ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

„საქართველო უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე როდესმე“


ვაშინგტონში გაიმართა სემინარი თემაზე: ამერიკის პოლიტიკა საქართველოს მიმართ - მიმდინარე საკითხები და მომავლის პრიორიტეტები

გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:00:00 0:00
ბმული

მცირეხნიანი საშობაო შესვენების შემდეგ ვაშინგტონის პოლიტიკურ წრეებში საქართველოს თემაზე საუბრები ისევ განახლდა. მორიგი ღონისძიება 5 თებერვალს ამერიკის უნივერსიტეტის საერთაშორისო სწავლებათა ფაკულტეტზე გაიმართა და მას შავი და კასპიის ზღვების რეგიონის კვლევითი ცენტრის დირექტორი, პროფესორი მამუკა წერეთელი მასპინძლობდა.

მთავარი მომხსენებელი შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მეორე მოადგილე ევროპის და ევრაზიის საკითხებში, ერიკ რუბინი გახლდათ.

„საქართველო მნიშვნელოვანია. საქართველო ახლა კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე როდესმე ყოფილა... უახლესი მოვლენების შემდეგ მისი მნიშვნელობა შეერთებული შტატებისთვის, მეზობელი სახელმწიფოების, რეგიონის, თუ ზოგადად მსოფლიო დემოკრატიის განვითარებისთვის, არათუ არ შემცირდა, არამედ, მიმაჩნია, რომ გაიზარდა კიდეც“ - ასე დაიწყო გამოსვლა სახელმწიფო მდივნის მეორე მოადგილემ და მოხსენების პირველივე ნაწილში ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამერიკის მიერ ნაკისრი ვალდებულებულებები საქართველოს და ქართველი ხალხის მიმართ, რომელიც ნატოში და ევროსტრუქტურებში ინტეგრაციის მაქსიმალურ ხელშეწყობას ითვალისწინებს, უკანასკნელ ხანს კიდევ უფრო განმტკიცდა და ამასთან დაკავშირებით დემოკრატების, თუ რესპუბლიკელების პოლიტიკა აბსოლუტურად იდენტურია.



ერიკ რუბინმა საქართველოსთან ურთიერთობა დამოუკიდებლობის მოპოვების პირველი დღეებიდან, ჯერ კიდევ დისიდენტური მთავრობის პერიოდში დაიწყო, როცა თბილისში ამერიკის პირველი დიპლომატიური სამსახურის დაარსებაში მიიღო მონაწილეობა. მას შემდეგ ბევრი რამ გამოვიარე საქართველოსთან ერთად, „2008 წლის აგვისტოში მოსკოვში ვმუშაობდი და ომის კადრებიც ჯერ კიდევ ცოცხალია ჩემს მეხსიერებაში“ - აღნიშნა მან.

შეაჯამა რა ქვეყნის მიღწევები ბოლო 22 წლის მანძილზე, ერიკ რუბინმა საქართველოს ყოფილი საბჭოთა კავშირის რესპუბლიკებიდან ბალტიისპირეთის გამოკლებით, დემოკრატიის განვითარების, გამოხატვის თავისუფლების, პრესის თავისუფლების საქმეში ყველაზე წარმატებული ქვეყანა უწოდა. და ამის საუკეთესო დადასტურება ბოლო საპარლამენტო არჩევნები გახდა, რომელიც იყო უმეტესწილად თავისუფალი და სამართლიანი - აღნიშნა სახელმწიფო მდივნის მეორე მოადგილემ. მას შემდეგ დამდგარი გარდამავალი ეტაპი მართალია არც ისე ხავერდოვანია, როგორც ეს სასურველი იყო, მაგრამ მიმაჩნია, რომ ორი აღმასრულებელი ხელისუფლების თანაარსებობა, ე.წ. კოჰაბიტაცია მაინც წარმატებით მიმდინარეობს. ეს კი ჩრდილო-ატლანტიკურ და ევროპულ სტრუქტურებში ინტეგრაციის მთავარი წინაპირობაა, განაცხადა ერიკ რუბინმა.

დელიკატური ბალანსის დაცვა აუცილებელია და ის უმრავლესობის და უმცირესობის ლიდერებმა ერთად უნდა იპოვონ.

ამერიკის ხმის შეკითხვაზე, თუ როგორ უნდა მოხდეს დაბალანსება მთავრობის მიერ ერთის მხრივ - ქართველ ამომრჩეველთა დაკვეთის მაღალი პროფილის კორუმპირებულ თანამდებობის პირთა სამართლებრივი პასუხისმგებლობის შესახებ და მეორეს მხრივ - დასავლეთის მიერ პროცესების პოლიტიკურ დევნად შეფასებას და ამის გამო ერთგვარ ზეწოლასთან, ერიკ რუბინმა გვიპასუხა:

ჩვენ თავიდანვე ავღნიშნეთ, რომ ამოსავალი პრინციპი უნდა იყოს კანონის უზენაესობის პატივისცემა. შემდეგ, აუცილებელია პროცესების გამჭვირვალობა, რათა გამოძიების და სასამართლო პროცესის შემთხვევაში გამოიკვეთოს, რომ ეს არ არის პოლიტიკური დევნა და შურისძიება... მთავრობამ ისიც უნდა გაითავისოს, რომ საქართველოს უმთავრესი მიზანი სტაბილური, დემოკრატიული სახელმწიფოს აშენებაა, რომელშიც კანონის უზენაესობა და მოქალაქეთა უფლებები გარანტირებულია. როგორც თავად აღნიშნეთ, დელიკატური ბალანსის დაცვა აუცილებელია და ის უმრავლესობის და უმცირესობის ლიდერებმა ერთად უნდა იპოვონ. თუმცა, იმასაც ვიტყვი, რომ პროგრესი სახეზეა და ჩვენ მისი გაგრძელების დიდი იმედი გვაქვს“.

პროფესორ წერეთელს კითხვა ევროსტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხზე დავუსვით. იმის გათვალისწინებით, რომ თურქეთი ევროკავშირში გაწევრიანებას უკვე 20 წელიწადია წარუმატებლად ცდილობს, რა პერსპექტივა შეიძლება ჰქონდეს საქართველოს, რომელმაც პროცესი შედარებით გვიან დაიწყო ?

ევროკავშირში გაწევრიანება არის გრძელი პროცესი. მაგრამ ის აბსოლუტურად რეალისტურია. გაცილებით უფრო რეალისტურია ის საქართველოსთვის, ალბათ, ვიდრე თურქეთისთვის. აქ მარტო ეკონომიკის სიდიდეში როდია საქმე და მის მნიშვნელობაში, ვთქვათ, ევროპისთვის, როგორც თურქეთის შემთხვევაშია. თურქეთს დიდი მოსახლეობა ჰყავს და თქვენ იცით, რამდენი მიზეზით არის ეს მათთვის გართულებული. საქართველომ რეალურად, აქტიურად ეს პროცესი სულ რამდენიმე, ალბათ ორი წელია, რაც დაიწყო. მანამდე იყო საუბარი, მაგრამ არა აქტიური, პროაქტიური პოზიცია ამ მიმართულებით. პრაქტიკულად ამ საკითხის გააქტიურება მოხდა ომის შემდეგ და ძირითადად ბოლო 2 წლის განმავლობაში დაწინაურდა, განსაკუთრებით თავისუფალი ვაჭრობის მიმართულებით და სხვა ნაბიჯების გადადგმის შემდეგ. რეალურად, ჩვენ ახლა ვიწყებთ სერიოზულად მუშაობას ამ საქმეზე“ - განაცხადა მამუკა წერეთელმა.

შეხვედრის დასასრულს მომხსენებლებმა დამსწრეთა მრავალრიცხოვან შეკითხვებს უპასუხეს. სემინარს უნივერსიტეტის პროფესორებთან და სტუდენტებთან ერთად სხვადასხვა ქვეყნის დიპლომატიური კორპუსების, სახელმწიფო დეპარტამენტის, ევროკავშირის დელეგაციის და მედიის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.
XS
SM
MD
LG