ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

თბილისი მოსკოვს მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის კარს არ უღებს


საქართველო რუსეთის პირისპირ მარტო დარჩა

უკვე 2011 წელს, რუსეთს, შეეძლება, მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის წევრი (WTO) გახდეს. ამის შესახებ, რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწემ არკადი დვორკოვიჩმა, რუსულ-ამერიკული კონსულტაციების დასრულებისთანავე განაცხადა.

ივნისის დასაწყისიდან, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, კანადამ და ევროკავშირმა, ღიად დააფიქსირეს, რომ რაც, შეიძლება მალე, სურთ რუსეთი WTO-ში იხილონ. ერთ-ერთ მნიშვნელოვან წინაღობად, ამ საკითხში საქართველოს პოზიცია რჩება. თბილისი მტრულად განწყობილი მოსკოვის გაწევრიანებას დღემდე ბლოკავს. ეკონომიკის ექსპერტი ემზარ ჯგერენაია ფიქრობს, რომ საქართველომ რუსეთთან ბოლომდე უნდა ივაჭროს.

ემზარ ჯგერენაია: პირველ რიგში, ჩვენ იმას უნდა გავუსვათ ხაზი, რომ რუსეთს გასაწევრიანებლად, სჭირდება საქართველოს ხმა WTO-ს წესდების თანახმად. საქართველოს ხმას თუ ვერ მიიღებს რუსეთი ვერ გაწევრიანდება.

ამიტომ, ყველა ვარიანტში, მიუხედავად ამერიკის შეერთებული შტატების პოზიციისა, და ეს პოზიცია არ არის ახალი, ვაშინგტონი შარშანაც უჭერდა მხარს რუსეთის მსო-ში გაწევრიანებას, საქართველომ უნდა დაიცვას თავისი პოლიტიკა, საკუთარი მიდგომები და ეს არის კარგი სავაჭრო თემა, გუშინაც ველაპარაკე ეკონომიკის მინისტრს და საქართველო აპირებს მყარად დაიცვას თავისი პოზიცია."

უკვე წლებია პოლიტიკური ვაჭრობა რუსეთთან შემდეგ თემებზე მიმდინარეობს: აფხაზეთში, მდინარე ფსოუზე და ცხინვალის რეგიონში, როკის გვირაბთან ქართული საბაჟო პუნქტების გახსნა;

არაკონტროლირებად ტერიტორიებზე დაკეტილი საზღვაო აკვატორიისა და საჰაერო სივრცის გამოყენებაზე უარის თქმა; ამ ტერიტორიებზე კონტრაბანდის აღკვეთა; ტრანზიტის თავისუფლება; რუსეთის ბაზარზე ქართული პროდუქციის შეტანაზე აკრძალვის მოხსნა და სასაქონლო ნიშნების დაცვა. საქართველოსთან მიმართებაში, შემოღებული დისკრიმინაციული სავიზო რეჟიმის მოხსნა.

2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ, ახალგორი-კოდორის ოკუპაციამ და სერაპატისტული ანკლავების აღიარებამ, ეს მოლაპარაკებები თითქოს გამოუვალ ჩიხში შეიყვანა. ეკონომიკის ექსპერტს დემურ გიორხელიძეს მიაჩნია, რომ საქართველოს ყველა შემთხვევაში მოუწევს ხისტი პოზიციის შეცვლა.

დემურ გიორხელიძე: არსებობს მოთხოვნების დაყენება და არსებობს პოლიტიკური პრაგმატიზმი. მე არ ვფიქრობ, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ბრმად უნდა მისცეს თანხმობა რუსეთს. საქართველოს დღეს საბედნიეროდ ჰყავს სტრატეგიული პარტნიორი და ჰყავს ძალიან ახლო მეგობრული ქვეყნები და მათთან კონსულტაციის შემდეგ შესაძლებელია მიღწეული იქნას ისეთი კომპრომისი, როდესაც ხელისუფლება არ აღმოჩნდება იმ მდგომარეობაში, რომ იფიქრო რომ მან საკუთარი მოთხოვნები უკან წაიღო. საქართველო უნდა დაეთანხმოს (რუსეთის მიღებას) იმიტომ, რომ უფრო მეტს მიიღებს ამ თანხმობიდან.

საქართველო რუსეთის წინააღმდეგ, მარტო დარჩა მას შემდეგ, რაც მოსკოვმა ორი წლის წინ შეძლო საუდის არაბეთთან მოლაპარაკება ბუნებრივი არის ტარიფებთან დაკავშირებით.

დღეისათვის ოფიციალური თბილისი ძალიან მძიმე ვითარებაშია, მისი ხისტი პოზიცია, წინააღმდეგობაში მოდის, არა მხოლოდ რუსეთის, არამედ, მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის დანარჩენი 152 ქვეყნის პოზიციასთანაც, რომლებსაც უნდათ რუსეთი კავშირში იხილონ.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, ეკონომიკის დოქტორი ნოდარ ხადური ამბობს, რომ სიტუაცია ქართული მხარისთვის მართლაც რთულია.

ნოდარ ხადური: საკითხს აქვს ორი მხარე, ერთი წმინდა პოლიტიკური და მეორე ეკომომიკური. ეკონომიკური თვალსაზრისით, ცხადია რუსეთი სჯობია იყოს მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის წევრი, რადგან ამ შემთხვევაში, მას არ ექნება ის ბერკეტები, რომლითაც, ის, ბლოკავს ქართული პროდუქციის შესვლას მის ტერიტორიაზე.

პოლიტიკური თვალსაზრისით, ეს ყველაფერი პირიქით არის. ანუ, ამ შემთხვევაში, ჩვენმა ხელისფლებამ გადაწყვეტილება ეკონომიკასა და პოლიტიკას შორის უნდა მიიღოს. ძალიან რთულია, ახლა იმაზე საუბარი, საქართველოს პოზიცია შეიცვლება თუ არ შეიცვლება; თუმცა ის, რომ საქართველო ამ საკითხში მარტო დარჩებოდა მოსალოდნელი იყო.

განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც აშშ-ს და რუსეთს შორის, გადატვირთვის პოლიტიკა დაიწყო. წავიკითხე კიდეც, მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის ხელმძღვანელების მოსაზრება, რომ საქართველოს თანხმობა შეიძლება სულაც არ იყოს საჭირო, იმისათვის, რომ რუსეთი გახდეს ამ ორგანიზაციის წევრი. ასე რომ, საკმაოდ რთული სიტუაციაა.

რუსეთში მართლაც იმედოვნებენ, რომ მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის ძირითად მოთამაშეებთან მოლაპარაკებების შემთხვევაში, საქართველოს ვეტოს მნიშვნელობა აღარ ექნება.

რუსეთის ეკონომიკური განვითარების მინისტრის მოადგილემ მედვედკოვმა გასულ კვირას განაცხადა, რომ რუსეთს, სავაჭრო ორგანიზაციის წევრთა უმრავლესობის თანხმობის შემთხვევაშიც, შეუძლია მსო-ს მიუერთდეს.

ციტატა: საქართველო ასევე დარჩება ორგანიზაციის წევრად, ბოიკოტის რეჟიმში და მხოლოდ ამ ორი ქვეყნების ურთიერთობაზე არ გავრცელდება მსო-ს მიერ დადგენილი ვაჭრობის წესები.

მოსკოვის პოლიტიკური ექსპერტიზის საერთაშორისო ინსტიტუტის დირექტორი ევგენი მინჩენკო კი ამბობს:

ევგენი მინჩენკო: რაც შეეხება საქართველოს, იმის გათვალისწინებით, რომ მათ ადრე, არაოფიციალურად, განაცხადეს თანხმობა რუსეთის გაწევრიანებაზე მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში, ახლა უკან დახევა, ვფიქრობ არაეფექტური იქნება.

სხვა საქმეა, რომ თავად რუსეთში არის ძალიან სერიოზული ლობი მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის წინააღმდეგ. ეს ლობი არ არის ღია, ვინაიდან ქვეყნის პირველმა პირებმა გამოაცხადეს რომ შევდივართ ამ ორგანიზაციაში, მაგრამ ეს ლობი ძალიან გავლენიანია.

და მე ვფიქრობ, რომ ეს ლობი იქნება გაცილებით დიდი წინაღობა რუსეთისთვის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანების გზაზე, ვიდრე საქართველოს პოზიცია.

მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, გაფორმებული ტარიფებისა და ვაჭრობის შესახებ საერთაშორისო ხელშეკრულების მემკვიდრე, მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაცია, თანამედროვე სახით, 1995 წელს დაფუძნდა.

ის წევრ ქვეყნებს შორის, ვაჭრობის ლიბერალიზაციასა და სავაჭრო-პოლიტიკური ურთიერთობების რეგულაციას ახდენს. საქართველო ამ ორგანიზაციაში ზუსტად 10 წლის წინ, 2000 წლის 14 ივნისს გაწევრიანდა. რუსეთი კი მეთხუთმეტე წელია ცრდილობს წევრად გახდომას.

ჯერჯერობით, უცნობია, რა მინიმალური, ან მაქსიმალური დათმობის სანაცვლოდ, შეიძლება შეიცვალოს თბილისის პოზიცია, ამ ეტაპზე, ცნობილია მხოლოდ, ის, რომ საქართველო, მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში რუსეთის გაწევრიანებას ხმას არ აძლევს.

XS
SM
MD
LG