რუსეთი ეკონომიკური გაერთიანება „ბრიქსის“ გაფართოებას მხარს უჭერს და აცხადებს, რომ ჯგუფს ახალი წევრების დამატება გააძლიერებს.
„ბრიქსი“ ამ დროისთვის ბრაზილიას, რუსეთს, ინდოეთს, ჩინეთს და სამხრეთ აფრიკას აერთიანებს. მოსკოვი ჯგუფს, გლობალურ საკითხებში, აშშ-ის ხელმძღვანელობით დასავლეთის მნიშვნელოვან და გავლენიან საპირწონედ ხედავს.
„რა თქმა უნდა, ჩვენ გვჯერა, რომ ამა თუ იმ ფორმით, BRICS-ის გაფართოება ხელს შეუწყობს ამ ორგანიზაციის შემდგომ განვითარებასა და გაძლიერებას“, - განუცხადა ჟურნალისტებს კრემლის სპიკერმა, დმიტრი პესკოვმა.
პესკოვმა ეს კომენტარი ბრაზილიის პრეზიდენტის, ლუის ინასიო ლულა და სილვას განცხადების შესახებ გააკეთა. ბრაზილიის პრეზიდენტმა თქვა, რომ მათი სურვილის შემთხვევაში, ჯგუფში საუდის არაბეთის, არგენტინისა და არაბთა გაერთიანებული საამიროების გაწევრიანება „განსაკუთრებით მნიშვნელოვანი“ იქნებოდა.
პესკოვი აცხადებს, რომ რუსეთს სამივე ქვეყანასთან კონსტრუქციული კავშირები აქვს. თუმცა, ასევე თქვა, რომ კონკრეტულ კანდიდატ ქვეყნებთან დაკავშირებით, ჯგუფმა მოვლენებს არ უნდა გაუსწროს, სანამ ეს თემა სამხრეთ აფრიკაში დაგეგმილ „ბრიქსის“ სამიტზე არ განიხილება. სამიტი 22-24 აგვისტოსაა დაგეგმილი.
სამიტზე, რუსეთს საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი წარმოადგენს. მიმომხილველთა ნაწილი ფიქრობს, რომ პრეზიდენტმა პუტინმა, სამიტში მონაწილეობა, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიერ, მასზე გაცემული დაკავების ორდერის გამო გადაიფიქრა. ამ შეხედულებას მოსკოვი უარყოფს. სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ, ვლადიმირ პუტინის დაკავების ორდერი, უკრაინაში რუსული ძალების მიერ ჩადენილი ომის დანაშაულების საქმეზე გასცა.