18 ივლისს რუსეთის სახელმწიფო დუმამ მესამე და ბოლო მოსმენით კანონპროექტი მიიღო, რომელიც რამდენიმე სამხედრო პოზიციისთვის რეზერვში ყოფნის ვალდებულებას 5 წლით ახანგრძლივებს და სავალდებული სამხედრო სამსახურისთვის ზედა ასაკობრივ ზღვარს, დღეს არსებული, 27 წლიდან 30 წლამდე ზრდის.
კანონპროექტის თანახმად, პირველი კატეგორიის სამხედრო მოსამსახურეებისთვის ასაკობრივი ზღვარი 35-დან 40 წლამდე გაიზარდა, მეორეში - 45-დან 50 წლამდე, მესამში კი 50-დან 55 წლამდე.
რუსული გამოცემა „RBC” ასევე იუწყება, რომ მაღალი სამხედრო წოდების მქონე ოფიცრებისთვის, სამობილიზაციო რეზერვში ყოფნის ვალდებულება 65 წლამდე გაიზარდა, უმცროსი ოფიცრებისთვის კი 60-მდე.
გამოცემა აღნიშნავს, რომ ივლისში რუსეთის პარლამენტმა შესაძლოა მეორე და მესამე მოსმენით განიხილოს კანონპროექტი სამხედრო სამსახურის ასაკის ეტაპობრივი ზრდის შესახებაც. ამის შესახებ დუმაში თავდაცვის კომიტეტის ხელმძღვანელმა ანდრეი კარტაპოლოვმა განაცხადა.
სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევის ასაკის ამაღლების წინადადებით რუსეთის თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ 2022 წლის დეკემბერში გამოვიდა. პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ინიციატივას მხარი საჯაროდ დაუჭირა და მთავრობამ მისი წინადადება მაისის ბოლოს დაამტკიცა.
შოიგუს შეთავაზებით, ჯარში 18-ის ნაცვლად 21 წლის მამაკაცებს გაიწვევენ და მათ რეზერვში დარჩენის ვალდებულება 27 წლის ნაცვლად 30 წლამდე ექნებათ. შოიგუს თქმით, მას სურს რუსეთის ჯარის შემადგნლობა 1,15 მილიონიდან 1,5 მილიონამდე გაზარდოს.