უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, ნიუ-იორკში, ვიზიტით იმყოფება. ის გაეროს გენერალურ მდივანს შეხვდა. შეხვედრაზე განსახილველი მთავარი საკითხი, რუსეთის მიერ, მარცვლეულის შეთანხმებაში მონაწილეობის შეწყვეტის შემდეგ, უკრაინული მარცვლეულის შავი ზღვის გავლით ექსპორტის გაგრძელება და ამისთვის გზების მოძიება იყო.
დმიტრო კულებამ, ანტონიო გუტერეშს უკრაინის პრეზიდენტის ინიციატივას გააცნო, რომელიც შავი ზღვის მარცვლეულის ინიციატივის, რუსეთის მონაწილეობის გარეშე გაგრძელებას გულისხმობს.
რუსეთმა განაცხადა, რომ შეთანხმებაში მონაწილეობას აჩერებს. მიზეზად კი საკუთარი პირობების შეუსრულებლობა დაასახელა. შავი ზღვის მარცვლეულის შეთანხმების საშუალებით, რომელიც გასულ წელს, გაეროსა და თურქეთის შუამავლობით, რუსეთსა და უკრაინას შორის დაიდო, რუსეთის მიერ ბლოკირებული უკრაინული პორტებიდან, მარცვლეულის ექსპორტი ხორციელდებოდა.
"უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ, ოფიციალურად მიმართა თურქეთის პრეზიდენტს და გაეროს გენერალურ მდივანს, შავი ზღვის მარცვლეულის ინიციატივის ფუნქციონირება, რუსეთის ფედერაციის მონაწილეობის გარეშე გაგრძელდეს. ჩამოერთვას [რუსეთს] ამ საკითხით როგორც ჩვენი, ასევე მთელი მსოფლიოს შანტაჟის შესაძლებლობა", - განუცხადა დმიტრო კულებამ "ამერიკის ხმის" უკრაინულ რედაქციას ნიუ-იორკში, გაეროს გენერალურ მდივანთან შეხვედრამდე.
"რუსეთმა ინიციატივა აქამდეც დატოვა. მაგრამ, პოლიტიკური ნების არსებობის შემთხვევაში, გაეროს, თურქეთსა და უკრაინას, ამ ინიციატივის ფუნქციონირებისთვის საკმარისი რესურსი აქვს. ჩვენ ნათლად ვაცხადებთ, რომ გვაქვს პოლიტიკური ნება", - თქვა კულებამ.
კულებას თქმით, მარცვლეულის შეთანხმება "უმნიშვნელოვანესია" გლობალურად საკვებზე ფასების მომატებისგან თავის ასაცილებლად.
"გეგმა - ა არის შავი ზღვის მარცვლეულის ინიციატივის გაგრძელება. ჩვენ გვესმის, რომ ამის მისაღწევად მუშაობაა საჭირო. გეგმა - ბ არის უკრაინული მარცვლეულის მიწოდება მსოფლიო ბაზრებზე შავი ზღვის გავლით, მაგრამ ალტერნატიული მარშრუტით. ასეთი გეგმა - ბ არსებობს.
ასევე არის კიდევ ერთი გეგმა - ყველა შესაძლო გეგმიდან საუკეთესო; რუსების უბრალოდ უკრაინიდან განდევნა, პორტების ბლოკადის მოხსნა, ყირიმის უკრანისთვის დაბრუნება და შავი ზღვის სავაჭრო გზებზე საფრთხის მოხსნა... რამდენიც არ უნდა ვიმუშაოთ გეგმა -ა-ზე და ბ-ზე. ვიდრე გეგმა-გ არ განხორციელდება, რუსეთს შანტაჟის ეს ინსტრუმენტები ექნება", - განუცხადა კულებამ "ამერიკის ხმას".
უკრაინის მთავრობაში ამბობენ, რომ კომპანიები, რომლებიც შესაბამის გემებს ფლობენ, მზად არიან ექსპორტში მონაწილეობს გასაგრძელებლად, რუსეთის მიერ შეთანხმების დატოვების მიუხედავად.
"რუსეთის მიერ მარცვლეულის ინიციატივის დატოვება, მაშინვე დაარტყამს აზიისა და აფრიკის ქვეყნებს. უპირველეს ყოვლისა, ამ გადაწყვეტილების შედეგი სწორედ იქ იგრძნობა. გენერალური მდივნისა და თურქეთის უფლებამოსილებაშია ამის აღკვეთა და ამ რეგიონების გადარჩენა", - ამბობს კულება.
რუსეთმა შეთანხმებაში მონაწილეობა, მისი ვადის გასვლასთან ერთად, 17 ივლისს შეაჩერა და უარი თქვა შეთანხმების გაგრძელებაზე. თუმცა, შეთანხმების მომლაპარაკებლები, მათ შორის თურქეთი, იმედოვნებენ, რომ კრემლი პოზიციას შეიცვლის.