2008 წლის აგვისტოს ხუთ-დღიანი ომის შემდეგ პირველად, შვეიცარიის დედაქალაქ ბერნში, რუსეთის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანებასთან დაკავშირებით თბილისსა და მოსკოვს შორის მოლაპარაკებები განახლდა.
მოლაპარაკებებს წინ უსწრებდა საგარეო საქმეთა მინისტრი გრიგოლ ვაშაძის ვიზიტი შვეიცარიაში, სადაც ის შვეიცარიელ კოლეგა მიშელინ კალმი-ლეის შეხვდა. საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ მოლაპარაკებები შუამავლების გარეშე ჩაივლის.
ქართულ დელეგაციას ბერნში პრემიერ მინისტრის მთავარი მრჩეველი თამარ კოვზირიძე ხელმძღვანელობს. საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ნიკოლოზ ვაშაკიძე ამბობს, რომ მოლაპარაკებები მოსკოვის თხოვნით განახლდა.
“რუსეთის მხრიდან მოვიდა ოფიციალური ინიციატივა მოლაპარაკებების დაწყებასთან დაკავშირებით. მოგეხსენებათ ქართული მხარე ყოველთვის აცხადებდა მზადყოფნას შემდგარიყო ასეთი მოლაპარაკება და შესაბამისად, საქართველოს დელეგაცია გაემგზავრა ბერნში ამ მოლაპარაკებებზე. რაც შეეხება საქართველოს პოზიციის დეტალებს, ამაზე მოლაპარაკებების წინ საუბარი არ არის და არც სწორი იქნება.“
საქართველოს ხელისუფლების მაღალჩინოსნები აცხადებენ, რომ არ ცვლიან იმ პირობებს, რომლებიც თბილისმა რუსეთის მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარების შემდეგ დააყენა.
საუბარია ქართველი მებაჟეების დაშვებაზე ოკუპირებულ აფხაზეთში, მდინარე ფსოუსთან და ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში, როკის გვირაბთან. თბილისი მოსკოვისგან, ასევე, ითხოვს მოხსნას ემბარგო, რომლის გამოც ქართული პროდუქცია რუსეთის ბაზარზე არ დაიშვება.
ამ მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში საქართველოს მსო-ში ვეტოს გამოყენებით იმუქრება. საქართველოს პარლამენტის თავჯდომარე მიიჩნევს, რომ რუსეთის მხრიდან არსებული დარღვევები ეწინააღდეგება მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის წესდებას. დავით ბაქრაძე კერძოდ ამბობს:
„არაერთგზის განგვიცხადებია, რომ მზად ვართ რუსეთთან დიალოგისთვის. მათ შორის, მზად ვართ იმ საკითხებზე, რომლებიც შეეხება რუსეთის შესაძლო გაწევრიანებას მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში.
ჩვენ, ბუნებრივია, გვაქვს ძალიან სერიოზული არგუმენტები. ეს არგუმენტები უკავშირდება რუსეთის მხრიდან სრულიად კონკრეტულ დარღვევებს, რომელიც ეწინააღმდეგება მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის წესდებას, კანონმდებლობებსა და სულისკვეთებას.
მიგვაჩნია, რომ ნებისმიერი ახალი წევრის მიღების დროს უნდა იქნეს განხილული ამ წევრის პოლიტიკის, მისი მოქმედების შესაბამისობის საკითხი მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის პრინციპებთან.“
ოპოზიცია ხელისუფლებას მოუწოდებს მხოლოდ ეკონომიკური პრობლემების მოგვარების კუთხით გამოიყენოს რუსეთთან მოლაპარაკების ეს იშვიათი შესაძლებლობა.
„ახალი მემარჯვენეების“ აზრით, მთავრობამ აქცენტი ქართულ პროდუქციაზე ემბარგოს მოხსნასა და საქართველოს მოქალაქეებისთვის რუსეთის ვიზების გაცემაზე უნდა გააკეთოს.
პარალელურ რეჟიმში, კი ევროკავშირს, როგორც მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში რუსეთის გაწევრიანებით, ერთ-ერთი ყველაზე უფრო დაინტერესებულ მხარეს, მოსთხოვოს საქართველო-ევროკავშირს შორის თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების გაფორმების დაჩქარება. „ახალი მემარჯვენეების“ ლიდერი დავით გამყრელიძე ამბობს:
„უნდა გაუქმდეს რუსული ემბარგო, რომელიც 2006 წლიდან მოქმედებს ქართულ პროდუქციაზე. უნდა შეწყდეს სატრანსპორტო ბლოკადა, რომელიც ხორციელდება რუსეთ-საქართველოს შორის. რაც მთავარია, უნდა გამარტივდეს სავიზო რეჟიმი საქართველოს მოქალაქეებისთვის, როგორც არის ეს რუსეთის მოქალაქეებისთვის.“
გასულ კვირას, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის თანაშემწემ და ეროვნული უშიშროების საბჭოში რუსეთისა და ევრაზიის საკითხების კურატორმა მაიკლ მაკფოლმა განაცხადა, რომ ვაშინგტონი არ აპირებს რუსულ-ქართულ მოლაპარაკებებში ჩართვას და ეს საკითხი მთლიანად საქართველოსა და რუსეთის გადასაწყვეტია.
მეორეს მხრივ, ნათელია, რომ ბოიკოტის რეჟიმში მყოფი საქართველო სრულიად მარტო დარჩა. გუშინ, ფინეთის პრემიერმა მარი კივინიემიმ ღიად დაუჭირა მხარი რუსეთის სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანებას. ეს განცხადება მან ამერიკის ვიცე-პრეზიდენტ ჯო ბაიდენთან შეხვედრის დროს გააკეთა.
ბაიდენი დღეს უკვე მოსკოვშია და მედვედევ-პუტინის ტანდემთან მოლაპარაკების მთავარი თემა სწორედ მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაა. ეკონომის ექსპერტი ლევან კალანდაძე ამბობს:
„მსო-ს საკითხებზე რუსეთთან მოლაპარაკება ძალიან მნიშვნელოვანია. გაცილებით უფრო მნიშვნელოვანია ეს მოლაპარაკება იმ თვალსაზრისით, რომ თავად ინიციატორი ამ მოლაპარაკებისა არის რუსეთი. ეს პრაქტიკულად გვაძლევს იმის საშუალებას, რომ ვივარაუდოთ, რომ რუსეთი, გარკვეულწილად, თავისთვის თავის პოლიტიკაში ჩამოყალიბდა გარკვეულ კომპრომისულ პირობებზე.
რასაც ჩვენ შეიძლება მოველოდეთ რუსეთის გაწევრიანებისგან მსო-ში არის ის, რომ თუ რუსეთი დაიცავს მსო-ს წესდებით გათვალისწინებულ პირობებს, ეს ჩვენ საშუალებას მოგცემს გარკვეული დროის შემდეგ, ქართული პროდუქტი რუსულ ბაზარზე ისევ შევიტანოთ.“
ბერნში რუსულ-ქართული მოლაპარაკებები, ჟენევაში დასრულებული, რუსულ-ქართულ-აფხაზურ-ოსური, რიგით მე-15 მოლაპარაკების ფონზე დაიწყო. საგარეო საქმეთა სამინისტრომ ჟენევის შეხვედრას უკვე უწოდა წარუმატებელი და მთელი პასუხისმგებლობა რუსეთს დააკისრა. ექსპერტთა აზრის, ბერნის მოლაპარაკებაზე კომპრომისის პოვნის შესაძლებლობას ჟენევის ფონი კიდევ ამძიმებს.