ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მსოფლიოს ქვეყნები უკრაინას იმედით შეჰყურებენ


2050 წლისთვის მსოფლიომ 60 პროცენტით მეტი პროდუქცია უნდა აწარმოოს

შეერთებულ შტატებში გვალვები გრძელდება. ბოლო ნახევარი საუკუნის მანძილზე დაფიქსირებული რეკორდული გვალვა სიმინდის და ხორბლის მოსავალს მნიშვნელოვნად ამცირებს.

ამერიკა მსოფლიო ლიდერია საკვები პროდუქტების ექსპორტის საქმეში. ამიტომ მისი სავაჭრო პარტნიორები თადარიგს წინასწარ იჭერენ. ჩინეთი, საკვები პროდუქტის მთავარი იმპორტიორი, ახლა გამოსავალს უკრაინაში ხედავს, ქვეყანაში, რომელსაც გასულ საუკუნეში ევროპის „მთავარ მეპურეს“ უწოდებდნენ.

ექსპერტები ბურღულეულზე ფასების გაზრდას წინასწარმეტყველებენ, რაც ავტომატურად პურის, რძის, კვერცხის, ხორცის და სხვა დანარჩენი პროდუქციის გაძვირებას გამოიწვევს. ორი წლის წინ ანალოგიური სიტუაციის გამო ეგვიპტე და მოზამბიკი საპროტესტო ტალღამ მოიცვა.


ეს ყოველივე კიდევ უფრო ამყარებს სპეციალისტთა ადრეულ პროგნოზს იმის შესახებ, რომ მსოფლიოში მომავალი დეკადა საკვები პროდუქტის სიმწირით აღინიშნება. 2050 წლისთვის მსოფლიომ 60 პროცენტით მეტი პროდუქცია უნდა აწარმოოს, ვინაიდან დედამიწაზე მოსახლეობის რაოდენობა არნახული ტემპით იზრდება და მასთან ერთად მდიდარი ადამიანების რიცხვიც დღითიდღე მატულობს.

უკრაინაში მარცვლეული ყანების რაოდენობა იმდენად დიდია, რომ ის ზომით მთელი საფრანგეთის ტერიტორიას აჭარბებს. გალინა კოვტოკი, „უკრლენდ ფარმინგის“ ხელმძღვანელი, ამბობს, რომ მხოლოდ მისი კომპანიისთვის ჩინეთმა 4-მილიარდიანი კრედიტი გამოყო. ქვეყნის უდიდესი აგრო-ბიზნესი ნახევარ მილიონ ჰექტარ მიწას ამუშავებს.

გალინა კოვტოკი დარწმუნებულია, რომ სულ რამდენიმე თვეში მისი კომპანია ჩინეთში ექსპორტის სერტიფიკატს მოიპოვებს და უკრაინა ამერიკის შემდეგ პირველი ქვეყანა გახდება, რომელიც ამ რაოდენობის სიმინდს გაყიდის. ჩინეთის მოსახლეობა სწრაფად იზრდება და მდიდრდება, ამიტომაც მასთან პარტნიორობას უკრაინისთვის სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს.

კიევიდან სულ 3 საათის მანძილზე მდებარე ლოხვიცაში ჩინური კრედიტებით 6 ელევატორი შენდება. მათში „უკრლენდ ფარმინგს“ მალე 2 მილიონი ტონა ხორბლის შენახვა შეეძლება. ელევატორები და სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა ძირითადად ამერიკულია.


თუმცა, ისევე როგორც ამერიკაში, უკრაინის სოფლის მეურნეობაც დიდად არის ამინდზე დამოკიდებული. წლევანდელმა გვალვებმა შავიზღვისპირეთის ბევრი რეგიონი მოიცვა. სპეციალისტების ვარაუდით, რუსეთის, უკრაინის და ყაზახეთის მოსავალი წელს 15-დან 20 პროცენტამდე დაიკლებს. მათ აზრს იური შერბაკიც, „უკრლენდ ფარმინგის“ ერთ-ერთი მენეჯერიც, იზიარებს და ამბობს, რომ უკრაინაში უნალექობის გამო მოსავალი სულ ცოტა 15 პროცენტით დაიკლებს.

შავი ზღვის რეგიონი მთელი ჩრდილოეთ აფრიკის და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებისთვის ბურღულეულის მთავარი მიმწოდებელია. მოსავლის სიმცირის გამო რუსეთმა შესაძლოა ბურღულეულის ექსპორტი საერთოდ შეაჩეროს. იმპორტზე მოთხოვნის ზრდის შესაბამისად, ჩინეთს ახლო აღმოსავლეთის და ჩრდილოეთ აფრიკის სახით ახალი კონკურენტი გამოუჩნდება.
XS
SM
MD
LG