ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სამხრეთ აფრიკა: პუტინი BRICS-ის სამიტს "ორმხრივი თანხმობის" საფუძველზე არ დაესწრება


რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი, აგვისტოში BRICS-ის განვითარებადი ეკონომიკების ჯგუფის სამიტს სამხრეთ აფრიკაში „ურთიერთშეთანხმების“ საფუძველზე არ დაესწრება. ინფორმაციას ამის შესახებ, სამხრეთ აფრიკის პრეზიდენტი ავრცელებს.

"იოჰანსბურგის სამიტზე ბრაზილიის, ინდოეთის, ჩინეთისა და სამხრეთ აფრიკის ლიდერებთან ერთად რუსეთს მისი საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი წარადგენს", - ნათქვამია პრეზიდენტის განცხადებაში.

სამხრეთ აფრიკა სამიტის მასპინძლობისას დილემის წინაშე აღმოჩნდა: როგორც საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს (ICC) წევრი, ვალდებული იქნებოდა პუტინი დაეპატიმრებინა ომის დანაშაულისთვის იმ შემთხვევაში, თუ ის ქვეყანაში ჩავიდოდა.

საერთაშორისო სასამართლომ მარტში პუტინის დაკავების ბრძანება უკრაინიდან ბავშვების არაკანონიერი დეპორტაციის საქმის გამო გასცა.

მოსკოვს არ აქვს ვალდებულება საერთაშორისო სისხლის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება აღასრულოს, ვინაიდან ის ამ სასამართლოს წევრი არაა. თუმცა, წესით, ნებისმიერი ქვეყანა, რომელიც სასამართლოს წევრია, ვალდებულია დააპატიმროს პუტინი საზღვრის კვეთის შემთხვევაში.

რუსეთი არ მალავს პროგრამას, რომლის ფარგლებშიც ათასობით უკრაინელი ბავშვი ჩაიყვანა რუსეთში, მაგრამ ამას ომის ზონაში მიტოვებული ობლებისა და ბავშვების დასაცავად წარმოებულ ჰუმანიტარულ კამპანიას უწოდებს.

სამხრეთ აფრიკის პრეზიდენტმა ამ განცხადებამდე ცოტა ხნით ადრე თქვა, რომ ვლადიმირ პუტინის დაკავება ეკონომიკურ სამიტზე მისი ქვეყნის მხრიდან "ომის გამოცხადების" ტოლფასი იქნებოდა. ამ განცხადებაზ პასუხად, კრემლმა თქვა, რომ მსგავსი შეფასება მოსკოვის მხრიდან არ გაკეთებულა და რომ კრემლს არ უთქვამს აფრიკელი ლიდერისთვის, რომ ეს "ომის" ნიშანი იქნებოდა. ამ განცხადებბეიდან მალევე, სამხრეთ აფრიკამ ოფიციალურად განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტი სამიტს "ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე" არ დაესწრება.

XS
SM
MD
LG