ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკელი ექსპერტები მსო-ში რუსეთის გაწევრიანების პერსპექტივებზე


შავი ზღვისა და კასპიის რეგიონის კვლევითი ცენტრის დირექტორი მამუკა წერეთელი, ჯორჯ მეისონის უნივერსიტეტის პროფესორი მარკ კაცი, ჰერიტაჯის ფონდის მკვლევარი არიელ კოენი და ამერიკული უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორი დევიდ ბოსკო
შავი ზღვისა და კასპიის რეგიონის კვლევითი ცენტრის დირექტორი მამუკა წერეთელი, ჯორჯ მეისონის უნივერსიტეტის პროფესორი მარკ კაცი, ჰერიტაჯის ფონდის მკვლევარი არიელ კოენი და ამერიკული უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორი დევიდ ბოსკო

სამშაბათს ვაშინგტონში მდებარე ამერიკულ უნივერსიტეტში გამართულ შეხვედრაზე ექსპერტები მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში რუსეთის გაწევრიანების პერსპექტივებზე მსჯელობდნენ. შეხვედრის შემდეგ ამერიკის ხმის ქართულმა რედაქციამ ამერიკული უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორს დევიდ ბოსკოსა და ჯორჯ მეისონის უნივერსიტეტის პროფესორ მარკ კაცს ექსკლუზიური ინტერვიუ ჩამოართვა.

ინტერვიუს დასაწყისში დევიდ ბოსკომ აღნიშნა, რომ საქართველო მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში რუსეთის გაწევრიანების პროცესში მნიშვნელოვან როლს ასრულებს რადგან საქართველო, როგორც ორგანიზაციის სრულუფლებიანი წევრი, იმ სამუშაო ჯგუფის წევრია, რომელიც რუსეთის გაწევრიანების თხოვნას იხილავს.

„ამ ბოლო დროს გავრცელდა მოსაზრება იმის შესახებ, რომ თითქოს რუსეთი მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანებას საქართველოს მხარდაჭერის გარეშე შესძლებს. ჩემს გამოსვლაში მე ხაზგასმით აღვნიშნე, რომ ეს გამორიცხულია რადგან გადაწყვეტილება მხოლოდ სამუშაო ჯგუფმა კონსენსუსის საფუძველზე შეიძლება მიიღოს. მაშასადამე აუცილებელია, რომ რუსეთმა და საქართველომ როგორღაც შეთანხმებას მიაღწიონ,“ აღნიშნა დევიდ ბოსკომ.

ამერიკელ მკვლევარს მიაჩნია, რომ ობამას ადმინისტრაციას მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში რუსეთის გაწევრიანება სურს იმის გამო, რომ ამით რუსეთ-ამერიკული ორმხრივი ურთიერთობა გაუმჯობესდება. ობამას ადმინისტრაციის ოფიციალურ პირებს მიაჩნიათ, რომ წესებზე დამყარებულ ორგანიზაციაში გაწევრიანება რუსეთში ეკონომიკურ განვითარებას, დემოკრატიზაციასა და ლიბერალიზაციას ხელს შეუწყობს.

საქართველოს ფაქტორთან დაკავშირებით დევიდ ბოსკომ აღნიშნა:

„როგორც ჩანს, ქართულ მხარეს სურს, რომ ამ მოლაპარაკებებზე სასაზღვრო კონტროლის საკითხი გადაწყდეს. ჩემი აზრით, ეს ნაკლებად მოსალოდნელია რადგან რუსეთისთვის ეს საკითხი მოლაპარაკებების სფეროს სცილდება. მაგრამ საქართველოს რუსეთისგან სხვა დათმობების მიღება შეუძლია, მათ შორის სავაჭრო ემბარგოს მოხსნის ჩათვლით. ვფიქრობ თუ მოლაპარაკებები ამ მიმართულებით წარიმართა, ეს უფრო კონსტრუქციული და ნაყოფიერი იქნება.“

ჯორჯ მეისონის სახელობის უნივერსიტეტის საზოგადოებრივი და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის მთავრობისა და პოლიტიკური მეცნიერების პროფესორს მარკ კაცს მიაჩნია, რომ ყველაზე მნიშვნელოვანია გაეცეს პასუხი კითხვას ნამდვილად სურს თუ არა რუსეთს მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანება. აპირებს თუ არა რუსეთი მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის წესების შესრულებას? გაწევრიანება ხომ გარკვეულ პასუხისმგებლობას ითვალისწინებს და ორგანიზაციის წესების დარღვევისთვის წევრებზე ეკონომიკურ სანქციებს აწესებენ.

„ვფიქრობ რუსეთს საქართველოსთან მიმართებაში გარკვეულ დათმობებზე წასვლა შეუძლია. იმავდროულად რუსეთმა შეიძლება აირჩიოს ისეთი დამოკიდებულება, რომლის თანახმადაც მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში რუსეთის გაწევრიანება იმდენად მნიშვნელოვანია სხვებისთვის, რომ მოსკოვს შეიძლება სხვა სახელმწიფოების იმედი ჰქონდეს, რომ ისინი საქართველოზე ზეწოლას მოახდენენ რათა თბილისმა რუსეთის გაწევრიანება არ შეაფერხოს. ამ მხრივ რუსეთს იაპონიის მაგალითის მოყვანა შეუძლია რადგან იაპონიას რუსეთთან მიმართებაში ტერიტორიული პრეტენზიები გააჩნია, მაგრამ მიუხედავად ამისა ტოკიო რუსეთის გაწევრიანებას არ ეწინააღმდეგება, რაც მოსკოვის თვალსაზრისით იმას ნიშნავს, რომ საქართველომაც იაპონიის მაგალითს უნდა მიჰყვეს. რასაკვირველია კარგი იქნებოდა, რომ რუსეთს საქართველოსთან ურთიერთობა გაეუმჯობესებინა რადგან ეს როგორც საქართველოს ისე რუსეთის ინტერესებს ემსახურება. ჩემი აზრით, დემოკრატიული რუსეთი ამაზე წავიდოდა თუნდაც იმის გამო, რომ საქართველოსთან ურთიერთობის ნორმალიზაციის საშუალებით რუსეთი მსოფლიო თანამეგობრობასთან ურთიერთობას გაიუმჯობესებდა. სამწუხაროდ დღევანდელი რუსეთი ამდენს არ ხვდება,“ აღნიშნა პროფესორმა კაცმა.

რაც შეეხება ობამას ადმინისტრაციის მიდგომას მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში რუსეთის გაწევრიანების საკითხის მიმართ, პროფესორმა კაცმა დასძინა:

„ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს წევრმა მაიკლ მაკფოლმა ისევე როგორც ვიცე პრეზიდენტმა ბაიდენმა გარკვევით განაცხადეს, რომ ამერიკა რუსეთ-საქართველოს პროცესში ჩარევას არ აპირებს. ამგვარი მიდგომა ეყრდნობა შეხედულებას, რომლის თანახმადაც რუსეთმა საქართველოსთან უნდა ითანამშრომლოს. თუმცა ჩემი აზრით ამერიკის ჩარევა შეიძლება აუცილებელი გახდეს რათა რუსეთმა და საქართველომ რაიმე შეთანხმებას მიაღწიონ.“

XS
SM
MD
LG