ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

იალოვიცი: გაურკვეველია, როგორ განვითარდება მოვლენები


"ამერიკის ხმას" ამერიკის ყოფილი ელჩი საქართველოში კენეტ იალოვიცი ესაუბრა

გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:07:00 0:00
ბმული

ამერიკის ხმა: ბატონო კენეტ, დიდი მადლობა სტუდიაში მოსვლისთვის. თქვენ საქართველოში ამერიკის ელჩი 1998-2001 წლებში იყავით, როცა საქართველო უკიდურესად რთულ პრიოდს გადიოდა პოლიტიკური და ეკონომიკური თვალსაზრისით. რა გზა გაიარა საქართველომ მას შემდეგ და როგორ ადარებთ ერთმანეთს მაშინდელ და დღევანდელ გარემოს?

კენეტ იალოვიცი: ჩემი საქართველოში ყოფნის განმავლობაში ორი ძირითადი გამოწვევა არსებობდა. ერთი იყო ეკონომიკური. რეფორმები, რომლებიც 1990-ანების დასაწყისში განხორციელდა ძალა დაკარგა და კორუფცია უფრო გამოკვეთილად გამოჩნდა. ეკონომიკური ზრდა იკლებდა და კორუფცია მატულობდა. ეს ერთი ძალიან სერიოზული გამოწვევა იყო. მეორე, რუსეთთან ურთიერთობა გახლდათ. ხანდახან ხალხს ავიწყდება, რომ 1999 წელს საქართველო რუსეთთან დაპირისპირების ძალიან სერიოზული საფრთხის წინაშე იდგა ჩეჩნეთისა და პაკნისის ხეობის გამო. მაშინ ვშიშობდით, რომ რუსეთი ინტერვენციას აპირებდა იმ არგუმენტზე დაყრდნობით, რომ პანკისში ჩეჩენი მებრძოლები იყვნენ. როგორც მოგვიანებით აღმოჩნდა, მებრძოლები ნამდვილად იყვნენ პანკისში, მაგრამ არა იმ რაოდენობით, რომ რუსეთისთვის ჩეჩნეთში პრობლემები შეექმნათ. მაშინ ამერიკამ და ევროკავშირმა საქართველოს მთავრობასთან თანამშრომლობით შეიმუშავა პოლიტიკა, რომელმაც საბოლოო ჯამში რუსეთის ინტერვენცია ააცილა ქვეყანას.
მაშინ ეს ორი საკითხი ყველაზე დიდი გამოწვევა იყო, დემოკრატიზაციის ხარისხის კლებასთან ერთად. როგორც უკვე ვახსენე, კორუფცია იმდენად გაღრმავდა, რომ ის დემოკრაციზაციის პროცესს ხელს უშლიდა. ჩვენ ვხედავდით, რომ სისტემა ამ მიმართულებით მიდიოდა. ის, რომ დემოკრატიის პროგრესი ისე არ მიმდინარეობდა, როგორც ჩვენ ველოდით ალბათ მესამე ყველაზე დიდი გამოწვევა იყო.

ამერიკის ხმა: 2013 წელს დავუბრუნდეთ- რა ეტაპზეა ახლა ქართული დემოკრატია?

კენეტ იალოვიცი: მდგომარეობა დემოკრატიის მხრივ უკეთესია რამდენიმე სხვადასხვა დონეზე. აღმოიფხვრა წვრილმანი კორუცფია, რაშიც პრეზიდენტ სააკაშვილს დიდი წვლილი მიუძღვის. კორუფცია, ცხადია ჯერ ისევ არსებობს, მაგრამ თუ გადავხედავთ საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვებს, ჩანს, რომ საზოგადოება დღეს უფრო მეტად ენდობა ხელისუფლებას და ცენტრალურ ინსტიტუტებს. ეს ძალიან სერიოზული მიღწევაა. პრობლემა, როგორც ეს შარშან ოქტომბრის არჩევნების დროს გამოჩნდა, იყო ის, რომ არა მხოლოდ კორუფციასთან ბრძოლა არამედ ეკონომიკური პროგრესიც დემოკრატული პროცედურების კომპრომისის ხარჯზე ხდებოდა. ამან პიკს 2012 წლის ოქტომბერში მიაღწია, როცა ციხეში ადამიანის უფლებების შელახვის საშინელი ფაქტების ვიდეომასალა გავრცელდა. იყო სერიოზული შეშფოთება იმასთან დაკავშირებით, თუ საით მიდიოდა დემოკრატია საქართველოში. ის ფაქტი, რომ შარშან ოქტომბრის არჩევნები თავისუფალი, სამართლიანი და ღია იყო და პრეზიდენტმა არჩევნების შედეგები აღიარა, უდავოდ წინ გადადგმული ნაბიჯი იყო. [...] ვიტყოდი, რომ 2012 წლის ოქტომრბის არჩევნების შემდეგ საქართველომ თავი დაიმკვიდრა, როგორც სტაბილურმა ქვეყანამ და რამდენიმე დემოკრატიული ნაბიჯი გადადგა წინ. მაგრამ, ამ პროცესში მომავალი საპრეზიდენტო არჩევნები ძალიან მნიშვნელოვანი იქნება. მე საქართველოში არჩევნებზე დამკვირვებლის სტატუსით ჩავალ.
აქ მნიშვნელოვანია არა მხოლოდ თვითონ არჩევნები, არამედ ის, თუ რა ხდება არჩევნებამდე და არჩევნების შემდეგ.

ამერიკის ხმა: რა მოლოდინი გაქვთ, როგორი ვითარება გსურთ დაინახოთ და რა გაშფოთებთ?

კენეტ იალოვიცი: ის რაც დღემდე ვიცი საარცევნო პროცესზე ძალიან დადებითია. ერთ-ერთმა კანდიდატმა მითხრა, რომ მისი დემონსტრაციები შეიზღუდა, მისი აქტივისტები ან დააკავეს, ან სხვა მეთოდებით შეზღუდეს. ეს, რა თქმა უნდა, შემაშფოთებელია, მაგრამ ზოგადად ეს კამპანია ძალადობის გარეშე მიმდინარეობს. რამდენადაც მე ვხედავ, ყველა კანდიდატს მიუწვდება ხელი მედიაზე, შეიძლება ყველას თანაბრად არა, მაგრამ ეს მაინც ძალიან განსხვავდება იმისგან, რაც წარსულში იყო. საქართველოში ოპტიმიზმით სავსე მივდივარ. ერთი დიდი შეკითხვა, რომელიც ყველას აქვს არის ის, თუ რას გააკეთებს პრემიერ მინისტრი მომდევნო 6 თვის განმავლობაში. ეს სტაბილურობას ეჭვის ქვეშ აყენებს: წავა თუ არა პრემიერ მინისტრი, თუ წავა გააგრძელებს თუ არა მნიშვნელოვანი როლის შესრულებას კულისებიდან. ახალი პრეზიდენტის არჩევა ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია, მაგრამ ის მხოლოდ ერთი მხარეა. ჯერ ისევ გაურკვეველია როგორ განვითარდება მოვლენები.

ამერიკის ხმა: თქვენი აზრით, გააჩნია თუ არა საქართველოს პოლიტიკური შესაძლებლობა და ნება იმისთვის, რომ თავი გაართვას რუსეთის ზეწოლას ევრაზიის კავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით?

კენეტ იალოვიცი: პრემიერ მინისტრმა რამდენიმე კვირის წინ განაცხადა, რომ ამას განვიხილავთ იმ შემთხვევაში თუ ეს საქართველოს ინტერესებში შედის. ყველაფერი, რაც მას შემდეგ ვნახე მიუთითებს იმაზე, რომ საქართველო ბოლომდეა დაინტერესებული დასავლური ორიენტაციით. ჩვენ მხარს ვუჭერთ პრემიერ მინისტრის გადაწყვეტილებას, რომ რუსეთთან ურთიერთობა შერბილდეს, გაუმჯობესდეს დიალოგი, მაგრამ არ მგონია ვინმემ ამის გამო შეიცვალოს გადაწყვეტილება იმაზე, რომ აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი საქართველოს ნაწილია და რუსეთთან ურთიერთობის გაუმჯობესების გამო ავტომატურად არავინ აღიარებს მათ დამოუკიდებლობას. ახლა ვითარება ისე გამოიყურება, რომ ურთიერთობა გარკვეულ დონემდე გაუმჯობესდება, მაგრამ აფხზეთი და სამხრეთ ოსეთი პრობლემატურ საკითხად დარჩება, ამას ისიც დაემატება, რომ საქართველო ახლა ევროკავშირში გაწევრიანების გზას ადგას ვილნიუსში ასოცირების შეთანხმებაზე ხელმოწერით. საზოგადოებრივი გამოკითხვები აჩვენებს, რომ ქვეყანაში მყარი კონსესუსი არსებობს ამ მიმართულებით. უკანასკნელი 20 წლის განმავლობაში სწორედ ეს იყო ამერიკის პოლიტიკა რეგიონში, რომ ქვეყნის მოსახლეობამ თავად გადაწყვიტოს საკუთარი ბედი, აირჩიოს მოკავშირეები და გადაწყვიტოს რას ხელშეკრულებებს მოაწეროს ხელი. ქართველ ხალხს სწორედ ეს სურს და ჩვენ იმედი გვაქვს, რომ საბოლოო ჯამში ასეც მოხდება.

ამერიკის ხმა: თქვენი აზრით, რამდენად სავარაუდოა სამხედრო საფრთხე რუსეთიდან საქართველოს ტერიტორიაზე?

კენეტ იალოვიცი: პუტინის საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი პრიორიტეტი ევრაზიის ქვეყნების ხელახლა გაერთიანებაა. ეს არ იქნება საბჭოთა კავშირი, მაგრამ ევრაზიის საბაჟო კავშირისა და სხვადასხვა თავდაცვითი კავშირების შექმნით, რუსეთი გარკვეული რუსო-ცენტრული სტრუქტურის შექმნას ცდილობს, რომელზეც თავის გავლენას გაავრცელებს. მე ვერ ვხედავ საქართველოს წინააღმდეგ სამხედრო საფრთხეს. სამხედრო საფრთხის ერთ-ერთი შესაძლებლობა მაშინ გაჩნდება, თუ რუსეთში შიდა სიტუაცია გაუარესდება, მაგალითად დემონსტრაციებით. ამ შემთხვევაში რუსეთის ლიდერმა შეიძლება „უცხოური თავგადასავალი“ გამოიყენოს იმისთვის, რომ ხალხის ყურადღება სხვა საკითხებზე გადაიტანოს. 2008 წლის ომი რუსეთში ძალიან პოპულარული იყო, მაგრამ ამასთან უნდა ვთქვათ, რომ რუსეთმა სერიოზული დიპლომატიური დარტყმა მიიღო, რადგანაც ეს დასავლეთმა დაინახა, როგორც თავდასხმა საქართველოზე, ამასთან, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ეგრეთ წოდებულმა, დამოუკიდებლობამ რუსეთი კუთხეში მოაქცია. ამან საქართველოსთან ურთიერთობები გაყინა და ყოფილი საბჭოთა კავშირის არც ერთმა ქვეყანამ აღიარება არ გაიზიარა. ცხადია, ეს რუსეთის დიპლომატიური მარცხი იყო. სწორედ ამის გამო, ვფიქრობ, რომ მათ გააცნობიერეს, რომ სამხედრო ძალის გამოყენება უკუ-პროდუქტიული გამოდგა. 2008 წლის ომი ყოფილი საბჭოთა კავშირის საზღვრების შეცვლის პირველი მცდელობა იყო. ანუ, ახლა ამის პრეცედეტი უკვე არსებობს და ამას იგნორირებას ვერ გავუკეთებ. რისკი არის, მაგრამ არ მგონია, რომ გარდაუვალი საფრთხე არსებობდეს, რადგანაც რუსები არაფერს გააკეთებენ იმისთვის, რომ ოლიმპიადას ხელი შეუშალონ. მაგრამ ოლიმპიადის შემდეგ თუ შიდა ვითარება გაუარესდა, მე დიდ სიფრთხილეს გამოვიჩენდი.

ამერიკის ხმა: შეიძლება რუსეთმა სამხედრო ძალის საფრთხე დაშინების ბერკეტად გამოიყენოს საქართველოს წინააღმდეგ ევრაზიის კავშირში გაწევრიანებაზე დასაყოლიებლად?

კენეტ იალოვიცი: ეს საინტერესო საკითხია. ვითარება შეიძლება პირიქით განვითარდეს. თუ მაკიაველის პრინციპებს მივუსადაგებთ, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ რუსეთი შესაძლოა აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში დათმობაზე წავიდეს და სამხედრო ძალა არ გამოიყენოს. ეს ფრთხილი დიპლომატია იქნებოდა, მაგრამ ბოლო დროს რუსეთისგან ფრთხილ დიპლომატიას ვერ ვხედავთ. მათი მოქმედებები უფრო თავში ჩარტყმას გავს. არ მგონია, რომ სამხედრო საფრთხე მათი პირველი არჩევანი იყოს. ისინი უფრო ეკონომიკურ ბერკეტებს იყენებენ, როგორც მაგალითად სომხეთსა და უკარაინაში მოქმედებენ. [...] სამხედრო საფრთხეს ვერ გამოვრიცხავ, იმიტომ, რომ რუსებმა სამხედრო დანახარჯები გაზარდეს და უნდა ვკითხოთ ჩვენს თავს, თუ რისთვის აკეთებენ ამას. 2008 წელს ამერიკამ და დასავლეთის ქვეყნებმა საქართველოსადმი მხარდაჭერა გამოხატეს. თუ რუსეთს მთლიანად არ სურს დასავლეთთან ურთიერთობის დანგრევა, ვერ ვხედავ დაუყოვნებელ სამხედრო საფრთხეს საქართველოსთვის, მაგრამ ამას არც გამოვრიცხავ.

ამერიკის ხმა: რამდენად მნიშვნელოვანია საქართველო რუსეთისთვის ევრაზიის კავშირის შესაქმნელად? ღირს თუ არა საქართველო იმად, რომ რუსეთმა არარაციონალური ნაბიჯები გადადგას იმისთვის, რომ საქართველოს კავშირში შესვლა ნებისმიერი მეთოდით უზრუნველყოს?

კენეტ იალოვიცი: მე ყოველთვის ვამბობდი, რომ კავკასიის სამი ქვეყნიდან საქართველო ყველაზე მნიშვნელოვანია. რუსეთმა ჩრდილოეთ კავკასიაზე 150 წლის წინ კონტროლი ვერ დააწესა ვიდრე საქართველოში არ შევიდა. საქართველო სამხრეთის კარიბჭეა. ასევე კარიბჭეა აღმოსავლეთიდან დასავლეთისკენ. ამჟამად, საქართველოს რუსეთისთვის სხვა მნიშვნელობაც აქვს. ცხადია, რომ საქართველოს დასავლური ორიენტაცია აქვს. თუ რუსეთმა მოახერხა საქართველოს დასავლურ ამბიციებზე უარი ათქმევინოს არა სამხედრო ძალის არამედ სხვა ნაკლებად შესამჩნევი მეთოდების გამოყენებით და ქვეყანა ევრაზიის კავშირში შესვლაზე დაიყოლია, ეს რუსეთისთვის უკიდურესად დიდი მიღწევა იქნება. მაგრამ, არ ვიცი რა შეიძლება რუსებმა საქართველოს შესთავაზონ ამისთვის. ამ ეტაპზე არანაირ შეთავაზებაზე მინიშნებაც კი არ არის. ჩემი აზრით, მათთვის საქართველოს პოლიტიკა იმდენად მყარია ევროკავშირში გაწევრიანებაზე, რომ ისინი საქართველოზე არ ფიქრობენ. მათთვის მთავარი მიზანი ამ ეტაპზე უკრაინაა. ისინი ალბათ ფიქრობენ, რომ თუ შეძლეს უკრაინის დაყოლიება მაშინ საქართველო და მოლდოვა ალბათ გაწევრიანდებიან. მახსოვს წლების წინ პრეზიდენტი შევარდნაძეც კი იმას ამბობდა, რომ თუ უკრაინა არასწორი მიმართულებით წავიდა, საქართველოსთვის ძალიან რთული იქნება დასავლური ორიერნტაციის შენარჩუნება. და ეს ალბათ, დღესაც ასეა.
XS
SM
MD
LG