მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში (WTO) რუსეთის გაწევრიანებასთან დაკავშირებულ, დახურული მოლაპარაკების პარალელურად, რუსეთის მომხმარებელთა უფლებების დაცვასა და ადამიანის კეთილდღეობაზე ზედამხედველობის ფედერალური სამსახურის უფროსმა გენადი ონიშენკომ კიდევ ერთხელ მოუწოდა ქართული ღვინისა და მინერალური წყლის მწარმოებლებს დაბრუნდნენ რუსეთის ბაზარზე.
ეს აგვისტოში ონიშენკოს უკვე მესამე მოწოდებაა. ქართული პროდუქციის შეტანა რუსეთში იმავე ონიშენკოს გადაწყვეტილებით 2006 წლის მარტიდან აიკრძალა. აკრძალვის ოფიციალურ მიზეზად, მაშინ დაბალი ხარისხი და დიდი რაოდენობით ფალსიფიცირებული ქართული პროდუქცია დასახელდა.
თუმცა, რუსულ პოლიტიკურ წრეებშიც აღიარებდნენ, რომ ეს გადაწყვეტილება საქართველოზე პოლიტიკური ზეწოლით იყო მოტივირებული.
დღეს, რუსეთის მთავარი სანიტარული ექიმი პირიქით მოუწოდებს ქართულ ბიზნესს დაბრუნდეს რუსეთში. სრულიად მოულოდნელად ონიშენკოსა და ქართველ მეწარმეებს შორის შუამვლად, ოპოზიციური პარტია „თავისუფალი საქართველოს“ ლიდერი კახა კუკავა იქცა.
თბილისის საკრებულოს წევრი ონიშენკოს მოსკოვში უკვე მესამედ შეხვდა. გენადი ონიშენკომ და კახა კუკავამ ბოლო შეხვედრის შემდეგ კერძოდ განაცხადეს:
გენადი ონიშენკო: „კახა კუკავასთან ეს საკითხი კიდევ ერთხელ განვიხილეთ. რუსეთის მხრიდან დავადასტურეთ გამჭირვალე პოზიცია, რომ ჩვენ მზად ვართ შევხვდეთ ქართულ ბიზნესს, იმ მწარმოებლებს, რომლებიც აქვთ და მზად შემოიტანონ ქართული ღვინო, ღვინომასალები და მინერალური წყლები, რომლებიც დღევანდელი ხელისუფლების ყველა ძალისხმევის მიუხედავად ჯერ კიდევ არ გამქრალა რუსების გონებიდან. და დავუშვათ ისინი, ბაზარზე, იმ მოთხოვნების შესაბამისად, რომელიც განსაზღვრულია რუსეთის სანიტარული კანონმდებლობით.“
კახა კუკავა: „ჩვენი პრიორიტეტული პროგრამა არის, რომ ახალ წლამდე დაიწყოს რამოდენიმე სახეობის პროდუქციის ექსპორტი საქართველოდან რუსეთში. ის, რომ ერთ-ერთი კომპანიის განაცხადის შესწავლა დაიწყო ეს არის ძალიან დიდი პლიუსი, ძალიან დიდი პოზიტივი, თუმცა, ჩვენ კარგად ვაცნობიერებთ, იმასთვის, რომ ექსპორტი დაუბრუნდეს 2006 წლამდე დონეს აუცილებელია ათეულობით და ასეულობით ქართულმა კომპანიამ მიმართოს ანალოგიური განაცხადით რუსეთის შესაბამის სამსახურს.“
კახა კუკავას ინფორმაციით, ონიშენკოს უწყებას საკუთარი პროდუქციის სერთიფიცირებისთვის უკვე მიმართა IDS Borjomi Russia-მა, 2006 წლის აკრძალვის შემდეგ, ეს კომპანია რუსეთის ბაზარზე წარმოდგენილია მხოლოდ მინერალური წლებით - „ედელვაისით“, „სვიტოი ისტოჩნიკითა“ და „მირგოროდსკაიათი“.
IDS Borjomi Russia არის უმსხვილესი ჰოლდინგის IDS Borjomi International-ის შემადგენელი ნაწილი, რომელშიც ასევე შედიან IDS Borjomi Georgia, IDS Borjomi Europa და IDS Group Ukraine.
ბორჯომის ჰოლდინგი მსოფლიოს 30 ქვეყანაში ყიდის მინერალურ წყალს, მათგან ყველაზე პოპულარულები, რუსეთში აკრძალული - „ბორჯომი“ და „ლიკანია“.
IDS Borjomi Georgia პრესს-სამსახურმა კატეგორიულად უარყო ონიშენკოსა და კუკავას გავრცელებული ინფორმაცია. ამასთან, კომპანიაში ამ ეტაპზე არ აკონკრეტებენ, აპირებენ თუ არა რუსეთის ბაზარზე დაბრუნებას. „ბორჯომი“, ისევე როგორც სხვა ქართული კომპანიები მწვანე შუქს საქართველოს მთავრობისგან ელიან. საგარეო მინისტრი გრიგოლ ვაშაძე ამბობს:
„ეს ქართული ბიზნესის კერძო საქმეა. სახელმწიფო ამაში ვერ ჩაერევა. კონსტატაცია შემიძლია მხოლოდ ერთი ფაქტის გავაკეთო, რომ ქართველი ბიზნესმენები არ ჩქარობენ რუსეთისკენ გამგზავრებას.“
რის სანაცვლოდ აბრუნებს მოსკოვი ქართული პროდუქციას რუსეთის ბაზარზე?! არის თუ არა ეს ნაბიჯი მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში რუსეთის გაწევრიანების წინაპირობა და, რაც ყველაზე უფრო მთავარია იქნება თუ არა ეს „გაცვლა“ თანაბარი?! ამ კითხვებზე მრავალი მოსაზრება არსებობს.
ქართულ პროდუქციაზე ემბარგოს მოხსნა დღემდე საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი ძირითადი მოთხოვნაა, რუსეთისთვის წაყენებული ყველაზე პრობლემური მოთხოვნა კი ფსოუსა და როკის გვირაბის საბაჟოების გაკონტროლება იყო.
ასეთი ხისტი პოზიციის გამო ექსპერტები არ გამორიცხავდნენ რომ თბილისს შესაძლოა საერთაშორისო თანამეგობრობის რისხვა დაემსახურა. ეკონომიკის ყოფილი მინისტრი ლადო პაპავა მიიჩნევს, რომ ამ კრიტიკულ სიტუაციაში, რუსეთმა მომგებიანად შემოაგდო „ბორჯომისა“ და ქართული ღვინის დაბრუნების საკითხი, თანაც ქართული ოპოზიციის დახმარებით.
„დღეს რუსეთისთვის იდეალურიც კი არის გახსნას ბაზარი. და აჩვენოს ყველას, რომ აი მე გავხსენი ქართული პროდუქციისთვის ბაზარი, მაგრამ ქართული პროდუქცია არ შემოდის. რატომ? იმიტომ, რომ საქართველოს მთავრობა უკრძალავს ბიზნესს რუსეთში შესვლას!
ჩემთვის აბსოლუტურად გაუგებარია, რომ რუსულ ბაზარზე დაბრუნების საკითხს დღეს აყენებენ არა კომპანიები, რომელსაც ამ ბაზრის შესასვლელი დაუკეტეს, არამედ ამ საკითხს აყენებს ოპოზიციური პოლიტიკური პარტიის ლიდერი.“
სტატისტიკური მონაცემები მოწმობს, რომ საქართველოსთვის რუსეთი უმნიშვნელოვანესი ბაზარი იყო. 2005 წელს, რუსეთში 65 მილიონი დოლარის ღირებულების ღვინის ექსპორტი განხორციელდა, რაც ღვინის მთლიანი ექსპორტის 87 პროცენტი იყო.
ექსპერტული გათვლებით, უკვე 2006 წელს, ღვინის ექსპორტი რუსეთში 100 მილიონ დოლარს გადააჭარბებდა. 2005 წელს, რუსეთში 25 მილიონი დოლარის მინერალური წყალი გავიდა, აქედან მარტო „ბორჯომის“ ექსპორტის 65 პროცენტი რუსეთზე მოდიოდა.
მინერალური წყალიც მზარდი სეგმენტი იყო, ვარაუდობდნენ, რომ 2006 წელს ექსპორტი რუსეთში კიდევ 10 მილიონი დოლარით გაიზრდებოდა. 2005 წელს, საქართველოდან რუსეთში სულ 156 მილიონი დოლარის ღირებულების ექსპორტი განხორციელდა.
მაშინ, როცა 2010 წელს ეს ციფრი მხოლოდ 34 მილიონია. 2011 წლის შვიდი თვის მონაცემებით კი 17 მილიონზე ოდნავ მეტი, რაც იმაზე მეტყელებს, რომ ქართულ ბიზნესს რუსულ ბაზარზე დასაბრუნებლად მხოლოდ ონიშენკოს კეთილგანწყობა ნადვილად არ ეყოფა.