ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სტიქიის ზონაში 50-მდე ადამიანთან დაკავშირება ვერ ხერხდება - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური


შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა თემურ მღებრიშვილმა ტელეკომპანია „იმედის" ეთერში ილაპარაკა რაჭაში 3 აგვისტოს მომხდარი სტიქიის გამო მიმდინარე სამაშველო სამუშაოების შესახებ. როგორც მღებრიშვილი აცხადებს, ამჟამად 50-მდე ადამიანთან ვერ ხერხდება დაკავშირება. „მთელი ღამის განმავლობაში ვეცდები ამ ინფორმაციის გადამოწმებას, გაფილტვრას და, შესაბამისად, ყველანაირი ზომის მიღებას", - აღნიშნა მან.

თემურ მღებრიშვილის განცხადებით, 150-მდე ადამიანი გადაყვანილია სტიქიის ზონასთან, უსაფრთხო ადგილზე, მაშველებთან და პოლიციასთან ერთად.

„არ გამოვრიცხავთ, რომ ის ადამიანები, რომლებთანაც ვერ ხერხდება დაკავშირება, შესაძლოა, მათ რიცხვში იყვნენ. შესაბამისად, მთელი ღამის განმავლობაში გადავამოწმებთ ინფორმაციას. თუ ვინმე ვერ უკავშირდება ახლობელს, მოვუწოდებ, დაგვიკავშირდეს შტაბში, ცხელ ხაზზე: 598 91 30 89 ან 112-ზე", - თქვა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა.

როგორც მღებრიშვილი ამბობს, 4 აგვისტოს დაგეგმილია დარჩენილი ადამიანების გადმოყვანა, რომლებიც ამ წუთას უსაფრთხო ადგილზე იმყოფებიან მეხანძრე-მაშველებთან და პოლიციის თანამშრომლებთან ერთად.

„თუ ამინდმა შეგვიწყო ხელი, დილის 06:00 საათიდან დავიწყებთ ვერტმფრენით ადამიანების უსაფრთხო ადგილზე გადმოყვანას," - განაცხადა თემურ მღებრიშვილმა.

თემურ მღებრიშვილმა დაამატა, რომ დამატებითი ძალების ან ტექნიკის მობილიზების საჭიროება ჯერჯერობით არ არსებობს.

შსს-ს ცნობით, სამაშველო ღონისძიებაში ჩართულია 400-მდე მეხანძრე-მაშველი და შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფების წარმომადგენლები. ღონისძიებაში მონაწილეობდა ორი ვერტმფრენი.

რაჭაში, შოვში, მეწყრის ჩამოწოლის შესახებ ინფორმაცია 3 აგვისტოს გავრცელდა. მდინარე ბუმბურას ადიდების შედეგად ონის მუნიციპალიტეტის კურორტ შოვში სასტუმრო „სანსეტ შოვის“ მახლობლად მეწყერი ჩამოწვა.

ონის მუნიციპალიტეტის მერიის ცნობით, მთაში მოსული ძლიერი წვიმის შედეგად ადიდებულმა მდ. ჭანჭახმა შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი(ჭომა)-ალპანა-მამისონის უღელტეხილის საავტომობილო გზის 136-ე კმ-ზე არსებული დროებითი სარმის ხიდი და 139-კმ-ზე არსებული ხიდი (შოვი) წაიღო, რის გამოც გზის აღნიშნულ მონაკვეთებზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

Facebook Forum

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG