თითქმის შვიდწლიანი პაუზის შემდეგ, საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს დელეგაცია რუსეთის დედაქალაქში ოფიციალური შეხვედრების გასამართად ემზადება. მოსკოვში პასუხი უნდა გაეცეს ერთადერთ შეკითხვას – როდის დაუბრუნდება ქართული ღვინო, მინერალური წყლები და სოფლის მეურნეობის პროდუქცია რუსეთის ბაზარს?! როდის გაუქმდება „პოლიტიკური ემბარგო“, რომელიც რუსეთის ფედერაციამ 2006 წელს შემოიღო.
საქართველოში ხელისუფლების შეცვლის შემდეგ, ჯერ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა, შემდეგ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ღიად მიანიშნეს, რომ სავაჭრო ემბარგო საქართველოსთან უახლოეს მომავალში გადაიხედებოდა.
რუსეთის მომხმარებელთა უფლებების დაცვისა და ადამიანის კეთილდღეობაზე ზედამხედველობის ფედერალური სამსახურის სკანდალურად ცნობილმა უფროსმა გენადი ონიშენკომ ღიად მოუწოდა საქართველოს ოფიციალურ სტრუქტურებს ჩაერთონ მოლაპარაკებაში და მოსკოვში 20 იანვრამდე ჩავიდნენ.
სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით კირვალიძე ამბობს, რომ ქართული მხარე ამ მოწოდებას ოპერატიულად გამოეხმაურა:
„ჩვენი ურთიერთობა რუსეთთან დგას ისეთ დონეზე, როდესაც ასეთი პირდაპირი კონტაქტი და დიალოგი არ არსებობს. და ამაში ქართული მხარე დამნაშავე არ არის. არსებობს არხი - პრემიერ მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი ზურაბ აბაშიძე, რომელის მეშვეობითაც ეს დიალოგი მიმდინარეობს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე კარასინთან.
გაგზავნილია უკვე წერილი, დელეგაციის წევრების დასახელებით, ეს არის პასუხი მათ განცხადებებზე, რომ ემბარგო მოიხსნება. აი, კონკრეტული დელეგაციია, რომელიც მზად არის ჩავიდეს მოსკოვში.
აქ იქნება ღვინის სააგენტოს ხელმძღვანელი, აქ იქნება ბიზნესის მხარეც, ღვინის ასოციაციის თავჯდომარე და სამეთვალყურეო საბჭოს ხელმძღვანელი;
აქ იქნება აუცილებლად ფიტო-სანიტარული კარანტინის ხელმძღვანელი და იქნება ხილისა და ბოსტნეულის ექსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელი. ვინაიდან აქ საუბარი მარტო ღვინოზე არ არის. საუბარი მიდის ყველაფერზე, ებმარგოს დასრულებაზე, რუსეთის მიერ იმ ვალდებულების შესრულებაზე, რაც მათ მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანებით აიღეს.
რამდენადაც მალე გვიპასუხებენ და ხელს შეუწყობენ რომ დელეგაციის წევრებმა ვიზები აიღო, იმდენად მალე გავემგავრებით. დღე ჩვენ ველოდებით კონკრეტულ პასუხს კონკრეტულ წერილზე, რომელიც ადრესატს უკვე ჩაბარდა.“
2006 წლის გაზაფხულამდე, როცა მოსკოვმა რუსეთში ქართული პროდუქციის შეტანა აკრძალა, ქართული მინელარული წყლების „ბორჯომისა“ და „ნაბეღლავის" ექსპორტის თითქმის 65 პროცენტი რუსეთზე მოდიოდა;
სავაჭრო ემბარგოსთან ერთად, 2006 წელს რუსეთმა ასევე დაიწყო საქართველოს სატრანსპორტო ბლოკადა, რამაც მძიმე დარტყმა მიაყენა, ათწლეულების მანძილზე რუსეთის ბაზარზე ორიენტირებულ საქართველოს სოფლის მეურნეობის სხვა მნიშვნელოვან დარგებსაც, მათ შორის, მეციტრუსეობას, მეჩაიეობასა და მეხილეობას.
ყველაზე მძიმე ზარალი მაინც ღვინის მწარმოებლებმა ნახეს. 2006 წლამდე ქართულ ღვინოს რუსეთის ღვინის ბაზრის 10 პროცენტზე მეტი ეკავა. ეს ქართული ღვინის მთელი ექსპორტის 80 პროცენტი იყო. 2005 წელს საქართველოდან ექსპორტზე 81 328 000 ლარის ღვინო გავიდა, რუსეთის ბაზრის ჩაკეტვის შემდეგ, ეს მონაცემი ჯერ განახევრდა, 2007 წელს კი ექსპორტი 29 მილიონ ლარამდე დაეცა.
2008 წლიდან, ახალი ბაზრების ათვისების ხარჯზე, ექსპორტმა მოიმატა და 2011 წელს უკვე 54 მილიონ ლარს გადააჭარბა. ერთ–ერთი ყველაზე დიდი ქართული ღვინის კომპანიის „თბილღვინოს“ მეპატრონე გიორგი მარგველაშვილი ამბობს:
„რუსეთში დაბრუნების შემთხვევაში ცალსახად გაიზრდება ქართული ღვინის ექსპორტი მთლიანად. ეს გამოიწვევს ქართული მეღვინეობის დარგის საინვესტიციო მომხიბლელობის ზრდას. უნდა ვივარაუდოთ რომ ამ დარგში შემოვა უცხოური ინვესტიციები, მათ შორის რუსეთიდან, რაც მხოლოდ და მხოლოდ სასიკეთოა.
მეორეს მხრივ, ჩვენი კომპანია შეეცდება მაქსიმალურად დაიცვას ბალანსი მთლიანად ექსპორტში, რუსეთის ბაზარსა და სხვა ბაზრებს შორის. ჩვენ უკვე 30 ქვეყანაში ვახდენთ ქართული ღვინის ექსპორტს, გვაქვს აღებული ვალდებულებები ჩვენს პარტნიორებთან. ანუ არ უნდა მოხდეს ისევ რუსეთის ბაზარზე დამოკიდებულების შექმნა და 2006 წლის გამეორება.“
ჯერჯერობით, ერთადერთი პოზიტიური ნაბიჯი რაც ბოლო პერიოდში რუსეთსა და საქართველოს შორის გადაიდგა, სატრანსპორტო ბლოკადის ერთგვარი „შერბილება“ გახდა.
გასულ კვირას, ათასი სატვირთო ავტომანქანის მფლობელზე რუსეთში შესვლის ნებართვა გაიცა. თუმცა, ვინაიდან რუსეთის ვიზების საკითხი ისევ მოუგვარებელია, ქართულ გადამზიდავ კომპანიებს რუსული პასპორტის მქონე მძღოლების მოძიება უხდებათ.
„გარღვევა“ რუსეთის ბაზრის მიმართულებით სოფლის მეურნეობის სამინისტროს დელეგაციის პირველ ვიზიტის უნდა მოჰყვეს. მომავალ კვირას რუსეთში საქართველოს კათოლიკოს პატრიაქრის ვიზიტიც იწყება.