უკრაინა, მოკავშირეებთან ერთად, საკუთარი სამშვიდობო გეგმის ირგვლივ მხარდამჭერების შემოკრებას ცდილობს. საგანგებო ფორუმი საუდის არაბეთში პარასკევს, 4 აგვისტოს აიღებს სტარტს. ჯედაში გადამწყვეტი შეხვედრები შაბათს და კვირას გაიმართება, რომლებშიც უკრაინასთან ერთად, სულ ცოტა 40 ქვეყნის დიპლომატი, ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველი და სხვა მაღალჩინოსანი მიიღებს მონაწილეობას.
კიევს იმედი აქვს, რომ საუდის არაბეთში სამშვიდობო გეგმის ერთგვარ მონახაზზე შეთანხმდებიან. ის სამომავლოდ საფუძვლად დაედება რუსეთის მიერ უკრაინაში 2022 წლის თებერვალში დაწყებული სრულმასშტაბიანი ომის მშვიდობიან დარეგულირებას.
უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის ადმინისტრაციის განცხადებით, სამშვიდობო გეგმა უკრაინიდან რუსეთის ჯარების სრულ გაყვანას ეფუძნება. ზელენსკის სამშვიდობო გეგმა ასევე ითვალისწინებს უკრაინის ომამდელი საზღვრების აღდგენას და ყველა პატიმრის, თუ დეპორტირებული ბავშვის შინ დაბრუნებას.
ჯონ კირბის, თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორის განმარტებით, ჯედაში დაგეგმილი ფორუმის ერთ-ერთი მიზანი სწორედ ისაა, რომ „საერთაშორისო საზოგადოების მეტი ნაწილი გაეცნოს პრეზიდენტ ზელენსკის სამშვიდობო ფორმულას და მოხდეს მის დაწინაურებაში მხარდაჭერის მოპოვება“.
კირბი „ამერიკის ხმის“ უკრაინულ სამსახურს ვაშინგტონში 3 აგვისტოს ესაუბრა. ის ამბობს, რომ ამ პროცესში არცერთი წამით არ უნდა მოხდეს წამყვანი პრინციპის, მთავარი ფოკუსის დაკარგვა, რაც კირბის აზრით, არის ქვეყნის „ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტის პატივისცემა. სწორედ ამიტომაც პრეზიდენტ ზელენსკის [სამშვიდობო] ფორმულა ამ იდეას, გაეროს ქარტიის ფუნდამენტურ პრინციპს ეყრდნობა“.
თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორი ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ საუდის არაბეთში დაგეგმილი ფორუმი არ წარმოადგენს ომის შეწყვეტის მიზნით სამშვიდობო მოლაპარაკებას. ეს უფრო სამშვიდობო გეგმის გაცნობის და განმარტებების მიზნით მოწყობილი შეხვედრების სერია იქნება, რომელზეც შეეცდებიან, რომ ზელენსკის კონცეფცია მეტად დაიხვეწოს და დაზუსტდეს. კირბის თქმით, „ხალხმა არ უნდა ჩათვალოს, რომ ჯედაში გამართულ შეხვედრებზე გარკვეული, ხელშესახები შედეგები დაიდება. ეს უფრო მიმდინარე საუბრებია იმაზე, თუ როგორი შეიძლება იყოს სამშვიდობო ფორმულა. ასე რომ - არა, მოლაპარაკებები არ იქნება“.
ამას ემატება ისიც, რომ კირბის აზრით, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი მოლაპარაკების სურვილს ჯერჯერობით არ ავლენს. „უფრო პირიქით, ბოლო 12-48 საათში მეტი იერიშის მოწმე ვართ ... ის ყველაფერს აკეთებს შესაძლებლობის ფარგლებში, რომ არამარტო ის ტერიტორია განიმტკიცოს აღმოსავლეთ უკრაინაში, რომელიც მას არ ეკუთვნის, არამედ შეზღუდოს უკრაინის შესაძლებლობები, მათ შორის ხორბლეულის ექსპორტის მიმართულებით“.
თეთრი სახლის სპიკერი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში თვლის, რომ როგორც ადრე, ახლაც ყველაფერი რუსეთის პრეზიდენტზეა დამოკიდებული. „ხვალვე დასრულდება ეს, ბატონმა პუტინმა რომ თავისი ჯარები [უკრაინიდან] გამოიყვანოს“ - ამბობს კირბი და დასძენს, რომ შეერთებული შტატების სურვილია, „ეს ომი რაც შეიძლება სწრაფად დასრულდეს“.
საუდის არაბეთში დაგეგმილ შეხვედრებთან დაკავშირებით მოსკოვი აცხადებს, რომ ის თვალს მიადევნებს ჯედაში დაგეგმილ მოლაპარაკებებს. კრემლის სპიკერმა დმიტრი პესკოვმა ორშაბათს, 31 ივლისს თქვა: "რა თქმა უნდა, რუსეთი თვალს ადევნებს ამ შეხვედრას. ჩვენ უნდა გავიგოთ, რა მიზანი აქვს მას და რა იქნება განხილული. [ვითარების] მშვიდობიანი მოგვარების ნებისმიერი მცდელობა დადებით შეფასებას იმსახურებს".
თუმცა, პესკოვმა ასევე გაიმეორა მოსკოვის პოზიცია, რომ იგი ამჟამად ვერ ხედავს კიევთან სამშვიდობო მოლაპარაკებების საფუძველს. „კიევის რეჟიმს არ სურდა და არ სურს მშვიდობა. ის გამოიყენება მხოლოდ როგორც კოლექტიური დასავლეთის იარაღი რუსეთთან ომში“ - თქვა მან ჟურნალისტებთან საუბრისას.
Facebook Forum