ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მალიში 4 რუსი დაქირავებული მოკლეს


ორშაბათს, მალიში ალ-ყაიდას ფილიალმა განაცხადა, რომ ცენტრალურ მალიში, ბანდიაგარასთან მოწყობილ ჩასაფრებაში, რუსეთის კერძო სამხედრო ფირმის, „ვაგნერის ჯგუფის“ ოთხი დაქირავებული მოკლა.

SITE სადაზვერვო ჯგუფის თარგმანის თანახმად, რომელიც ჯიჰადისტების განცხადებებს აკვირდება, ჯამაათ ალ-ისლამ ვალ მუსლიმიინის (JNIM) მედია ქვედანაყოფმა თავის განცხადებაში თქვა, რომ შაბათს, მისი მებრძოლები მოფთის რეგიონში დაქირავებულებს შეებრძოლნენ.

„ვაგნერს“ საჯარო წარმომადგენლობა არ აქვს და ამ ჯგუფთან კომენტარისთვის დაკავშირება ვერ მოხერხდა.

მალი ისლამისტ ამბოხებულებს 2012 წლის აჯანყების შემდეგ ებრძვის. ამბოხება მეზობელ ქვეყნებზეც გავრცელდა, დასავლეთ აფრიკის საჰელის რეგიონში ათასობით ადამიანი შეიწირა და მილიონობით ადამიანს კი საცხოვრებლის დატოვება მოუხდა.

გასულ წელს, „ვაგნერმა“ მალის სამხედრო უწყებისთვის ასობით მებრძოლის მიწოდება დაიწყო და მას შემდეგ, უფლებადამცველი ჯგუფები და ადგილობრივები ამ ჯგუფს ბრალს სამოქალაქო მოსახლეობის ხოცვა-ჟლეტაში მონაწილეობაში სდებდნენ. „ვაგნერს“ ამ ბრალდებებზე პასუხი არ გაუცია.

რუსეთის მთავრობამ „ვაგნერის“ წევრების მალიში ყოფნა აღიარა, მაგრამ მალის მთავრობამ ისინი დაახასიათა, როგორც ინსტრუქტორები რუსეთის სამხედრო უწყებიდან და არა როგორც კერძო უსაფრთხოების კონტრაქტორები.

ივლისში JNIM-მა მალის მთავარ სამხედრო ბაზაზე თავდასხმაზე პასუხისმგებლობა აიღო და განაცხადა, რომ ის მთავრობის „ვაგნერთან“ თანამშრომლობის პასუხად მოხდა.

XS
SM
MD
LG