ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აფრიკის ლიდერები მოსკოვს მარცვლეულზე შეთანხმებაში დაბრუნებისკენ მოუწოდებენ


28 ივლისს, აფრიკის ქვეყნების წარმომადგენლებმა მოუწოდეს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს, გაითვალისწინოს მათი სამშვიდობო გეგმა უკრაინის ომის დასასრულებლად და განაახლოს შეთანხმება უკრაინული მარცვლეულის ექსპორტზე, რომელიც მოსკოვმა გასულ კვირას დატოვა.

მიუხედავად იმისა, რომ აფრიკის ქვეყნების ლიდერები არ აკრიტიკებენ უშუალოდ მოსკოვს, მათი განცხადებები, რუსეთში მიმდინარე სამიტის მეორე დღეს უფრო მკაცრი იყო, ვიდრე აქამდე. ისინი ხაზს უსვამენ რუსეთის მიერ წარმოწყებული ფართომასშტაბიანი ომის შედეგებს აფრიკის კონტინენტისთვის, განსაკუთრებით - სურსათზე ფასების ზრდის კუთხით.

"ეს ომი უნდა დასრულდეს. და ის შეიძლება დასრულდეს მხოლოდ სამართლიანობისა და გონიერების გზით“, - განუცხადა აფრიკის კავშირის კომისიის თავმჯდომარემ მუსა ფაკი მაჰამატმა პუტინს და აფრიკელ ლიდერებს სანქტ-პეტერბურგში.

"ენერგეტიკისა და მარცვლეულის მიწოდების შეფერხებები დაუყოვნებლივ უნდა დასრულდეს. მარცვლეულის შეთანხმება უნდა გაგრძელდეს, მსოფლიოში ყველას, განსაკუთრებით აფრიკელების საკეთილდღეოდ“, - თქვა მან.

„როიტერის“ მიერ ივნისში გავრცელებული ინფორმაციით, აფრიკის ლიდერების გეგმა მოიცავს შესაძლო ნაბიჯების სერიას კონფლიქტის განმუხტვის მიზნით, მათ შორის - რუსული ჯარების უკან დახევას, რუსული ტაქტიკური ბირთვული იარაღის ბელარუსიდან გატანას, პუტინის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს დაპატიმრების ორდერის შეჩერებას და სანქციების შემსუბუქებას.

პუტინმა პარასკევს თქვა, რომ მოსკოვი პატივს სცემს წარდგენილ გეგმას და ყურადღებით სწავლობს მას.

კონგოს რესპუბლიკის პრეზიდენტმა დენის სასოუ ნგესომ თქვა, რომ აფრიკის ინიციატივა „დიდ ყურადღებას იმსახურებს, ის არ უნდა იყოს უგულებელყოფილი... ჩვენ კიდევ ერთხელ სასწრაფოდ მოვუწოდებთ ევროპაში მშვიდობის აღდგენისკენ“.

სენეგალის პრეზიდენტმა მაკი სალმა აღნიშნა, რომ საჭიროა "დეესკალაცია სიმშვიდის შესაქმნელად", ხოლო სამხრეთ აფრიკის პრეზიდენტმა კირილ რამაფოსამ იმედი გამოთქვა, რომ "კონსტრუქციული ჩართულობა და მოლაპარაკება" ომს დაასრულებს.

მოწოდებების ნაკადმა აიძულა პუტინი დაეცვა რუსეთის პოზიცია და მან ომში კიდევ ერთხელ უკრაინა და დასავლეთი დაადანაშაულა.

მაჰამატის საპასუხოდ მან თქვა, რომ რუსეთი მადლიერია „აფრიკელი მეგობრების, ამ პრობლემისადმი ყურადღების მიპყრობისთვის", მაგრამ სწორედ კიევი ამბობს უარს, მოსკოვთან მოლაპარაკებაზე.

აფრიკის ქვეყნების და რუსეთის სამიტი სანქტ-პეტერბურგში
აფრიკის ქვეყნების და რუსეთის სამიტი სანქტ-პეტერბურგში

სამიტზე ეგვიპტის პრეზიდენტმა აბდელ ფატა ალ-სისიმ რუსეთს მოუწოდა, დაბრუნდეს შავი ზღვის მარცვლეულის შეთანხმებას, რომელიც მანამ, სანამ მოსკოვი უარს იტყოდა მის განახლებაზე გასულ კვირას, ომის მიუხედავად, უკრაინის საზღვაო პორტებიდან მარცვლეულის ექსპორტის საშუალებას იძლეოდა.

სისიმ, რომლის ქვეყანაც შავი ზღვის მარშრუტით, მარცვლეულის მსხვილი შემსყიდველია, სამიტზე თქვა, რომ საჭიროა „შეთანხმების მიღწევა" შავი ზღვის ინიციატივის სახელით ცნობილი შეთანხმების განახლებისთვის.

პუტინმა პასუხად გაიმეორა, რომ სურსათზე მსოფლიოში ფასების ზრდა დასავლეთის პოლიტიკის შედეგია. მან განაცხადა, რომ რუსეთმა შეთანხმება დატოვა, რადგან დასავლეთი არ ასრულებდა გარიგების საკუთარ ნაწილს.

შეთანხმებიდან გამოსვლის შემდეგ, რუსეთმა დაბომბა უკრაინის პორტები და მარცვლეულის საწყობები, რამაც გამოიწვია უკრაინისა და დასავლეთის განცხადებები, რომ მოსკოვი საკვებს ომის იარაღად იყენებს. ხუთშაბათს, მოსკოვი სამიტის დამსწრე ექვს ქვეყანას, უახლოეს თვეებში, რუსული მარცვლეულის უფასოდ მიწოდებას დაჰპირდა.

პუტინი ცდილობს გამოიყენოს მიმდინარე ომი, აფრიკასთან რუსეთის კავშირებში ახალი ბიძგისთვის და კონტინენტის მხარდაჭერის მოსაპოვებლად, რათა დაუპირისპირდეს იმას, რასაც რუსეთის პრეზიდენტი აშშ-ის ჰეგემონიას და დასავლურ ნეოკოლონიალიზმს უწოდებს.

აფრიკელი ლიდერების ნაწილმა მოსკოვს მადლობა გადაუხადა, მე-20 საუკუნეში მათ განმათავისუფლებელ ბრძოლაში მხარდაჭერისთვის. კერძოდ, მალისა და ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკის ლიდერებმა, რომელთა მთავრობებიც რუსეთის დაქირავებული სამხედრო კომპანიის, „ვაგნერის“ მომსახურებას ეყრდნობოდნენ, პუტინს მადლობა უთხრეს.

XS
SM
MD
LG