ამერიკის სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი რაჭაში, შოვში მომხდარ ტრაგედიას ეხმიანება და საკუთარ ტვიტერ გვერდზე სამძიმარის წერილს აქვეყნებს.
"ამერიკის შეერთებული შტატები სამძიმარს უცხადებს საქართველოში მეწყრით დაზარალებულებს. ჩვენი მეგობარი საქართველოს გვერდით ვდგავართ და ვაფასებთ მაშველების წამროუდგენელ თავდადებას, რომლებიც დაუღალავად მუშაობენ იმისთვის, რომ სიცოცხლეები გადაარჩინონ და დაშავებულებს დაეხმარონ",- წერს ენტონი ბლინკენი.
შოვში მომხდარ ტრაგედიას აქამდე უკვე გამოეხმაურა და ქვეყანას სამძიმარი გამოუცხადა ამერიკის საელჩო საქართველოში.
„ღრმა მწუხარებით ვუსამძიმრებთ შოვში გარდაცვლილთა ოჯახებსა და მეგობრებს, ვლოცულობთ დაკარგულთა დროულად პოვნისათვის. ამ მძიმე წუთებში, მაშველების თავდადება და ტრაგედიის პირისპირ ქართველი ხალხის გულწრფელი მხარდაჭერის სურვილით აღსავსე ერთიანობა შთამაგონებელია“, - განაცხადა საელჩომ.
განცხადება გააკეთა ევროკავშირის დელეგაციამაც: "სამძიმარს ვუცხადებთ შოვში გამანადგურებელი მეწყრის შედეგად ტრაგიკულად დაღუპულთა ოჯახებსა და მეგობრებს. ჩვენ ყურადღებით ვადევნებთ თვალს მიმდინარე სამაშველო და საევაკუაციო ოპერაციას და იმედს ვიტოვებთ, რომ სტიქიის ზონაში დაკარგული და ჩარჩენილი ადამიანები უვნებლად დაბრუნდებიან სახლებში“. პაპის სამოციქულომ: "საქართველოში წმინდა საყდრის ნუნციო გლოვობს და შოვში სტიქიის შედეგად ადამიანების დაღუპვის გამო სამძიმარს გამოხატავს. აღვავლენთ ჩვენ ლოცვას დაღუპულთათვის, დაშავებულებისთვის და დაკარგულთა გადასარჩენად" და ასევე ყველა დიპლომატიური მისიის წარმომადგენლობამ, რომელიც ქვეყანაში ფუნქციონირებს.
რაჭაში, შოვში, სტიქიის ტერიტორიაზე, მე-19 ადამიანის ცხედარი იპოვეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა თემურ მღებრიშვილმა თქვა, რომ ნაპოვნია ქალის ცხედარი.
"მდინარის კალაპოტში ნანახია მდედრობითი სქესის ადამიანის ცხედარი, ასევე ნანახია ადამიანის ცალკეული ფრაგმენტი. შეიძლება ითქვას, რომ იმ ლოკაციაზე, სადაც აღმოჩენილია ფრაგმენტი და ადამიანის ცხედარი, აქტიური სამუშაოების შედეგად მოხდა ეს ყველაფერი. მიმდინარეობს კონკრეტულ ლოკაციაზე დამატებითი მობილიზება, რათა უფრო მეტად გავაფართოოთ ძებნა-შველის არეალი. ამ ეტაპზე იდენტიფიცირებაზე საუბარი ნაადრევია", - თქვა მან.
სამაშველო სამუშაოები შოვში სტიქიური უბედურებიდან სამ საათში დაიწყო. წინა დღეებისგან განსხვავებით, 7 აგვისტოს ვერცერთი დაკარგულის ცხედარი ვერ იპოვეს. მე-19 დაკარგულის, ქალის, ცხედარი ბოლო ორ დღეში მიმდინარე სამძებრო სამუშაოების შედეგად ნახეს.