ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რატომ თვლიან სააკაშვილს „პროფესიონალ მატყუარად“


ინტერვიუ პროფესორ ჯონ მაკდონალდთან. 40-წლიანი გამოცდილების მქონე დიპლომატი საქართველოს მომავალს ოპტიმისტურად უყურებს

თუ შეიძლება, მოგვიყევით თქვენ მიერ სამხრეთ კავკასიისთვის შემუშავებული სამშვიდობო პროექტის შესახებ.

ჩემთვის დიდი პატივია ამერიკის ხმის მოწვევა. უპირველეს ყოვლისა უნდა გითხრათ, რომ უღრმეს პატივს ვცემ თქვენს მაუწყებლობას იმ დიდი წვლილისთვის, რომელიც მან მთელ მსოფლიოში მშვიდობის განმტკიცებაში შეიტანა.

საქართველოთი 1991 წელს დავინტერესდი, როცა პროფესორ დაიმონდთან ერთად გამოვეცი წიგნი მრავალარხიანი დიპლომატიის შესახებ. იმავე პერიოდში ჩვენ მიერ დაარსებული მრავალარხიანი დიპლომატიის ინსტიტუტი საქართველოსთან მუდმივად თანამშრომლობდა. ჩვენი ინტერესები ძირითადად კონცენტრირებული იყო კონფლიქტურ რეგიონებში მშვიდობის დამყარების პრობლემებზე.

სამხრეთ კავკასიის სამშვიდობო გეგმით და კერძოდ, აფხაზეთში სამშვიდობო ზონის შექმნით, დაინტერესდა მაშინდელი პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე. ამ თემაზე ინტენსიური მუშაობა დავიწყეთ, მაგრამ სულ რამდენიმე თვეში ხელისუფლებაში მიხეილ სააკაშვილი მოვიდა, რომელმაც პროცესი მაშინათვე შეაჩერა.

გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:00:00 0:00
ბმული


როგორ წარმოგიდგენიათ რეალურად სამშვიდობო ზონა აფხაზეთში?

იდეა რა თქმა უნდა იმაში მდგომარეობდა, რომ ორი მხარე, რომელიც ერთმანეთთან არ ურთიერთობს, როგორმე დაგვეკავშირებინა. დიპლომატიაში 40-წლიანი მოღვაწეობის შემდეგ, შემიძლია ვთქვა, რომ პირისპირ საუბარი კონფლიქტის მოგვარების უმთავრესი გზაა. თვალსაჩინოებისთვის გეტყვით, რომ ერთ-ერთი იდეა ითვალისწინებდა სასაზღვრო რეგიონში სახლების აშენებას, სადაც აფხაზები და ქართველები ერთად იცხოვრებდნენ. ისინი რაიმე მომგებიანი, მაგალითად თევზის ბიზნესით უნდა დაგვეკავშირებინა. მოგების საერთო ინტერესებით ორი მხარე ერთმანეთთან საერთო ენასაც გამონახავდა და ეს სახალხო დიპლომატიის დასაწყისი იქნებოდა.

რამდენად სწორად მიგაჩნიათ საქართველოს რკინიგზის აფხაზეთის მონაკვეთის აღდგენის იდეა, რომელიც სასომხეთს უკრაინასთან და სხვა ქვეყნებთან დააკავშირებს?

ეს აუცილებელია. თქვენ იცით, რომ პრემიერ-მინისტრ ივანიშვილს რკინიგზის ინჟინრის დიპლომი აქვს და ამ საკითხში ბევრი რამ გაეგება. დიდებული იდეაა! რკინიგზა ხომ ხალხს ერთმანეთთან აკავშირებს. მე თვითონ მაქვს ამის გამოცდილება, სამოციან წლებში ამერიკის წარმომადგენლად თურქეთში, პაკისტანში და ირანში ვმუშაობდი. ანკარას და თეირანს შორის მაშინ სარკინიგზო მაგისტრალი გავიყვანეთ, რომელიც დღემდე მუშაობს. სხვადასხვა ქვეყნებს საერთო ენის და ინტერესების გამონახვაში ეს საქმე უთუოდ წაადგება.

რაკი პრემიერზე ჩამოვარდა საუბარი, როგორ შეაფასებდით მის ვიზიტებს საქართველოს უახლოეს მეზობლებთან აზერბაიჯანში, სასომხეთსა და თურქეთში?

პრემიერი პირველი სახელმწიფო მეთაურია, რომელმაც მოღვაწეობა მეზობელ ქვეყნებში, უპირველეს ყოფლისა, აზერბაიჯანში და სასომხეთში ვიზიტით დაიწყო. ეს კარგი ნიშანია. ამასთან ერთად უმაღლესი დონის შეხვედრებმა დიდი წარმატებით ჩაიარა. მხარეებმა სხვა თემებთან ერთად ეკონომიკურ ურთიერთთანამშრომლობაზე და სამხრეთ კავკასიაში სამშვიდობო პროცესების განმტკიცებაზე ისაუბრეს. მეზობლებთან, რომელთანაც ისტორიული ფესვები გაკავშირებს, ურთიერთობის განმტკიცებას კრიტიკული მნიშვნელობა აქვს. მე ახლახან ბატონ ივანიშვილს წერილი მივწერე, რომელშიც ვუთხარი, რომ ახლა უკვე დროა ის შეერთებულ შტატებში გვეწვიოს.

იმავე წერილში თქვენ მოუწონეთ პრემიერს ბიბისისთვის მიცემული ინტერვიუ და კერძოდ, ფრაზა, რომელშიც ივანიშვილი პრეზიდენტ სააკაშვილს „პროფესიონალ მატყუარას“ უწოდებს. რატომ?

ეს მან თქვა, მე კი არა. საქმე იმაშია, რომ სააკაშვილი ჩამოდის შეერთებულ შტატებში, დიდებულ მოხსენებებს აკეთებს და უამრავ დაპირებას იძლევა, რომელთაც სამშობლოში დაბრუნების შემდეგ აღარ ასრულებს. შესაბამისად, მან არჩევნები წააგო. მინდა გითხრათ, რომ ბიბისიზე სახალხოდ ამ განცხადების გაკეთება თავისთავად დიდი ვაჟკაცობაა.

რა აზრის ხართ ახალ ადმინისტრაციაზე და პირადად ახალ პრემიერ-მინისტრზე მათი პირველი ნაბიჯებიდან გამომდინარე?

ძალიან ოპტიმისტურად ვუყურებ. ახლანდელ პრეზიდენტს ოქტომბერში ვადა რომ ამოეწურება, დარწმუნებული ვარ ახალი პრეზიდენტი უკვე უმრავლესობიდან იქნება. პროცესები, რომელიც ახლა დუღს, დაცხრება და ყველაფერი თავის კალაპოტში ჩადგება. რაც ყველაზე მთავარია, საქართველოს ახალი მთავრობა ნატოში და ევროკავშირში გაწევრიანების კურსს აგრძელებს. მომავალი საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ეს პროცესებიც აჩქარდება. ამიტომ მომავალს ძალზე ოპტიმისტურად ვუყურებ.
XS
SM
MD
LG