ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პოლონეთი ბელარუსის საზღვართან 10,000 სამხედროს განათავსებს


პოლონეთის თავდაცვის მინისტრის, მარიუს ბლაშჩანკას განცხადებით, ბელარუსთან საზღვარზე 10,000 სამხედრო მოსამსახურეს განათავსებენ. მისი თქმით, 4, 000 სამხედრო მესაზღვრეებს დაეხმარება, 6,000 კი რეზერვში დარჩება.

ბლაშჩანკას თქმით, ორი წლის განმავლობაში პოლონეთს ევროპაში ყველაზე ძლიერი სახმელეთო არმია ეყოლება თუ თავდაცვის სფეროს გაძლიერების სამუშაო გაგრძელდება.

„სჯობს პოლონეთის არმიაზე დახარჯვა, ვიდრე უცხოეთის ჯარზე“, - განაცხადა პოლონეთის თავდაცვის მინისტრმა.

მიმდინარე კვირას პოლონეთის საზღვრის დამცველებმა ათასი სამხედროს დახმარების საჭიროებაზე განაცხადეს. ხელისუფლებამ კი თქვა, რომ საზღვარზე ხუთჯერ მეტს გაგზავნის.

პოლონეთის ხელისუფლებას ბელარუსში „ვაგნერის“ დაჯგუფების გამოჩენა აშფოთებს. ამასთან, შიშობენ, რომ ბელარუსის ხელისუფლება, გასული წლის მსგავსად, საზღვარზე არალეგალი მიგრანტების გაგზავნას დაიწყებს.

„ვაგნერის“ დაქირავებულმა სამხედროებმა ბელარუსში ჩასვლა ივნისის ბოლოს, რუსეთში ამბოხების მცდელობის შემდეგ, დაიწყეს.

ბელარუსის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ვაგნერელები ბელარუსის სამხედროებს მოამზადებენ. ისინი ბელარუსში მძიმე ჯავშანტექნიკის გარეშე ჩადიან. ვაგნერელების მთავარი ბანაკი მოგილიოვის ოლქში მდებარეობს.

პოლონეთი, ლიეტუვა, ლატვია და ესტონეთი სულ უფრო აძლიერებენ თავიანთ საზღვრებს, ბელარუსიდან მომავალი საფრთხის მოლოდინში.

XS
SM
MD
LG