შავი ზღვის მარცვლეულის შეთანხმების გაუქმების შემდეგ, რუსეთი აფრიკის ლიდერების სამიტის სამასპინძლოდ ემზადება, უკრაინის პირველი დიპლომატი კი ოთხშაბათს ლიბერიას ეწვია. ეს, უკრაინის დიპლომატიური უწყების ხელმძღვანელისთვის, ომის განმავლობაში ამ კონტინენტზე მესამე ვიზიტია.
საგარეო საქმეთა სამინისტროს თანახმად, დმიტრო კულებას ლიბერიაში ვიზიტი უკრაინული დიპლომატიის ისტორიაში პირველი ასეთი ვიზიტია და მისი მიზანი აფრიკასა და ე.წ. „გლობალურ სამხრეთში“ რუსულ გავლენასთან დაპირისპირებაა.
საგარეო საქმეთა მინისტრი კულება ლიბერიის ლიდერებთან მოლაპარაკებებს გამართავს, რათა განიხილონ „უკრაინული მარცვლეულის აფრიკაში ექსპორტის უზრუნველყოფა“ და უკრაინაში მშვიდობის დამყარების თაობაზე პრეზიდენტ ზელენსკისეული ხედვა.
კიევი ამბობს, რომ მოსკოვს მისი მარცვლეულის სექტორის განადგურება სურს, რათა თვითონ მარცვლეულის ერთადერთი ექსპორტიორი გახდეს და ამასთან, ცდილობს რუსული ამიაკის ექსპორტი განაახლოს და ზოგიერთი სანქცია-შეზღუდვის მოხსნას მაღწიოს.
ორი დღის წინ, აფრიკული ტურნეს ფარგლებში, დმიტრო კულება ეკვატორულ გვინეას ეწვია და თქვა, რომ იქ სასურსათო უსაფრთხოებაზე იმსჯელეს.
ხუთშაბათსა და პარასკევს კი სანკტ-პეტერბურგში რუსეთ-აფრიკის სამიტი გაიმართება. მოსკოვმა მიანიშნა, რომ შეუძლია აფრიკას რუსული მარცვლეულის როგორც კომერციული, ასევე უფასო მიწოდებით დაეხმაროს.