გერმანია პოლონეთის საჰაერო სივრცის დაცვაში დახმარებას გააგრძელებს. ბერლინი მზად არის პოლონეთში წლის ბოლომდე დატოვოს ამერიკული წარმოების „პატრიოტის“ სამი სისტემა და მისი უზრუნველყოფისთვის საჭირო, შესაბამისი პერსონალი, საუბარია 300-მდე გერმანელ სამხედროზე.
გერმანიის თავდაცვის მინისტრი ამბობს, რომ ეს გათვალისწინებული არ ყოფილა, თუმცა დროის გახანგრძლივება შესაძლებელია მხოლოდ წლის ბოლომდე. როგორც გერმანიის თავდაცვის სამინისტრო განმარტავს, წლის ბოლოს საჰაერო თავდაცვითი სისტემების ნაწილი უნდა შემოწმდეს, ნაწილი კი - 2024 წელს ნატოს სწრაფი რეაგირების ძალების ოპერაციებში უნდა ჩაერთოს.
მანამდე პოლონეთმა გერმანიას თავად სთხოვა "პატრიოტების" გამოყენების გახანგრძლივება და საჰაერო სივრცის დაცვაში დახმარების გაგრძელება.
ბერლინმა ამერიკული „პატრიოტები“ და 300-მდე სამხედრო პოლონეთში მას შემდეგ გაგზავნა, რაც ნოემბერში უკრაინა-პოლონეთის საზღვარზე ინციდენტი მოხდა: რაკეტა, რომელიც მოგვიანებით უკრაინული საჰაერო თავდაცვის ნაწილი აღმოჩნდა, პოლონეთის პრეჟევოდოს რეგიონში ჩამოვარდა. ამ ინციდენტის შემდეგ კი პოლონეთმა მოკავშირეებთან ერთად საჰაერო სივრცის კონტროლი გაამკაცრა.
ამ დროისთვის გერმანელი სამხედროები ქალაქ ზამოსკში, უკრაინის საზღვრიდან დაახლოებით 50 კილომეტრში არიან განლაგებულნი. მათ მისიაა დაიცვან საზღვრის ეს მონაკვეთი და გადამწყვეტი სარკინიგზო ხაზი, რომელიც პოლონეთსა და უკრაინას ერთმანეთთან აკავშირებს.
„პატრიოტი“ ამერიკული წარმოების საჰაერო თავდაცვითი სისტემაა, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ეფექტურია. კიევის ცას სწორედ „პატრიოტებით“ იცავენ, არსებული მონაცემებით, ამერიკულმა სისტემამ რუსეთის „კინჯალიც“ გაანადგურა. როგორც კრემლი ამტკიცებს „კინჯალი“ ზებგერითი ტიპის რაკეტაა, რომელიც "ყველაზე სწრაფი და ეფექტური" უნდა იყოს.
ნატოში, განსაკუთრებით ევროპულ ქვეყნებში, „პატრიოტის“ სისტემები დეფიციტურია, რადგან ცივი ომის შემდეგ ბევრმა ქვეყანამ საჰაერო თავდაცვის დანაყოფების რაოდენობა შეამცირა. ევროპული ქვეყნები უკრაინის მხარდაჭერის პარალელურად ახლა ზრუნავენ, რომ მარაგები შეავსონ, წარმოება გაზარდონ და თავდაცვითი იარაღის ნაკლებობა აღარ ჰქონდეთ.
Facebook Forum