ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბურკინა ფასოს მოსახლეობის ნაწილი გადატრიალებას ზეიმობს


ბურკინა ფასოს დედაქალაქში, მოსახლეობის ნაწილი პუტჩისტების მხარდასაჭერად შეიკრიბა. 24 იანვარი, 2022.
ბურკინა ფასოს დედაქალაქში, მოსახლეობის ნაწილი პუტჩისტების მხარდასაჭერად შეიკრიბა. 24 იანვარი, 2022.

ბურკინა ფასოს დედაქალაქ უაგადუგუში, გადატრიალების მხარდასაჭერად, ათასამდე მოქალაქე შეიკრიბა. ორშაბათს, ბურკინა ფასოში მომხდარი გადატრიალების შედეგად, პოსტიდან გადაყენებულია პრეზიდენტი როჩ კაბორე, დაშლილია მთავრობა, შეჩერებულია კონსტიტუციის მოქმედება და ჩაკეტილია საზღვრები.

დასავლეთ და ცენტრალურ აფრიკაში ბოლო ათწლეულის მეხუთე გადატრიალებას ფონად, რეგიონში ისლამისტური დაჯგუფებების სისხლიანი ამბოხი გასდევს, რასაც ათასობით ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, მილიონობით კი დევნილად აქცია.

გადატრიალების სათავეში მყოფი სამხედრო პირების მიერ, პრეზიდენტის ჩამოგდება საერთაშორისო საზოგადოებამ დაგმო. თუმცა, როგორც ჩანს, თავად ბურკინა ფასოში, მოსახლეობის ნაწილი გადატრიალებას ემხრობა და ამის მიზეზად დაუცველობის განცდას, კორუფციას და სიღარიბეს ასახელებენ.

გადატრიალების მხარდამჭერი მოქალაქეები, უაგადუგუს ცენტრალურ მოედანზე, ცოცხალი მუსიკის თანხლებით და საყვირებით შეიკრიბნენ. სააგენტო „როიტერის“ ჟურნალისტის ცნობით, რომელიც მოვლენებს ადგილზე აკვირდება, ქალაქის ცენტრში შეკრებილმა მოქალაქეებმა, საფრანგეთის დროშა დაწვეს. ბურკინა ფასოს მოსახლეობის ნაწილი მიიჩნევს, რომ ყოფილი კოლონიური ძალა, რეგიონში ჯერ კიდევ მნიშვნელოვან როლს თამაშობს და ისინი პარიზით უკმაყოფილონი არიან.

„სამხრეთაფრიკული ქვეყნების ეკონომიკური გაერთიანება (ECOWAS), ჩვენზე არ ზრუნავს. საერთაშორისო საზოგადოებას მხოლოდ [მდგომარეობის] დაგმობა სურს“ - ამბობს, გადატრიალების მხარდამჭერი ერთ-ერთი მოქალაქე.

პუტჩისტების გაერთიანების, „პატრიოტული მოძრაობა დაცვისა და აღდგენისთვის“ მეთაური, ვიცე-პოლკოვნიკი პოლ-ჰენრი სანდაოგო დამიბა აცხადებს, რომ პრეზიდენტმა ქვეყნის გაერთიანება და უსაფრთხოების უზრუნველყოფა ვერ შეძლო.

პუტჩისტებმა, პრეზიდენტს გადადგომის შესახებ განცხადება წარუდგინეს, როჩ კაბორემ მას ხელი მოაწერა.

სააგენტო „როიტერი“, წყაროებზე დაყრდნობით, წერილის შინაარსის ნაწილს აქვეყნებს.

„ერის ინტერესებიდან გამომდინარე, განვითარებული მოვლენების ფონზე, გადავწყვიტე გადავდგე ბურკინა ფასოს პრეზიდენტის თანამდებობიდან“ - ნათქვამია განცხადებაში.

ორშაბათს, პუტჩისტებმა ბურკინა ფასოში სახელმწიფო გადატრიალების შესახებ განაცხადეს.
ორშაბათს, პუტჩისტებმა ბურკინა ფასოში სახელმწიფო გადატრიალების შესახებ განაცხადეს.

ბურკინა ფასოში მომხდარი სამხედრო გადატრიალება უკვე დაგმო შეერთებულმა შტატებმა, გაერომ, სამხრეთაფრიკული ქვეყნების ეკონომიკური გაერთიანებამ და საჰელის ქვეყნების გაერთიანებამ.

საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი აცხადებს, რომ ბოლო საათების განმავლობაში, ქვეყანაში ვითარება დამშვიდებულია, გადაყენებული პრეზიდენტი კაბორე კი „კარგადაა და მის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება“.

პუტჩისტები აცხადებენ, რომ კონსტიტუციური წესრიგი „გონივრულ ვადაში" აღდგება.

XS
SM
MD
LG