ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ინტერვიუ სიუზან კორკთან


საქართველო ნახევრად თავისუფალი ქვეყნების სიაში რჩება, აცხადებს "ფრიდომ ჰაუზის" ევრაზიის პროგრამების დირექტორი.

ამერიკის ხმა: საქართველო ნახევრად თავისუფალი ქვეყნების სიაში რჩება, თუმცა წელს თქვენი ორგანიზაცია მას საარჩევნო დემოკრატიად აფასებს საპარლამენტო არჩევნების შემდეგ დამდგარი შედეგებისა და რეალობის მშვიდობიანი აღიარების გამო. და მაინც, საარჩევნო პროცესებს კოჰაბიტაციად წოდებული ეტაპი მოჰყვა, რეალურად კი პროცესს ნაკლებად შეიძლება „თანაცხოვრება“ ეწოდოს. როგორ შეაფასებდით შექმნილ ვითარებას, რას იტყვით პოლიტიკური კულტურის გახსნილობის შესახებაც?

სიუზან კორკი: „ანგარიშში ჩვენ საქართველოში საპარლამენტო არჩევნების კონკურენტუნარიანობა და ფუნდამენტური თავისუფლებების ღირსეულად დაცვა შევაქეთ. ეს პროგრესი იყო ევრაზიიის რეგიონში და საქართველო მეოთხე ადგილიდან მესამე ადგილზე მოხვდა.
არჩევნები ხელისუფლების დემოკრატიული და მშვიდობიანი გადაბარების გამო მოხდა. თუმცა არჩევნების შემდეგ, ასევე დავაფიქსირეთ ნეგატიური პროცესები, რომლებსაც ისტორიული მნიშვნელობის ცვლილებები შესაძლოა უკან, პოლიტიზირებულ გარემოში დაებრუნებინა. ასევე ვგულისხმობ ყოფილი ხელისუფლების მაღალი თანამდებობების პირების წინააღმდეგ გატარებულ ნაბიჯებს. ამ ეტაპზე საქართველოს მიმართ დაკვირვებას ისევ ვაწარმოებთ.“

ამერიკის ხმა: დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარება „ფრიდომ ჰაუზს“ მნიშვნელოვან ამოცანად მიაჩნია საქართველოს ახალი ხელისუფლებისთვის. თქვენ საუბრობთ მონაპოვრის კონსოლიდაციაზეც. რა გამოწვევები გესახებათ ამ დარგში და რა იქნება თქვენი რჩევა პოლიტიკოსებითვის?

სიუზან კორკი: „დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარება საქართველოსთვის ყველაზე მნიშვნელოვანი გამოწვევაა. დემოკრატიული პროცესების განმტკიცების დარგში არსებული პრობლემები, ამასთან, ადამიანების მიერ კანონის უზენაესობაში რწმენის ნაკლებობა, და მედიის თავისუფლების პრობლემა იყო ის რაზეც ჩვენ აქამდეც გამოგვითქვამს შეშფოთება. შესაბამისად, ამ საკითხებზე ყურადღების გამახვილება კვლავაც დიდი მნიშვნელობის არის.„

ამერიკის ხმა: რა რეაქცია გქონდათ პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებასა და მასობრივ ამნისტიაზე, რომელიც პრეზიდენტმა და მმართველმა გუნდმა მსჯავრდებულებს მიანიჭეს? მოსახლეობა ამ საკითხში ცოტა არ იყოს გაორებულია.

სიუზან კორკი: „მე ამ პროცესებს ცალსახად დადებით შეფასებას ვერ მივცემდი. „ქართული ოცნების“ „ხელისუფლებაში მოსვლას ხელი იმ გარემოებამაც შეუწყო, რომ ადამიანები მწვავედ აღიქვამდნენ კორუფციისა და ხელისუფლების ბოროტად გამოყენების შემთხვევებს. ამ კონტექსტში, ახალმა ხელისუფლებამ უნდა აჩვენოს, რომ კანონის უზენაესობას თვითონაც იცავს. მნიშვნელოვანია ისიც, რომ საზოგადოებამ სახელმწიფო ინსტიტუციების გამოყენება პოლიტიკური შურისძიების მექანიზმად არ მიიჩნიოს.“

მერიკის ხმა: პოლიტიკური და სამოქალაქო თავისუფლებების ჩამონათვალში, რომელ სფეროსს უნდა დაუთმოს ყურადღება საქართველომ-შეკრების თავისუფლებას, გამოხატვის უფლებების დაცვას, თუ უმცირესობების საკითხებს? რა ტენდენციებს გამოჰყოფდით ამ მიმართულებით, რელიგიური თავისუფლებისა და სექსუალური უმცირესობების უფლებების დაცვის მხრივ ბოლო პერიოდში მომხდარი მოვლენების გათვალისწინებით?

სიუზან კორკი: „ახალი მთავრობისა და კოალიციის რიგებში მოსული პოლიტიკოსებისთვის, გამოწვევა და უმთავრესი ამოცანაა ინკლუზიური მთავრობის ჩამოყალიბება, რომელიც წინააღმდეგობებით აღსავსე პოლიტიკას არ წარმოშობს. ჯერჯერობით ვერ ვხედავთ ქვეყნის გამთლიანებისთვგის განხორციელებულ ძალისხმევას. აქ ვგულისხმობთ რელიგიური თავისუფლების ან უმცირესობების დაცვის კუთხით არსებულ მდგომარეობას. ასეთი პოლიტიკის გატარება ელექტორატის ნდობას და საარჩევნოდ გაკეთებულ დაპირებებს გაამართლებდა და ქვეყანაში სტაბილური მართველობის სტიმულიც იქნებოდა.“

ამერიკის ხმა: რუსეთში, რა იწვევს თქვენს ყველაზე დიდ შეშფოთებას უფლებების დაცვის სფეროში? კონკრეტულად, რით ხსნით ამ ქვეყნის გაუარესებულ პოზიციას თქვენს ბოლო შეფასებაში?

სიუზან კორკი: „რუსეთს ბოლო წლის განმავლობაში, მას შემდეგ რაც ვლადიმირ პუტინი ხელახლა მოვიდა ხელისუფლების სათავეში, საგრძნობი გაუარესება აღენიშნებოდა უფლებებიც დაცვის სფეროში. გასაოცარია, თუ რამდენად სწრაფად და გამიზნულად მოახდინა მთავრობამ უფლებებისა და თავისუფლებების შეზღუდვა მთელ რიგ სფეროებში, დააწესა რა მკაცრი ჯარიმები სახალხო დემონსტრაციებზე, აკრძალა უცხოური ორგანიზაციების მოღვაწეობა, გააფართოვა სახელმწიფოს ღალატის ცნების დეფინიცია, და კიდევ უფრო აქტიურად შეუტია ოპოზიციის წარმომადგენლებსა და აქტივისტებს. ამ მოვლენებმა ქვეყანა ძალიან უცბად, თუმცა არა მოულოდნლეად, ფუნდამენტური უფლებების დაცვის სფეროში ძალიან ცუდ მდგომარეობაში მოაქცია.„

ამერიკის ხმა: სამხრეთ კავკასიის ორ ქვეყანაზე რას გვეტყვით? როგორია მდგომარეობა სომხეთში, საპრეზიდენტო არჩევნების წინ, და ასევე რა დატვირთვა აქვს აზერბაიჯანში მთავრობასა და ოპოზიციას შორის ბოლო პერიოდში განვითარებულ პროცესებს?

სიუზან კორკი: „სომხეთში ჩვენ ზომიერი პოზიტიური პროგრესი დავაფიქსირეთ, განსაკუთრებით კი საპარლამენტო არჩევნების შემდეგ. ამ სიტუაციამ დააბალანსა 2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ განვითარებული რთული პოლიტიკური რეალობა. აზერბაიჯანში შექმნილი მდგომარეობა ჩვენს ინტერესს და შეშფოთებას, რუსეთის მსგავსად, კვლავაც იწვევბს. ამ ორი ქვეყნის დაკვირვებას ჩვენს შემდგომ ანგარიშებში გავაგრძელებთ, მედიის, გარდამავალი ქვეყნებისთვის დამახასიათებელი თავისებურებებისა და ინტერნეტ სივრცეში დაწესებული აკრძალვების გაშუქების რაკურსში.“
XS
SM
MD
LG