ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ყირიმის ხიდი და კონტრიერიში - რა ხდება უკრაინის სამხრეთში?


17 ივლისს, ქერჩის სრუტეში, რუსეთის მიერ ანექსირებულ ყირიმთან დამაკავშირებელ ხიდზე აფეთქება მოხდა. აფეთქებამ ორი მიმართულების საავტომობილო გზა დააზიანა. საოკუპაციო ძალების დე-ფაქტო ხელისუფლებამ საგანგებო ვითარება გამოაცხადა. ხოლო, სამშაბათს კრემლა განაცხადა, რომ ყირიმში 30-მდე უკრაინული დრონის იერიში მოიგერიეს. ხიდი უკრაინაში მყოფი რუსი სამხედროებისთვის მომარაგების ერთ-ერთი უმნიშვნლოვანესი არხია.

რა მოხდა ხიდზე?

პირველად ოფიციალური განცხადება, ყირიმში საოკუპაციო ძალების ე.წ. მთავრობის მეთაურმა სერგეი აკსიონოვმა „ტელეგრამზე“ გააკეთა, თქვა, რომ ხიდზე მოძრაობა შეიზღუდა. მოგვვიანებით, რუსეთის ანტიტერორისტულმა კომიტეტმა თქვა, რომ ხიდზე თავდასხმა ორი საზღვაო დრონით მოხდა.

რუსი თუ პრო-რუსი სამხედრო ბლოგერების ცნობით, აფეთქებები გამთენიას, ადგილობრივი დროით 3:02 და 3:20 საათზე მოხდა. სამხრეთ უკრაინაში საოკუპაციო ძალების ერთ-ერთი დეფაქტო ოფიციალური პირი ვლადიმირ როგოვი ადასტურებდა, რომ დაზიანდა ხიდის საავტომობილო ხაზეები. ოფიციალური პირების თქმით, თავდასხმისას გარდაიცვალა ერთი წყვილი, მათი ქალიშვილი კი დაშავდა. სარკინიგზო მიმოსვლა ორშაბათ დილით განახლდა, თუმცა მძღოლებს ურჩევენ ალტერნატიული გზები გამოიყენონ.

გამოხმაურებები

რუსეთის პრეზიდენტმა უკრაინა დაადანაშაულა და თქვა, რომ ეს „ტერორისტული თვდასხმაა“, რომლის გამოც აუცილებლად იძიებენ შურს. მან თქვა, რომ ხიდს „სამხედრო მნიშვნელობა“ არ ჰქონია. „რუსეთისგან ყირიმის ხიდზე ამ ტერორისტული თავდასხმის საპასუხო ზომები იქნება მიღებული. თავდაცვის სამინისტრო შესაბამის ვარიანტებზე უკვე მუშაობს. გავიმეორებ, რომ რაც მოხდა კიევის რეჟიმის კიდევ ერთი ტერორისტული თავდასხმაა“, - განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა.

ხიდის აფეთქებიდან ერთი დღის თავზე, მოსკოვმა უკრაინის ქალაქებზე, ოდესასა და მიკოლაევზე სარაკეტო იერიში მიიტანა.

რუსეთის ოფიციალური პირები ერთხმად უკრაინას ადანაშაულებენ. ანტიტერორისტული კომიტეტი ამბობს, რომ ამ იერიშებს, როგორც ტერორისტულ აქტს, ისე იძიებს.

ყველას სურს, რომ კონტრიერიში უფრო სწრაფად წარიმართოს, რადგან ეს ნიშნავს, რომ ჩვენ უფრო მივუახლოვდებოდით უკრაინის გამარჯვებას. მაგრამ რეალისტები უნდა ვიყოთ. რუსებს ბოლო რამდენიმე თვე ამაოდ არ დაუკარგავთ. ისინი ძალიან დიდ ძალისხმევას დებდნენ მთელი ამ მინდვრების დანაღმვაში და ეს ძალიან ძნელია უკრაინული ძალებისთვის“,
- ბენ ჰოჯესი.

უკრაინას პირდაპირი პასუხისმგებლობა თავდასხმაზე არ აუღია, თუმცა ხელისუფლების სხვადასხვა წარმომადგენელი სხვა ამგვავრი შემთხვევების მსგავსად, ორაზროვნად ან მინიშნებებით საუბრობს. უკრაინის უშიშროების სამსახურის პრესსპიკერი არტემ დეხტიარენკო კი ამბობს, რომ უკრაინა „ინტერესით უყურებს იმას, თუ როგორ კიდევ ერთხელ ვერ გაუძლო სამხედრო დატვირთვას პუტინის რეჟიმის ერთ-ერთმა სიმბოლომ“.

უკრაინის დაზვერვის სამსახური ამბობს, რომ ხიდის დაზიანება რუსული ძალებისთვის ლოგისტიკურ პრობლემებს გამოიწვევს. თუმცა უწყების პრეს-სპიკერმა ანდრი იუსოვმა დაზიანების მიზეზებზე კომენტარი არ გაააკეთა და თქვა, რომ მხოლოდ დაზვერვის მეთაურის, კირილ ბუდანოვის სიტყვებს გაიმეორებს, რომ „ყირიმის ხიდი არასტაბილური ნაგებობაა“.

„ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუში უკრაინის სამხრეთის სარდლობის პრეს-სპიკერმა ნატალია ჰუმენიუკმა, თქვა, რომ მტრის ლოგისტიკური მარშრუტების დაზიანება მისი სამხედრო პოტენციალის განადგურებაა, და გაართულებს საოკუპაციო ძალების მომარაგებას.

მისი განმარტებით, ნებისმიერი ის „არტერია“, რომლითაც მტერი ადამიანურ თუ სამხედრო რესურსს იღებს, ლეგიტიმური სამიზნეა უკრაინის თავდაცვის ძალებისთვის, შესაბამისად მისი განადგურება კი - წარმატება კონტრიერიშის ფარგლებში.

ზოგიერთი პრო-კრემლისტური არხის თანახმად, პრეზიდენტს აცნობეს, რომ ხიდზე ერთი მიმართულებით მოძრაობა 15 სექტემბერს აღდგება, მეორე მიმართულებით კი დაახლოებით ნოემბრისთვის.

რა არის ქერჩის ხიდი მოსკოვისთვის?

ყირიმის ხიდი 19-კმ-ის სიგრძისაა და ის ქერჩის სრუტეზე გადის. ის ერთადერთი უშუალო დამაკავშირებელი, სატრანსპორტო და სარკინიგზო გზაა ანექსირებულ ყირიმსა და რუსეთს შორის.

თუმცა სატრანსპორტო, ლოგისტიკურ და სამხედრო მნიშვნელობასთან ერთად, „ქერჩის ხიდი“ ვლადიმირ პუტინის პრესტიჟის პროექტია. ხიდი მან თავად ზარზეიმით 2018 წელს გახსნა. ხიდის აშენება ოფიციალური ინფორმაციით, 3.6 მილიარდი დოლარი დაჯდა და ის ძიუდოში ვლადიმირ პუტინის ყოფილი პარტნიორისა და ახლო მოკავშირის არკადი როტენბერგის კომპანიამ ააშენა. ხიდი რამდენიმე საავტომობილო და სარკინიგზო ხაზისგან შედგება.

"ომის კვლევის ინსტიტუტის" ყოველდღიურ ანალიტიკურ ბიულეტენში ნათქვამია, რომ ქერჩის ხიდის დაზიანებას სავარაუდოდ, სამხრეთ უკრაინაში რუსულ ლოგისტიკაზე ხანგრძლივი გავლენა ექნება. რუსულმა საოკუპაციო ძალებმა სამოქალაქო სატრანსპორტო მიმოსვლის მარშრუტი შეცვალეს და ის ახლა სხვა ოკუპირებული ტერიტორიების გავლით უნდა განხორციელდეს. სხვადასხვა რუსული წყარო წერდა, რომ ყირიმის ჯანკოის რაიონსა და ოკუპირებული ხერსონის რაიონში მელიტოპოლის მიმართულებით მასშტაბური საცობებია. ამასთან, ყირიმს რუსი ტურისტების ნაწილიც ტოვებს.

ხიდზე აფეთქება მოხდა გასული წლის ოქტომბერშიც. მაშინ ეს რუსული ძალების ინფორმაციით, გზაზე მიმავალმა სატვირთომ გამოწვია. მაშინაც პრეზიდენტმა პუტინმა ეს აფეთქება უკრაინული უსაფრთხოების სამსახურების მიერ ორგანიზებულ ტერორისტულ თავდასხმად შეაფასა და უკრაინის არაერთ ქალაქზე საპასუხო საჰაერო იერიშების ბრძანება გასცა. უკრაინამ იმ თავდასხმაზე მხოლოდ ირიბად აიღო პასუხისმგებლობა, როცა პრეზიდენტმა ზელენსკიმ 2022 წლის მიღწევეებს შორის ერთ-ერთად ყირიმის ხიდის დაზიანებაც ახსენა.

დასავლელ სამხედრო ანალიტიკოსთა ნაწილი ამბობს, რომ უკრაინას კონტრიერიშის ფარგლებში, ერთი მხრივ ქვეყნის სამხრეთში საოკუპაციო ხაზის გაწყვეტა სჭირდება, მეორე მხრივ კი სწორედ ყირიმის ხიდის დაზიანება, რათა მომარაგების ჯაჭვი განადგურდეს.

რა ეტაპზეა კონტრიერიში?

უკრაინა უკვე თვეზე მეტია რუსეთის საოკუპაციო ძალებს ქვეყნის ტერიტორიის გასათავისუფლებლად რამდენიმე მიმართულებით უტევს. პრეზიდენტი ზელენსკი აღიარებს, რომ იერიშის პროგრესი იმაზე ნელია, ვიდრე სასურველი იქნებოდა, თუმცა ამბობს, რომ ტერიტორიების უდიდესი ნაწილი დანაღმულია და მტერს ძალიან დიდი დრო ჰქონდა თავდაცვის ხაზების გასამაგრებლად. შესაბამისად, იერიშის დაჩქარება კიევისთვის კიდევ უფრო მეტ მსხვერპლთან იქნება დაკავშირებული.

ამერიკელი სამხედრო ანალიტიკოსების ნაწილი ამბობს, რომ შეფასება იმისა, თუ როგორ მიდის იერიში ჯერ ადრეა. ანალიტიკოსების თქმით, უკრაინული ძალები სხვადასხვა მიმართულებით ძალებს სინჯავენ და საიერიშო ოპერაციებში ჯარის მხოლოდ 20-30%-ია ჩართული.

„რეალისტები უნდა ვიყოთ. რუსებს ბოლო რამდენიმე თვე ამაოდ არ დაუკარგავთ. ისინი ძალიან დიდ ძალისხმევას დებდნენ მთელი ამ მინდვრების დანაღმვაში და ეს ვითარებას ართულებს [უკრაინული ძალებისთვის]“, - ამბობს თადარიგის გენერალი ბენ ჰოჯესი.

უკრაინის გენერალური შტაბი არ გაწირავს თავისი ჯარისკაცების სიცოცხლეს იმისთვის, რომ ჩვენ, დასავლეთში კმაყოფილნი, ბედნიერნი ვიყოთ იმით, რომ ეს ყველაფერი უფრო სწრაფად განვითარდეს",
- ბენ ჰოჯესი

ამერიკის შეიარაღებული ძალების ყოფილი მთავარსარდალი ევროპაში ამბობს, რომ მაშინ, როდესაც დასავლელ პარტნიორებს ჯერაც არ გადაუწყვეტიათ კიევისთვის ავიამოიერიშეების ან მოწინავე, გრძელი რადიუსის მქონე თავდასხმითი იარაღის გადაცემის საკითხი, დაუსაბუთებელია იმის მოლოდინი, რომ უკრაინელები სწრაფად მოიპოვებენ გადამწყვეტ უპირატესობას და გაანადგურებენ რუსულ სამეთაურო ცენტრებს, ლოგისტიკურ კვანძებს და სხვა მნიშვნელოვან ობიექტებს.

ამ ფონზე, თადარიგის გენერალ-ლეიტენანტი ფიქრობს, რომ უკრაინის გენშტაბი მართებულ გადაწყვეტილებებს იღებს.

"მათ ბევრი გაიგეს რუსული თავდაცვის შესახებ. ისინი ეძებენ სუსტ წერტილებს, რომელთა გარღვევაც შეეძლებათ. უკრაინელთა ბრიგადების უმეტესობა ჯერ ამ ოპერაციებში ჩართული არცკია. ისინი იყენებენ მოწინავე ბრიგადებს იმისთვის, რომ დააბნიონ რუსები, აიძულონ მათ ძალების გადანაწილება და შეუძლებელი გახადონ იმის გამოცნობა, სად იქნება მთავარი დარტყმა. ისინი ძალიან მეთოდურად მიიწევენ წინ", - ამბობს ჰოჯესი და დასძენს, რომ გენშტაბის გადაწყვეტილებები არ იქნება დასავლეთის მოლოდინებით განპირობებული.

"უკრაინის გენერალური შტაბი არ გაწირავს თავისი ჯარისკაცების სიცოცხლეს იმისთვის, რომ ჩვენ, დასავლეთში კმაყოფილნი, ბედნიერნი ვიყოთ იმით, რომ ეს ყველაფერი უფრო სწრაფად განვითარდეს. ვფიქრობ, შედარებით მალე, გადამწყვეტი მომენტების მოწმენი გავხდებით. და სწორედ ამის შემდეგ ვნახავთ უკვე იმას, თუ როგორ მოქმედებს მასშტაბური, შეიარაღებული ძალები, როგორ გადააადგილდება ის [რუსების] თავდაცვის სიღრმეში, ასეთია ჩემი მოლოდინი", - ამბობს ის.

XS
SM
MD
LG