ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ნიგერის ხუნტა „არაადამიანური“ სანქციების მიუხედავად უკან დახევას არ აპირებს


ნიგერში, სამხედრო გადატრიალება გრძელდება. ქვეყნის თვითგამოცხადებული ახალი ლიდერი, გენერალი აბდურჰამანე ტიანი ამბობს, რომ ხუნტა არ დაემორჩილება საგარეო ზეწოლას და მუჰამედ ბაზუმს არ მისცემენ საშუალებას აღადგინოს კონტროლი ქვეყანაზე.

ბაზუმი დემოკრატიულად არჩეული პრეზიდენტია, რომელიც მთავრობის სხვა წევრებთან ერთად უკვე ერთი კვირაა პატიმრობაში იმყოფება. ის რეზიდენციაში გენერალ თიანის ბრძანებით გამოკეტეს, ანალოგიურ ვითარებაში არიან ნიგერის მთავრობის სხვა მაღალჩინოსნებიც.

ხუნტის ლიდერი ტიანი ამბობს, რომ ხუნტა არ ემორჩილება სანქციებს და არ შეუშინდება მუქარას, საიდანაც არ უნდა მოდიოდეს. „ჩვენ ნიგერის შიდა საქმეებში არანაირ ჩარევას არ მივიღებთ“, - ამბობს თვითგამოცხადებული ლიდერი.

ნიგერში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით პოზიცია შეიმუშავა დასავლეთ აფრიკის უმთავრესმა რეგიონულმა და ეკონომიკურმა ბლოკმა ECOWAS, მათ ნიგერში სპეციალური წარმომადგენელებიც გაგზავნეს და იმედი აქვთ იპოვონ დიპლომატიური გამოსავალი, სანამ ჩარევის საკითხზე გადაწყვეტილებას მიიღებენ. ბლოკი ერთი კვირის განმავლობაში პრეზიდენტ ბაზუმის ხელისუფლებაში დაბრუნებას მოითხოვს

ECOWAS-ის ბლოკის წევრებმა ნიგერს უკვე დაუწესეს სანქციები და მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში ძალის გამოყენებით იმუქრებიან

„სამხედრო ვარიანტი, უკანასკნელი ვარიანტია, მაგრამ ჩვენ ამისთვის უნდა მოვემზადოთ,“- ამბობს აბდელ-ფატაუ მუსაი, რომელიც ბლოკის პოლიტიკური საქმეების, მშვიდობის და უსაფრთხოების კომისარია.

დასავლეთ აფრიკის უმთავრესმა რეგიონულმა და ეკონომიკურმა ბლოკმა, მალიში, ბურკინა ფასოში და გვინეაში მომხდარი გადატრიალებების შემდეგ პირობა დადო, რომ რეგიონში სამხედრო გადატრიალებას აღარ დაუშვებს.

„აუცილებელია იმის დემონსტრირება, რომ ჩვენ არა მხოლოდ ყეფა, არამედ კბენაც შეგვიძლია“,- თქვა ჟურნალისტებთან საუბრის დროს ბლოკის პოლიტიკურმა კომისარმა.

ნიგერიამ ნიგერს ამ დროისათვის ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყვიტა, არ ხდება ტვირთების გადაზიდვაც, ქვეყნის საზღვრები კი ჩაკეტილია. ხუნტის ლიდერი ამბობს, რომ ეს „არაკანონიერი, უსამართლო და არაადამიანურია“.

მალიში და ბურკინა ფასოში ამბობენ, რომ ნიგერიაში ნებისმიერი სამხედრო ჩარევა ჩაითვლება მათ წინააღმდეგ ომის გამოცხადებადაც. ორივე ქვეყანაში ბოლო წლების განმავლობაში სამხედრო გადატრიალება მოხდა, ისინი მხარს უჭერენ ნიგერის ხუნტას, რომელმაც ძალაუფლება უკანონოდ მოიპოვა.

ევაკუაციის პროცესი და დასავლეთის პოზიცია

ნიგერი, დასავლეთის მთავარი მოკავშირეა ისლამისტ მეამბოხეებთან ბრძოლაში, სამხედრო გადატრიალებას კი ევროპასა და ამერიკაში მკაცრი რეაქციები მოჰყვა.

„დიდი ბრიტანეთი მიესალმება ECOWAS-ის ქმედებებს“,- ამბობს ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ჯეიმს კლერი და განმარტავს, რომ ბლოკი გამოირჩევა „დემოკრატიის ერთგულებით“.

სამხედრო გადატრიალების კვალდაკვალ, მსოფლიო ბანკმა ნიგერისთვის დახმარების მიწოდება შეაჩერა. ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ნიგერიდან საელჩოს თანამშრომლების ნაწილის და მათი ოჯახის წევრების ევაკუაცია მოახდინა, თუმცა ვაშინგტონში ამბობენ, რომ საელჩო სრულ ფუნქციონირებას აგრძელებს. ნიგერიდან საკუთარი მოქალაქეების ევაკუაცია დაიწყეს საფრანგეთმა, იტალიამ და გერმანიამ.

„გუშინ და დღეს, ჩვენი ფრანგი მეგობრების დახმარებით, ჩვენ უკვე შევძელით 40-ზე მეტი გერმანელის გამოყვანა ნიგერიდან. ამავე ერთიანობით, ჩვენ როგორც ევროკავშირი, მხარს ვუჭერთ ნიგერში კონსტიტუციური წესრიგის აღდგენის მიზნით საერთაშორისო ძალისხმევას “,- ამბობს გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ანნალენა ბერბოკი.

საფრანგეთს, შეერთებულ შტატებს, გერმანიას და იტალიას ნიგერში სამხედრო დანაყოფები ჰყავთ, რომლებიც ნიგერის სამხედროებს ალ-ყაიდასთან ბრძოლისთვის წვრთნიდნენ . ამ დრომდე არ გაკეთებულა განცხადება, რომ სამხედროები ნიგერიდან გაიყვანეს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG