ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პოლონეთმა რუსეთის ორი მოქალაქე დააკავა


ფოტო არქივიდან - ვარშავა, პოლონეთის დედაქალაქი.
ფოტო არქივიდან - ვარშავა, პოლონეთის დედაქალაქი.

პოლონეთში რუსეთის ორი მოქალაქე დააკავეს, რომლებსაც ბრალი ჯაშუშობაში ედებათ. ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრი, მარიუშ კამინსკი ამბობს, რომ დაკავებულები პოლონეთში "ვაგნერის" დაქირავებულ მებრძოლთა ჯგუფის სახელით პროპაგანდას ავრცელებდნენ.

კერძოდ, კრაკოვსა და ვარშავაში, ბროშურებს არიგებდნენ და მათ სხვადასხვა ტერიტორიაზე ტოვებდნენ. ამასთან, შეტყობინებები, რომელსაც ისინი გზავნიდნენ „ვაგნერის“ დაქირავებულ მებრძოლთა ჯგუფის პროპაგანდას შეიცავდა.

„ორივეს ბრალი ჯაშუშობის მუხლით აქვს წარდგენილი“,- წერს პოლონეთის შინაგან საქმეთა მინისტრი „ტვიტერზე“.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ორივე ბრალდებული რუსეთიდან იმართებოდა და ისინი საქმიანობისთვის ანაზღაურებასაც მოსკოვიდან ელოდებოდნენ.

„მათ შესრულებული და დავალებული საქმისთვის, საერთო ჯამში, 500 000 რუბლი (4,930 ამერიკული დოლარი) უნდა მიეღოთ“, - წერია ოფიციალურ განცხადებაში.

ორივე დაკავებული მამაკაცია. მათ, არსებული ინფორმაციით, პოლონეთი 12 აგვისტოს უნდა დაეტოვებინათ, ახლა ისინი წინასწარ პატიმრობაში იმყოფებიან. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, ბრალდებულებს10 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG