის რვა საათზე ერთდროულად ორი საარჩევნო უბანი გაიხსნება. ამერიკელი ექსპერტები, საარჩევნო მოლოდინი და უცხოეთში მცხოვრები ქართველი ამომრჩევლები ამერიკის ხმის ნიუ იორკის კორესპონდენტის თეა თუაშვილის სიუჟეტში.

წინასაარჩევნო რეგისტრაცია ნიუ იორკში მდებარე საქართველოს გენერალურ საკონსულოში რამდენიმე კვირის წინ დასრულდა. ხვალ, საკუთარი არჩევანის გაკეთების საშუალება საკონსულო აღრიცხვაზე მყოფ 2965 ამომრჩეველს შეეძლება. საქართველოს გენერალური კონსულის დიანა ჟღენტის განცხადებით, შენობაში სადაც საქართველოს გენერალური საკონსულო მდებარეობს, ორი 8-ე და 9-ე საარჩევნო უბნები 27 ოქტომბრის დილის რვა საათიდან გაიხსნება.

დიანა ჟღენტი: საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, ნიუ იორკში გახსნილი არის ორი საარჩევნო უბანი. ეს არის ნომერი რვა და ნომერი ცხრა. საერთო სიაში უკვე მოხვედრილი არის 2965 ამომრჩეველი. აქედან მერვე უბანზე ხმას მისცემს საქართველოს 1004 მოქალაქე, ხოლო მეცხრე საარჩევნო უბანზე 1961 მოქალაქე. საქართველოს კანონის მოთხოვნის შესაბამისად, ნიუ იორკში მყოფი საქართველოს ამომრჩეველთა რაოდენობა მოითხოვდა ორი საარჩევნო უბნის გახსნას.

მესამე საარჩევნო უბანი ვაშინგტონში, საქართველოს საელჩოს შენობაში განთავსდება.

ამერიკაში მყოფი საქართველოს მოქალაქეები, რომელთა ნაწილიც უკვე დიდი ხანია ამერიკის მოქალაქეც არის, ორმაგი მოქალაქეობის პირობებში კანონმდებლობით საქართველოში გამართულ არჩევნებში მონაწილეობის უფლებას ინარჩუნებენ. საქართველოს ისტორიის გათვალისწინებით, საპრეზიდენტო ინსტიტუტის მიმართ ბევრს განსაკუთრებული დამოკიდებულება ისევ აქვს, მიუხედავად იმისა, რომ ახალი კონსტიტუციით, რომელიც ძალაში 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ შევა, პრეზიდენტს უფლებები მნიშვნელოვნად შეეზღუდება. ამერიკის ხმას ემიგრანტი მარინა კუპრეიშვილი ესაუბრება, რომელიც უკვე ათ წელზე მეტია ამერიკაში ცხოვრობს.

მარინა კუპრეიშვილი: ჩემი პრეზიდენტი არის ჩემი პრეზიდენტი, და მე მას მაღალ დონეზე ვაყენებ, იმიტომ რომ ის ჩვენი პრეზიდენტია და ავირჩიეთ ჩვენ. დღეს მინდა, ხვალ არ მინდა - ცოტა არ არის ლამაზი. პაპუასების დონემდე დავდივართ. ერთი პრეზიდენტი მოვკალით, მეორეს ვაგდებთ, მესამეს ალბათ ისევ ჩავკლავთ. ასე არაა, არ არის ეს სწორი გადაწყვეტილება.

საქართველოში მიმდინარე წინასაარჩევნო სიტუაციაზე ამერიკაში საქართველოდან 15 წლის წინ ჩამოსული დამოუკიდებელი ჟურნალისტი, საინფორმაციო სააგენტოს „ბი-ეს -პრესის“ ყოფილი კორესპონდენტი კოტე ბეციაშვილი საუბრობს. ცოტა ხნის წინ ის თბილისში იმყოფებოდა, სადაც სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ და „ ქართული ოცნების“ საარჩევნო შეხვედრებს დაესწრო. ის აღნიშნავს, რომ ორივე შემთხვევაში წინასაარჩევნო ყრილობა წესრიგის დაცვით, ყოველგვარი პროვოკაციის და ექსცესის გარეშე ჩატარდა, რაც აშკარად თვალშისაცემი იყო.

კოტე ბეციაშვილი: ეს არჩევნები რომ გამართულიყო საპარლამენტო არჩევნების მეორე დღეს, არ ჰქონდა მნიშვნელობა კანდიდატი მარგველაშვილი იქნებოდა, თუ სიტყვაზე ვთქვათ ნებისმიერი ობიექტი, თუნდაც შუქნიშანი, აუცილებლად 100%-ით მოიგებდა ივანიშვილის კანდიდატი. მაგრამ დღეს, როცა ცოტა უფრო შეიცვალა სიტუაცია, ჩემი აზრით და ხალხში გაჩნდა უფრო მეტი რეალური მოთხოვნილება მმართველი ხელისუფლების მიმართ, რა თქმა უნდა ძირითადი ბრძოლა რომ გაიმართოს მარგველაშვილსა და ბურჯანაძეს შორის უფრო რეალური და უფრო ობიექტური იქნება ჩემი აზრით.

საქართველოს საკითხზე მომუშავე ამერიკელი ექსპერტების ნაწილი არჩევნების შედეგების პროგნოზირებისგან თავს იკავებს. კოლუმბიის უნივერსიტეტის პროფესორი ალექსანდრ ქული ამბობს, რომ 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების წინასწარმეტყველება შეუძლებელია, რაც კარგი ნიშანი არის.

ალექსანდ ქული: ნამდვილად არ ვიცი რა შედეგით დასრულდება ეს არჩევნები, რაც მართლაც კარგი ამბავია, თქვენი მეზობელი ქვეყნისგან განსხვავებით, სადაც ყველაფერი წინასწარვე ცხადია. თქვენთან ბევრად კონკურენტუნარიანი საარჩევნო გარემოა შექმნილი რაც გულწრფელად პოზიტიური მომენტია.

არჩევნების მეორე ტურის გამართვას არ გამორიცხავს მეორე ექსპერტი, საქართველოს საგარეო საკითხებზე თავისი ანალიტიკური სტატიებით კარგად ცნობილი ლინკოლნ მიტჩელი.

ლინკოლნ მიტჩელი: წინასაარჩევნო სიტუაცია სხვა ჩატარებულ არჩევნებისგან განსხვავებით ბევრად დახვეწილი ჩანს. არ ვიცით, ვინ გაიმარჯვებს, ამომრჩევლები უნდა მივიდნენ საარჩევნო უბნებში და საკუთარი არჩევანი გააკეთონ. მოსალოდნელია რომ გიორგი მარგველაშვილმა მოიგოს, თუმცა არც მეორე ტურს გამოვრიცხავ. მეორე ტურის გამართვის შემთხვევაში, კარგი იქნება თუ ერთმანეთს გიორგი მარგველაშვილი და ნინო ბურჯანაძე დაუპირისპირდება, რადგან მარგველაშვილის უპირატესობა უფრო გამოიკვეთებოდა. თუკი მარგველაშვილმა წააგო არჩევნები, არ გამოვრიცხავ რომ პრემიერ-მინისტრმა თავის პოსტზე დარჩენის ვადა გაიხანგრძლივოს. ბევრი აკრიტიკებდა მას თანამდებობის მალე დატოვების გამო, დარჩენის გამოც გააკრიტიკებენ, თუმცა ასეც ხდება. მაგრამ თუკი გაიმარჯვა დავით ბაქრაძემ, ეს ქვეყნისთვის კარგი იქნება. ის მისაღებია დასავლეთისთვის, აქვს მხარდაჭერა შეერთებულ შტატებშიც. თუმცა გასათვალისწინებელია ისიც რომ საპრეზიდენტო მმართველობა საქართველოში აღარ იქნება ისეთი ძლევამოსილი როგორც ეს ადრე იყო.

საარჩევნო უბნები შეერთებულ შტატებში 27 ოქტომბრის საღამოს რვა საათზე დაიხურება. წინასწარი შედეგები კი რამდენიმე საათში გახდება ცნობილი.

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG