უკრაინაში მიმდინარე ომის ესკალაციის ფონზე, ყაზახეთის ინტერნეტ მომხმარებლები თავის ეკრანებზე სულ უფრო ხშირად ხედავენ რეკლამას, რომელიც რუსულ ჯარში ჩაწერის მსურველებს, ერთბაშად 5 ათას დოლარზე მეტს ჰპირდება.
ყაზახეთში 3 მილიონზე მეტი ეთნიკური რუსი ცხოვრობს და ტრადიციულად რუსეთის ერთ-ერთი უახლოესი მოკავშირე ქვეყანაა. თუმცა ყაზახეთის მთავრობა ე.წ. „სპეციალურ სამხედრო ოპერაციას,“ როგორც მოსკოვი უკრაინის წინააღმდეგ ომს უწოდებს, მხარს არ უჭერს და მშვიდობისკენ მოუწოდებს.
რუსული რეკლამის სამიზნე აშკარად ყაზახები არიან. რეკლამებზე, რომელიც სააგენტო „როიტერმა“ ნახა, ყაზახეთის და რუსეთის დროშებია გამოსახული და აწერია ლოზუნგი: „მხარდამხარ“.
ერთჯერად 5300 დოლართან ერთად, რუსულ ჯარში კონტრაქტით სამსახურის მსურველებს თვეში სულ მცირე 2000 დოლარიან ხელფასს და სხვა შეღავათებს სთავაზობენ.
ყაზახეთის ინფორმაციის და სოციალური განვითარების სააგენტოს კომენტარის თხოვნაზე პასუხი ჯერჯერობით არ გაუცია.
შუა აზიის სხვა ყოფილი საბჭოთა კავშირის რესპუბლიკების მცხოვრებლებმა „როიტერს“ უთხრეს, რომ მათი თანამემამულეები რუსულ ჯარს ან „ვაგნერის“ მსგავს კერძო დაქირავებულთა ჯგუფებს შეუერთდნენ, მაგრამ მათი მიზიდვა და გადაბირება როგორც წესი, რუსეთში ხდებოდა, სადაც მილიონობით უზბეკი, ტაჯიკი და ყირგიზი მიგრანტი მუშაობს.
ყაზახეთის კანონმდებლობით, გასამრჯელოს სანაცვლოდ საზღვარგარეთ სამხედრო კონფლიქტებში მონაწილეობა დაუშვებელია.
ქვეყნის ნავთობზე დაფუძნებული სიმდიდრის გამო, საზღვარგარეთ ბევრად ნაკლები ყაზახი მუშაობს, თუმცა ყაზახურ ვებგვერდებზე, უკრაინაში რუსების მიერ კონტროლირებულ ტერიტორიებზე სამშენებლო სამუშაოებზე დასაქმების რეკლამაც ჩანს.