ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსული ოკუპაციის შემდეგ, უკრაინული ქალაქი ცხოვრებას უბრუნდება


აღმოსავლეთ უკრაინის ქალაქი იზიუმი ერთ-ერთი პირველი იყო, რომელიც რუსულმა ძალებმა 24 თებერვალს დაწყებული ომის დროს დაიპყრო და მართვის ცენტრად აქცია. მარტის დასაწყისისთვის, იზიუმი სრულად იზოლირებული იყო, - არ მუშაობდა მობილური კავშირი, არ იყო გათბობა, ელექტროენერგია. მოსახლეობამ არ იცოდა ომში რა ხდებოდა, მათი ნათესავები ცოცხლები თუ იყვნენ და უკრაინა, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფო, ჯერ კიდევ თუ არსებობდა.

უკრაინულმა ძალებმა ისინი 10 სექტემბერს გაათავისუფლა, სწრაფი კონტრიერიშის დროს, რომელმაც ხარკივის რეგიონს გადაუარა და ახლა სამხრეთით, ხერსონთან გრძელდება. მაგრამ, მოსახლეობა ჯერ კიდევ გამოდის დაბნეულობისგან და ოკუპაციის ტრავმისგან, რომლის სისასტიკემ მთელი მსოფლიოს ყურადღება კიდევ ერთხელ მიიპყრო, გასულ კვირაში, ომის ერთ-ერთი ყველაზე დიდი მასობრივი სამარხის აღმოჩენის შემდეგ.

თითქმის შვიდი თვის წინ ომის დაწყების შემდეგ, იზიუმიდან დაახლოებით 40 ათასი ადამიანი გაიქცა. დარჩენილები სარდაფებში და სქელი კედლების მიღმა აფარებდნენ თავს. ვისაც ბატარეებზე მომუშავე რადიო ჰქონდა, მხოლოდ რუსული პროპაგანდისტული რადიოსადგურების სიგნალის მიღება შეეძლო, რომლებიც სიცრუეს ავრცელებდნენ.

გათავისუფლების შემდეგ, ქალაქის ჩრდილოეთ გარეუბნის ტყეში 440-ზე მეტი საფლავი აღმოაჩინეს და ახლა გამომძიებლები ცხედრების ექსჰუმაციას და ამოცნობას ატარებენ. რუსი ოფიციალური პირები ამ სამარხზე პასუხისმგებლობას არ აღიარებენ.

სამხრეთ გარეუბანში, სადაც ყველაზე მძიმე ბრძოლები მიმდინარეობდა, მთელი სოფელი კამიანკა ასაფეთქებელი მასალებით არის მოფენილი და უაღრესად საშიში ადგილია. სოფლის 1200 მცხოვრებიდან, აქ მხოლოდ 10 ადამიანია დარჩენილი.

გაქცეული ადგილობრივების სახლებში დაახლოებით 2000 რუსი ჯარისკაცი იყო დაბინავებული. დაახლოებით ერთი კვირის წინ ,სოფელში უეცრად სიჩუმე დადგა და ადგილობრივებმა ვერ გაიგეს რა მოხდა, სანამ უკრაინელი ჯარისკაცები არ გამოჩნდნენ.

რუსმა ოკუპანტებმა უამრავი ნაღმი მიმოფანტეს და ორშაბათს, იზიუმში, უკრაინელი ჯარისკაცები გულმოდგინედ, მზის ჩასვლამდე ყოველ ხუთ წუთში, ნაღმების კონტროლირებულ აფეთქებებს ახდენდნენ.

XS
SM
MD
LG