ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მიხეილ სააკაშვილის ბოლო გამოსვლა გაეროში


პრეზიდენტმა სააკაშვილმა ვლადიმერ პუტინი გაეროს ტრიბუნიდან ბელადად მოიხსენია

გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:06:16 0:00
ბმული

გაეროს ტრიბუნაზე მიხეილ სააკაშვილის ბოლო საპრეზიდენტო გამოსვლა - საქართველო რუსეთს შორის ისტორიული პარალელებით, კავკასიის რეგიონისადმი იმპერიის დამოკიდებულების ანალიზით, საქართველოს წინაშე არსებული საფრთხეებით და დასავლური კურსისკენ საქართველოს მიერ გადადგმული წარმატებული ნაბიჯების ჩამოთვლით გამოირჩეოდა. პრეზიდენტ სააკაშვილის მიმართვა მსოფლიო ლიდერებისდამი სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე მყოფი რუსი მესაზღვრეების თვითნებურ ქმედებებს დაემთხვა. პრეზიდენტმა წინასწარვე განაცხადა, რომ მისი ტექსტი ამ ბოლო გამოსვლაზე რუსეთის მიმართ გამორჩეულად გულახდილი და გახსნილი იქნებოდა. დეტალებზე ამერიკის ხმის კორესპონდენტი თეა თუაშვილი მოგვითხრობს.


კოაბიტაცია ამერიკაში, გაეროს სამიტზე საბოლოოდ შედგა. პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გაეროს 68-ე ასამბლეაზე გამოსვლის ტექსტი თავად პრეზიდენტის სურვილით გამოსვლის წინა ღამეს საგარეო საქმეთა მინისტრთან მაია ფანჯიკიძესთან გადაიგზავნა იმ პირობით, რომ შინაარსი პრეზიდენტის გამოსვლამდე არ უნდა გახმაურებულიყო. საგარეო საქმეთა მინისტრმა სიტყვა შეინახა. ეს იყო პირველი შემთხვევა როდესაც გაეროში პრეზიდენტის გამოსვლის ტექსტის დეტალები წინასწარ არ იყო ცნობილი. ამ თემაზე კომენტარი მაია ფანჯიკიძემ პრეზიდენტის გამოსვლამდე გააკეთა.


მაია ფანჯიკიძე : მე მქონდა გარკვეული კონსულტაციები ამის თაობაზე მის გუნდთან. ჯერჯერობით ამაზე მეტს ვერ გეტყვით, რადგან გამოკვეთილი თხოვნა არის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მხრიდან, რომ რადგან ეს არის პროექტი და არა უკვე საბოლოოდ ჩამოყალიბებული სიტყვა, მასზე კომენტარი არ გაკეთდეს.


მიხეილ სააკაშვილი გაეროს ტრიბუნაზე ნიუ იორკის დროით საღამოს 6 საათისთვის ავიდა. რუსეთის დელეგაცია იმ დროს დარბაზში იმყოფებოდა. პრეზიდენტის თხუთმეტწუთიანი სიტყვის ძირითადი ნაწილი სწორედ რუსეთის ინტერესებს საქართველოში, და მთლიანად კავკასიის რეგიონში შეეხებოდა. რუსეთის დელეგაციას ისტორიული პარალელების გავლების დროს რეაქცია არ ჰქონია, თუმცა მათი მოთმინების კულმინაცია მაშინ იყო, როდესაც მიხეილ სააკაშვილმა პრეზიდენტი პუტინი ბელადად მოიხსენია.


ანდრო ბარნოვი: რუსეთის დელეგაციამ დარბაზი დატოვა არა მაშინ, როდესაც პრეზიდენტი საუბრობდა იმ პოლიტიკის შესახებ რომელსაც რუსეთი ატარებს, არამედ როდესაც მან ისაუბრა პირადად ვლადიმერ პუტინის შესახებ და რუსეთის დელეგაციამ ამ გასვლით პრაქტიკულად დაადასტურა ის, რასაც პრეზიდენტი საუბრობდა, რომ იქ მთავარია ბელადი და ეს ბელადომანია არის ის, რაც დღეს ღუპავს არამარტო რუსეთს, არამედ მთელს რეგიონს, და მე ვისურვებდი რომ ძალიან ყურადღებით მოისმინოს ეს გამოსვლა იმ ზოგიერთმა ჩვენმა მინისტრმა და პოლიტიკოსმა, რათა არ უნდა წამოვეგოთ იმ პროვოკაციაზე როცა დაახლოვება ხდება რუსეთთან.


თინა ბოკუჩავა: ევრაზიული კავშირი, ეს არის კავშირი რომელსაც სურს ხელი შეუშალოს ჩვენი რეგიონის ევროპისკენ სწრაფვას, რეალურად, რასაც სამწუხაროდ ჩვენი მთავრობა და პრემიერ-მინისტრის სიტყვები ხანდახან ეთანხმება ხოლმე. რა თქმა უნდა პრეზიდენტს ამაზე დღეს აქცენტი არ გაუკეთებია. ის არ საუბრობდა არანაირ შიდა დაპირისპირებაზე. იგი საუბრობდა იმაზე, რომ ჩვენ უნდა გავაგრძელოთ წინსვლა ევროპისკენ.


სიმართლე რუსეთის და რუსეთის მანიპულაციების შესახებ, სიმართლე რეგიონზე - ასე ასათაურებს მიხეილ სააკაშვილის ბოლო საპრეზიდენტო გამოსვლას გაეროს წინაშე ქართული დელეგაცია. ცხრა წლის წინ, როდესაც საქართველოს ახლადარჩეული პრეზიდენტი გაეროს წინაშე პირველად გამოვიდა მთავარი თემა რუსეთ-საქართველოს ურთიერთობები იყო. სიტუაცია კიდევ უფრო დამძიმდა 2013 წლის გამოსვლაში. ოკუპირებულ ტერიტორიაზე რუსი მესაზღვრეები სადემარკაციო ხაზს თვითნებურად წევენ, მავთულხლართებს აგებენ, თხრიან თხრილებს, ადგილობრივ მოსახლეობას ბაღ-ბოსტნებში მოსავლის აღების საშუალებას არ აძლევენ. გაეროში კი 192 ქვეყნის ლიდერი იკრიბება. მათ შორის არის სერგეი ლავროვიც, რომელიც ამ თემაზე კომენტარს არ აკეთებს. კიდევ ერთი მცდელობა ამერიკის ხმას ბან კი მუნთან და შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანთან ჯონ კერისთან საერთო ფოტოს გადაღების შემდეგ, სადილის წინ ჰქონდა.


კითხვაზე როგორია ნატოს გენერალური მდივნის პოზიცია რუსეთის მესაზღვრეების ბოლოდროინდელ ქმედებებზე საქართველოს ტერიტორიაზე ანდერს ფოგ რასმუსენი პასუხობს.


ანდერს ფოგ რასმუსენი: როგორც იცით ჩვენ ძალიან ნათელი პოზიცია გვაქვს საქართველოსთან დაკავშირებით. ჩვენ მოვითხოვთ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის სრულ დაცვას პატივისცემას. არაღიარებითი პოლიტიკის გაგრძელებას, როცა ეს სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის საკითხს ეხება. რუსეთს მოვუწოდებთ საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით იმოქმედოს და შესაბამისი ნაბიჯები და საერთაშორისო ვალდებულებების მიხედვით გადადგას.


ოქტომბერში საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნები იმართება. საქართველოსთვის მნიშვნელოვანია 28-29 ნოემბერს ვილნიუსში დაგეგმილი ევროკავშირის სამიტიც, სადაც საქართველოსთან, სომხეთთან და მოლოდვასთან ასოცირების შეთანხმების პარაფირება მოხდება. პოლონეთი, რომელიც ამ შეთანხმებას უჭერს მხარს, არ იზიარებს განცხადებას საქართველოს ევრაზიულ კავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით.


რადოსლავ სიკორსკი: არც პოლონეთი და არც ევროაკავშირი არ არის ოკუპაციის მომხრე, არამედ მხარს ვუჭერთ საქართველოს ინტეგრაციას და ტერიტორიულ მთლიანობას. შემაშფოთებელია სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის საზღვრებზე არსებული მდგომარეობა. იმედია ახალი პრემიერი მოაგვარებს რუსთთან პრობლემებს. ევრკავშირის სურს, რომ თქვენთვის უკეთესი მდგომარეობა შექმნას, და არ ვფიქრობთ, რომ თქვენი გაწევრიანების საკითხი მესამე ქვეყანის სურვილზე იქნება დამოკიდებული. თავიდან ევროკავშირთან ინიცირების ხელშეკრულებას, ხოლო შემდეგ ასოცირებულ ხელშეკრულებას მოვაწერთ ხელს. წინა ხელისუფლებამ ბევრი გააკეთა მოდერნიზაციისთვის. იმედი გვაქვს ახალი ხელისუფლებაც მიაღწევს წარმატებებს ნოემბერში ვილნიუსის სამიტზე. ევრაზიულ კავშირთან დაკავშირებით მე ივანიშვილს რიგაში ვესაუბრე რამდენიმე კვირის წინ. ის ბიზნესმენია და ამ კავშირსაც ამ ჭრილში განიხილავს. თუმცა მეეჭვება, რომ ხალხს ნატოში შესვლა არ უნდოდეს.


ვილნიუსის სამიტზე მხარდაჭერა საქართველოს რუმინეთისგანაც ექნება.


მაია ფანჯიკიძე: ჩვენი საგარეო პოლიტიკური კურის არის აბსოლუტურად გასაგები. ევროპელმა პარტნიორებმა იციან, რომ ჩვენი მზიანი არის ვილნიუსი და ამ სამიტზე საქართველოს ასოცირების ხელშეკრულების პარაფირება. მე დღესაც მქონდა შეხვედრა ევროპელ პარტნიორთან, და რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მითხრა, რომ მთლიანად ასი პროცენტით უჭერს მხარს საქართველოს ევროპულ ინტეგრაციას.


პრეზიდენტ სააკაშვილის ვიზიტი შეერთებულ შტატებში გრძელდება. გაეროს სამიტის შემდეგ მან ამერიკის ყოფილი პრეზიდენტის ბილ ქლინთონის ინიციატივით გამართულ მიღებაში მიიღო მონაწილეობა. შაბათს მიხელ სააკაშვილი ვაშინგტონში ჩადის.
XS
SM
MD
LG