ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პოლონეთის ყოფილმა მინისტრმა ციხეში შიმშილობა დაიწყო


პოლონეთის შინაგან საქმეთა ყოფილმა მინისტრმა მარიუშ კამინსკიმ განაცხადა, რომ მან, როგორც „პოლიტპატიმარმა“ შიმშილობა დაიწყო. ის პოლიციამ გუშინ, პრეზიდენტის სასახლეში დააკავა. ყოფილ მინისტრს ბრალად ძალაუფლების გადამეტება ედება.

მინისტრის დაკავება, პოლონეთის ახალი პრემიერ-მინისტრის, დონალდ ტუსკის პოლიტიკის ნაწილია, რომლის ფარგლებშიც ის ცდილობს თავისი წინამორბედი "ეროვნული კანონისა და სამართლიანობის" პარტიის მიდგომები შეცვალოს და პასუხი აგებინოს ყველა პოლიტიკოსს, ვინც ძალაუფლებაში ყოფნის დროს კანონს არღვევდა.

"ეროვნული კანონისა და სამართლიანობის" პარტიას, რვაწლიანი მმართველობის დროს, კანონის უზენაესობის დარღვევაში ადანაშაულებენ. ტუსკის პროევროპული კოალიციის სწრაფვა პოლონეთის ევროკავშირის დემოკრატიულ წესებთან შესაბამისობაში მოქცევისა და ათობით მილიარდი ევროს დაფინანსების განბლოკვისკენ, მას უშუალოდ პრეზიდენტ ანჯეი დუდასთან აპირისპირებს. დუდა "ეროვნული კანონისა და სამართლიანობის" პარტიის მოკავშირეა.

"ვაცხადებ, რომ ჩემს დაკავებას პოლიტიკურ შურისძიებად აღვიქვამ. როგორც პოლიტპატიმარმა, პატიმრობის პირველივე დღე შიმშილით დავიწყე", - განაცხადა საპატიმროდან კამინსკიმ.

პოლონეთის პოლიციამ სამშაბათს, პოლონეთის პრეზიდენტის სასახლეში, კამინსკი და მისი კიდევ ერთი ყოფილი მოადგილე, მაკეი ვასიკი დააკავა. ორივე პოლიტიკოსი სასახლეში საზეიმო ცერემონიას ესწრებოდა, რომლის შემდეგაც, სასახლეში გარკვეული დროით დარჩენა გადაწყვიტა. სწორედ ამ დროს აიყვანეს ისინი სამართალდამცავებმა.

კამინსკის ძალაუფლების გადაჭარბებაში მანამდეც ედებოდა ბრალი. თუმცა, ის უარყოფდა, რომ დამნაშავე იყო. 2015 წელს დუდამ ის შეიწყალა, რითიც საშუალება მიეცა მთავრობაში მინისტრის თანამდებობა დაეკავებინა.

XS
SM
MD
LG