რუსეთის ახლო მოკავშირე ყაზახეთი არ აღიარებს, რუსული ძალების მიერ დროებით ოკუპირებულ უკრაინის ტერიტორიებზე გამართულ ე.წ. რეფერენდუმის შედეგებს.
ყაზახეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა, აიბეკ სმადიაროვმა 26 სექტემბერს განაცხადა, რომ ასტანის დამოკიდებულება უკრაინის დონეცკის, ლუჰანსკის, ხერსონისა და ზაპორიჟიის რეგიონებში მიმდინარე ე.წ. რეფერენდუმებთან დაკავშირებით, "ქვეყნების ტერიტორიული მთლიანობის პრინციპს" ეფუძნება.
ივნისში, სანკტ-პეტერბურგში გამართულ ეკონომიკურ ფორუმზე, ვლადიმირ პუტინის გვერდით მჯდომმა ყაზახეთის პრეზიდენტმა, ყასიმ-ჟომართ თოყაევმა, ლუჰანსკისა და დონეცკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკებს, „კვაზი სახელმწიფოები“ უწოდა და თქვა, რომ ყაზახეთი მათ არ აღიარებს.
ე.წ. რეფერენდუმები, რუსეთის მიერ ოკუპირებულ უკრაინის ტერიტორიებზე 23 სექტემბერს დაიწყო და 27 სექტემბერს სრულდება. კიევი, დასავლელი ლიდერები და გაერო აცხადებს, რომ რუსეთი ე.წ. რეფერენდუმების გამართვით, შემდგომი არალეგიტიმური ანექსიისთვის ემზადება.
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ე.წ. რეფერენდუმებს „ცრუ“ უწოდა და თქვა, რომ ვაშინგტონი „არასდროს აღიარებს უკრაინის ტერიტორიას ნებისმიერ სხვა რამედ, გარდა უკრაინის ნაწილისა.“
რუსეთის მიერ ოკუპირებულ უკრაინულ ტერიტორიებზე ე.წ. რეფერენდუმების გამართვას, წინ უსწრებდა ვლადიმირ პუტინის ბრძანება, რუსეთში ნაწილობრივი სამხედრო მობილიზაციის გამოცხადების შესახებ.
ყაზახეთის პრეზიდენტი აცხადებს, რომ ასტანა აპირებს მოსკოვთან მოლაპარაკებები გამართოს რუსეთის მოქალაქეების დიდი ნაკადის შესახებ, რომლებიც ნაწილობრივი სამხედრო მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ, ყაზახეთში შედის.
თოყაევი რუსეთის მოქალაქეების ქვეყანაში შედინებას „პოლიტიკურ და ჰუმანიტარულ საკითხს“ უწოდებს და ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ქვეყანაში შესული პირების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, ყველა საჭირო ზომა უნდა განხორციელდეს.
„არანაირი კრიზისი არ გვაქვს. ჩვენმა მთავრობამ თავისი საქმე უნდა აკეთოს. შემოსულ ადამიანებს დახმარებას გავუწევთ, მაგრამ არ იქნება სპეციალური შეღავათები. ყველა საჭირო პროცედურა კანონის შესაბამისად განხორციელდება. ჩვენ გავმართავთ რუსეთთან მოლაპარაკებას და ამ საკითხს, ჩვენი ხალხის ინტერესების გათვალისწინებით გადავწყვეტთ“ - განაცხადა 27 სექტემებერს ჟურნალისტებთან საუბრისას, თოყაევმა.
თოყაევის ამ განცხადებამდე ყაზახებმა უკმაყოფილება გამოხატეს იმის შესახებ, რომ ქვეყანაში შედინებული რუსეთის მოქალაქეების დიდი რაოდენობა, უძრავი ქონების კრიზისს იწვევს. ზოგიერთი მედიის ცნობით, მესაკუთრეებმა ბინათმოქირავნეების გასახლება დაიწყეს იმ მიზნით, რომ შემდეგ რუსეთის მოქალაქეებზე უფრო ძვირად გააქირაონ.
ყაზახეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, 21 სექტემბრიდან, მას შემდეგ, რაც რუსეთში ნაწილობრივი სამხედრო მობილიზაცია გამოცხადდა, ქვეყანაში რუსეთის 98 000-მდე მოქალაქე შევიდა.
შინაგან საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ რუსეთის იმ მოქალაქეების, რომლებიც ყაზახეთში მობილიზაციის თავიდან არიდების მიზნით ჩადიან, მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნებიან იძულებულნი რუსეთში გაბრუნდნენ, თუკი ისინი ძებნილთა ოფიციალურ სიაში იქნებიან დამატებულნი.
რუსეთის მოქალაქეები, რომლებიც ცდილობენ თავი აარიდონ მობილიზაციას, ასევე მიემართებიან ფინეთისკენ, საქართველოსკენ და მოლდოვისკენ.
ჩრდილოეთ ოსეთის რეგიონის ხელისუფლება აცხადებს, რომ რუსეთ-საქართველოს საზღვრის გამშვებ პუნქტებზე, მობილური გაწვევის პუნქტი განთავსდდა, რათა გამკაცრდეს კონტროლი იმ რუს მამაკაცებზე, რომლებიც ქვეყანას ტოვებენ.