ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აშშ უკრაინის სამართალდამცავ და მართლმსაჯულების სისტემას დამატებით $457.5 მილიონით ეხმარება


ამერიკის შეერთებული შტატები უკრაინას სამოქალაქო უსაფრთხოების კუთხით დახმარების ახალ პაკეტს უგზავნის. 456.5 მილიონი დოლარის ოდენობის დახმარება განკუთვნილია "უკრაინის სამართალდამცავი და კრიმინალური სააგენტოების ფუნქციონირების გასაუმჯობესებლად და ადამიანთა გადასარჩენად იმის პარალელურად, რომ ისინი იცავენ უკრაინელ ხალხს, მის თავისუფლებას და დემოკრატიას კრემლის აგრესიის ომის სისასტიკისგან".

"2021 წლის დეკემბრის შუა რიცხვებიდან ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უკრაინას ამ მიმართულებით უკვე 645 მილიონი დოლარის ოდენობის დახმარება გაუწია, რასაც დადებითი გავლენა ჰქონდა უკრაინის სამართალდამცავი და სისხლის სამართლის მართლმსაჯულების კუთხით მომუშავე პარტნიორებზე, მათ შორის, ეროვნულ პოლიციასა და საზღვრის დაცვის სამსახურზე. ჩვენ მიერ პირადი აღჭურვილობის, სამედიცინო საჭიროების ნივთებისა და ჯავშანტრანსპორტის მიწოდებამ მნიშვნელოვნად შეამცირა დაშავებულ და დაღუპულ უკრაინელ სამოქალაქო პირთა და მათ დამცველთა რიცხვი", - ვკითხულობთ სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ 26 სექტემბერს გავრცელებულ განცხადებაში.

დიპლომატიური უწყების განმარტებით, უკრაინელი სამართალდამცავები კვლავ რჩებიან მოტივირებულნი და საკუთარი მისიის ერთგულნი იმისათვის, რომ დაიცვან მოქალაქეები და ქალაქები, რომლებიც კვლავ რუსული საჰაერო იერიშების სამიზნეა.

უშუალო დახმარების გარდა, ახალი დახმარების პროგრამის ნაწილი კვლავ დაეთმობა უკრაინის მთავრობის ძალისხმევას, გამოიძიოს, დაასაბუთოს და დასაჯოს პასუხისმგებელი პირები იმ დანაშაულებზე, რომლებსაც რუსული ძალები ჩადიან.

"ამერიკის შეერთებული შტატები უკრაინელი ხალხის გვერდით დგას და განაგრძობს დემოკრატიული, დამოუკიდებელი და სუვერენული უკრაინის ერთგულ მხარდაჭერას", - ნათქვამია განცხადებაში.

XS
SM
MD
LG