ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსეთი მსო-ში: დავა პერსპექტივებზე


შავი ზღვისა და კასპიის რეგიონის კვლევითი ცენტრის დირექტორი მამუკა წერეთელი, ჯორჯ მეისონის უნივერსიტეტის პროფესორი მარკ კაცი, ჰერიტაჯის ფონდის მკვლევარი არიელ კოენი და ამერიკული უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორი დევიდ ბოსკო
შავი ზღვისა და კასპიის რეგიონის კვლევითი ცენტრის დირექტორი მამუკა წერეთელი, ჯორჯ მეისონის უნივერსიტეტის პროფესორი მარკ კაცი, ჰერიტაჯის ფონდის მკვლევარი არიელ კოენი და ამერიკული უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორი დევიდ ბოსკო

რა საშინაო და საგარეო გამოწვევების წინაშე დგას მოსკოვი, როცა მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანებას ლამობს

გუშინ ვაშინგტონში მდებარე ამერიკულ უნივერსიტეტთან არსებული შავი ზღვისა და კასპიის რეგიონის კვლევითი ცენტრის თაოსნობით გაიმართა შეხვედრა თემაზე „მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში რუსეთის გაწევრიანების პერსპექტივები: შიდა და გარე გამოწვევები.“ შეხვედრას უძღვებოდა შავი ზღვისა და კასპიის რეგიონის კვლევითი ცენტრის დირექტორი მამუკა წერეთელი.

თავის გამოსვლაში ჯორჯ მეისონის სახელობის უნივერსიტეტის მთავრობისა და პოლიტიკური მეცნიერების პროფესორმა მარკ კაცმა აღნიშნა, რომ შეერთებული შტატების მხრიდან მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში რუსეთის გაწევრიანებას ართულებს ეგრეთწოდებული ჯექსონ-ვანიკის შესწორების საკითხი. აღსანიშნავია, რომ ხსენებული შესწორება შეერთებული შტატების კონგრესმა ჯერ კიდევ 1974 წელს მიიღო საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ იმის გამო, რომ საბჭოთა ხელისუფლება ებრაელ მოქალაქეებს საზღვარგარეთ ემიგრაციას უკრძალავდა. მიუხედავად იმისა, რომ საბჭოთა კავშირი უკვე თითქმის ორი ათწლეულის მანძილზე აღარ არსებობს და ებრაელთა ემიგრაციაზე შეზღუდვები უკვე კარგა ხანია მოიხსნა, ჯექსონ-ვანიკის შესწორება კვლავინდებურად ძალაშია იმის გამო, რომ ამერიკა-რუსეთის სავაჭრო ურთიერთობებში რამდენიმე სადავო საკითხი წარმოიქმნა, მათ შორის რუსეთში ქათმის ხორცის ექსპორტის ჩათვლით. ვიდრე კონგრესმა ჯექსონ-ვანიკის შესწორება არ გააუქმა ორმხრივი სავაჭრო ურთიერთობების სფეროში ამერიკა რუსეთს უპირატესი ხელშეწყობის პრინციპს ვერ შესთავაზებს, რაც თავის მხრივ მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში რუსეთის გაწევრიანებას გამორიცხავს.

„ეს საკითხი აუცილებლად უნდა გადაიჭრას ვიდრე ამერიკის თანხმობა მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში რუსეთის გაწევრიანების შესახებ ძალაში შევა,“ აღნიშნა პროფესორმა კაცმა.

რაც შეეხება საქართველოს ფაქტორს, საქართველო მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში იმ სამუშაო ჯგუფის წევრია, რომელიც რუსეთის გაწევრიანების საკითხს იხილავს. ამასთან დაკავშირებით კაცმა აღნიშნა:

„რუსეთსა და საქართველოს შორის ბევრი გადაუჭრელი საკითხი დაგროვდა, განსაკუთრებით 2008 წლის ომის შემდეგ, მათ შორის ტერიტორიული ხასიათის პრობლემების ჩათვლით. ამდენად არსებობს მოსაზრება, რომ საქართველოს ამ პროცესის დაბლოკვა შეუძლია.“

ამერიკელი პროფესორის თქმით, რუსულ პრესაში გავრცელებულია შეხედულება, რომ რუსეთს შეუძლია გვერდი აუაროს საქართველოს თუ მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის წევრთა ორმა მესამედმა რუსეთის გაწევრიანებას მხარი დაუჭირა. თუმცა აქვე ისიც უნდა აღინიშნოს, რომ მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის ისტორიაში არცერთ სახელმწიფოს წევრობა ამ მეთოდის გამოყენებით არ მიუღია.

„ვფიქრობ რუსეთის მხარის თვალსაზრისით, ისინი საქართველოს როგორც მნიშვნელოვან დაბრკოლებას უბრალოდ არ აღიქვამენ. მოსკოვის გათვლა ის გახლავთ, რომ თუ შეერთებულმა შტატებმა, ევროკავშირმა და მთავარმა სავაჭრო პარტნიორმა ქვეყნებმა მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში რუსეთის გაწევრიანებას მხარი დაუჭირეს, მაშინ ისინი საქართველოზე ზეწოლას მოახდენენ რათა თბილისმა ეს პროცესი არ დაბლოკოს. ამდენად მათ ჰგონიათ, რომ ამ მხრივ რუსეთს არაფრის გაკეთება არ მოუხდება,“ აღნიშნა კაცმა.

ჰერიტაჯის ფონდის მკვლევარმა არიელ კოენმა ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ რუსეთის მმართველ წრეებში მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანების მიმართ აშკარა აზრთა სხვადასხვაობა შეინიშნება. პრეზიდენტ დმიტრი მედვედევს, ფინანსთა მინისტრ ალექსეი კუდრინსა და გაწევრიანებასთან დაკავშირებულ მოლაპარაკებებზე რუსეთის სამთავრობო დელეგაციის ხელმძღვანელს ვიცე პრემიერ მინისტრ იგორ შუვალოვს კარგად ესმით, რომ რუსეთის მომავალი ნედლეული მასალების ექსპორტს სცილდება.

„ამ პირებს სჯერათ, რომ მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში რუსეთის გაწევრიანება აუცილებელია იმისათვის, რომ რუსეთის მრეწველობა და მომსახურების სექტორი კონკურენტუნარიანი გახდეს,“ აღნიშნა კოენმა.

კოენს მიაჩნია, რომ რუსეთის მთავრობასა და მმართველ წრეებში მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანების საკითხი არაერთგვაროვან რეაქციას იწვევს. ანუ სხვაგვარად რომ ვთქვათ რუსეთის ელიტაში შეინიშნება გარკვეული დაპირისპირება ეკონომიკურ ნაციონალისტებს, პროტექციონისტებსა და გაწევრიანების მომხრეებს შორის.

რაც შეეხება ამერიკა-რუსეთის ორმხრივ სავაჭრო ურთიერთობას, იმ საკითხებს შორის, რომელიც ჯერ კიდევ მხარეების ყურადღებას მოითხოვს, კოენმა შეერთებული შტატებიდან რუსეთში ხორცის ნაწარმის ექსპორტი და ინტელექტუალური საკუთრების დაცვა გამოყო.

„არსებობს ბევრი მაგალითი იმისა, როცა რუსეთის სამართლებრივი და საარბიტრაჟო სისტემა არაადეკვატური აღმოჩნდა. ეს კი ბადებს კითხვას, თუ რა მოხდება როცა რუსეთი მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში შევა. შეიძლება ბევრი მაგალითის მოყვანა როცა რუსეთი ამა თუ იმ საერთაშორისო ორგანიზაციას თუ რეჟიმს შეუერთდა და შემდგომში წესები დაარღვია. ამდენად საკითხავია ის თუ რამდენად ხელსაყრელი იქნება მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანება რუსეთში კანონის უზენაესობის დამკვიდრების თვალსაზრისით,“ აღნიშნა არიელ კოენმა.

კოენმა ობამას ადმინისტრაციის დამოკიდებულებას მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში რუსეთის გაწევრიანებასთან დაკავშირებით შემდეგი ფორმულირება მისცა:

„წაკითხული ანგარიშების საფუძველზე შემიძლია გითხრათ, რომ ამ ადმინისტრაციას არ სურს გახდეს შუამავალი საქართველოსა და რუსეთს შორის ამ საკითხთან დაკავშირებით. როგორც ამ საკითხში კარგად გარკვეულმა ბუშის ადმინისტრაციის ყოფილმა წევრმა საჯაროდ განაცხადა, თუ რუსების ინტერესებში შედის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანება, მაშინ მათ ქართველების მოთხოვნები მხედველობაში უნდა მიიღონ და არუგულვებელყონ ან გადააბარონ ისინი ევროკავშირსა თუ შეერთებულ შტატებს. საქართველო პრობლემას არ წარმოადგენს. საქართველოს გააჩნია ვაჭრობასთან და სასაზღვრო კონტროლთან დაკავშირებული ლეგიტიმური მოთხოვნები. თუ ეს მოთხოვნები არ დაკმაყოფილდა, მაშინ მე ვერ ვხედავ იმას თუ როგორ გაწევრიანდება რუსეთი მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში.“

XS
SM
MD
LG