ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

დამანგრეველი ღვარცოფი შოვში: რა შეიცვლებოდა ხეობაში ადრეული შეტყობინების და სასიგნალო სისტემის არსებობის შემთხვევაში?


შოვი დამანგრეველი სტიქიის შემდეგ
შოვი დამანგრეველი სტიქიის შემდეგ

სულ მცირე, 11 გარდაცვლილი, 20-ზე მეტი დაკარგული ადამიანი, მათ შორის, ბავშვები და მთლიანად განადგურებული კურორტი შოვი, ზემო რაჭაში - ასეთია დამანგრეველი სტიქიის უმძიმესი შედეგები, ონის რაიონში, ღვარცოფის მოვარდნიდან მეორე დღეს.

ბუნებრივი პროცესის ჩამოყალიბებაზე პასუხისმგებელია - ბუნებრივი პირობები და კლიმატის ცვლილება, რისკების გაუთვალისწინებლობა ზე - ხელისუფლება, ხელისუფლებაზე სტრესის არარსებობაზე - საზოგადოება
ლაშა სუხიშვილი, ჰიდროლოგი, ილიას უნივერსიტეტი

გეოლოგების წინასწარი შეფასებით, მდინარე ჭანჭახის ერთ-ერთ შენაკადში, მდინარე ბუბას ხეობის სათავეში, სავარუდოდ, მოწყდა მყინვარის ნაწილი, ეს მასა შესაძლოა, დაგროვდა, შემდეგ ღვარცოფად იქცა, წამოვიდა და 10 კმ-ით მოშორებულ შოვს გადაუარა.

ამ დროს კურორტზე, რამდენიმე ასეული დამსვენებელი იმყოფებოდა. ვინაიდან არ არსებობდა, ადრეული შეტყობინების და სასიგნალო სისტემა, ევაკუაციის გეგმა, მაშველების ჩამოსვლამდე, ასეულობით მოქალაქე, პირდაპირ, დამანგრეველი ღვარცოფის არეალში, სტიქიის წინაშე მარტო აღმოჩნდა.

„ბუნებრივი პროცესის ჩამოყალიბებაზე პასუხისმგებელია - ბუნებრივი პირობები და კლიმატის ცვლილება, რისკების გაუთვალისწინებლობაზე - ხელისუფლება და ხელისუფლებაზე სტრესის არარსებობაზე - საზოგადოება“ - უთხრა „ამერიკის ხმას“ ჰიდროლოგმა ლაშა სუხიშვილმა, ილიას უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორმა.

მისი თქმით, „სტიქიური პროცესის შეჩერება წარმოუდგენელია, მაგრამ შესაძლებელია ზარალის მინიმალიზება, მდინარის აუზის სწორი მართვის შემთხვევაში. ადრეული შეტყობინების სისტემა, სასიგნალო სისტემა ნამდვილად საჭიროა, სწორი რაღაც წერია (სტრატეგიაში), თუმცა სამწუხაროდ განხორციელებული არ არის. რომ ყოფილიყო ეს, რაიმე შეიცვლებოდა? ალბათ, ასეთი კითხვაც არსებობს...

ადრეული შეტყობინების სისტემა არის პროგნოზის გასაკეთებელი ინსტრუმენტი, ვინაიდან ეს არის პროგნოზი არ ნიშნავს, რომ 100% ამართლებს. თუმცა, პროგნოზი იმის პროგნოზია, რომ შესაძლო საფრთხეებზე ინფორმირებული ხარ. შეიძლება არ გაამართლოს, მაგრამ სჯობს არ გაამართლოს, ვიდრე გაამართლოს და ასეთი შედეგი დადგეს.

კურორტ შოვში მაშველები დაკარგულ ადამიანებს, მათ შორის ბავშვებს ეძებენ
კურორტ შოვში მაშველები დაკარგულ ადამიანებს, მათ შორის ბავშვებს ეძებენ

რაც შეეხება სასიგნალო სისტემას, ეს არის პოსტ ფაქტუმ მექანიზმი...თუ ხეობის ზედა ნაწილში ჩამოყალიბდა ღვარცოფული კერა და დაიძრა დასახლებული ტერიტორიისკენ, აი ამის მერე, შესაძლებელია, რომ სანამ ეს ნაკადი დასახლებულ პუნქტამდე მოაღწევს, იქამდე გადაიცეს სიგნალი ონლაინ რეჟიმში და მოსახლეობამ წინასწარ იცის, რომ საფრთხეა.

ამასთან, მოსახლეობამ ისიც უნდა იცოდეს, საევაკუაციო გზები სად არის და თავშესაფარი სად უნდა ნახოს. ამის მოდელირება უნდა არსებობდეს. კარგია, რომ ეს ჩაწერეს (სტრატეგიაში), მაგრამ კიდე უფრო კარგი იქნებოდა, რეალური ნაბიჯები რომ გადაედგათ“ - გვითხრა სუხიშვილმა.

ადრეული შეტყობინების სისტემა არის პროგნოზის გასაკეთებელი ინსტრუმენტი, არ ნიშნავს, რომ 100% ამართლებს. თუმცა, შესაძლო საფრთხეებზე ინფორმირებული ხარ

2017-2022 წლების „კატასტროფის რისკის შემცირების ეროვნული სტრატეგია" საქართველოს მთავრობამ, 2014 წლის დევდორაკის და 2015 წლის თბილისის დამანგრეველი ღვარცოფის შემდეგ მიიღო, რა დროსაც, ასევე დაიღუპნენ ადამიანები და ქვეყანამ უზარმაზარი ეკონომიკური და ფინანსური ზარალი განიცადა.

სტრატეგიაში საქართველოს კატასტროფის რისკის შემცირების პოლიტიკის ძირითადი პრიორიტეტებად: ეროვნულ დონეზე კატასტროფის რისკის შემცირების სისტემის ჩამოყალიბება და ამ სისტემაში, ადრეული შეტყობინებისა და განგაშის სისტემების ინტეგრირება სახელდება.

ამავე დროს, დოკუმენტში ყურადღება გამახვილებულია იმაზეც, რომ მყინვარის მოწყვეტის, ღვარცოფულ-მეწყრული პროცესების განვითარების საფრთხე ქვეყანაში ძალიან გაზრდილია, ახალ ტერიტორიებს ემუქრება.

მდინარე ჭანჭახის ხეობაში, დანგრეული კოტეჯები, სადაც შოვში ასული დამსვენებლები იყვნენ
მდინარე ჭანჭახის ხეობაში, დანგრეული კოტეჯები, სადაც შოვში ასული დამსვენებლები იყვნენ

"თუ XX საუკუნის ბოლო ათწლეულებამდე საქართველოში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების გააქტიურების ექსტრემუმები უმეტესწილად ემორჩილებოდა გარკვეულ ციკლურობას და ადგილის გეოლოგიურ-კლიმატური პირობებიდან გამომდინარე, საშუალოდ მეორდებოდა 3-5 და 8-11 წლების ინტერვალით.

ძირითადი პრიორიტეტები: კატასტროფის რისკის შემცირების სისტემის ჩამოყალიბება ეროვნულ და ადგილობრივ დონეზე, კატასტროფის რისკის შემცირების ეროვნულ სისტემაში ადრეული შეტყობინებისა და განგაშის სისტემების ინტეგრირება
საქართველოს „კატასტროფის რისკის შემცირების ეროვნული სტრატეგია 2017-2022"

90-იანი წლებიდან მოყოლებული, პროცესების საშუალო ფონს ზემოთ გააქტიურებას ადგილი აქვს თითქმის ყოველწლიურად, ხოლო მათი ექსტრემალური გამოვლინების ინტერვალები მნიშვნელოვნად შემოკლებულია. შედეგად, პროცესების უარყოფითი მოქმედების არეალში ექცევა ახალი ფართობები, დასახლებული პუნქტები და ინფრასტრუქტურული ობიექტები" - ვკითხულობთ 2017 წელს დამტკიცებულ სტრატეგიაში.

2018 წლის ზაფხულში, ზემო სვანეთში, მდინარეების ნენსკრასა და ოკრილას ხეობებში, ასევე მყინვარის მოწყვეტამ და ძალიან რთულმა მეწყრულ-ღვარცოფულმა პროცესმა (რასაც მაშინ, საბედნიეროდ, ჭუბერის თემში მსხვერპლი არ მოჰყვა) კიდევ ერთხელ აჩვენა, პოტენციურად საშიშ ხეობებში, ადრეული შეტყობინების და განგაშის სისტემების დანერგვის და ქვეყნის მასშტაბით, ასეთი ქსელის გამართვის სასიცოცხლო აუცილებლობა.

ამის შესახებ ღიად საუბრობდნენ მმართველი პარტიის „ქართული ოცნების“ ლიდერებიც. მაშინდელმა პრემიერმა მამუკა ბახტაძემ აღნიშნა, რომ „ჭუბერში სტიქიამ კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ აუცილებელია ადრეული შეტყობინების სისტემების დანერგვა, რათა შევამციროთ სტიქიისგან მიღებული ზარალის მოცულობა და უფრო ეფექტიანად შევძლოთ სტიქიებთან ბრძოლა".

გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის მაშინდელმა მინისტრმა ლევან დავითაშვილმა, რომელსაც დღეს ვიცე-პრემიერის და ეკონომიკის მინისტრის პოსტები უკავია, 2018 წელს პირობა დადო, რომ "2-3 წელიწადში საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ადრეული გაფრთხილების გამართული სისტემა იქნება".

ექსპერტების შეფასებით, ეს თემა მთავრობისთვის პრიორიტეტი მაინც ვერ გახდა. 2018 წელს, საქართველოს ადრეული შეტყობინების სისტემის გასამართად, კლიმატის მწვანე ფონდიდან, შვედეთის და შვეიცარიელი დონორებისგან, ჯამში 36 მილიონი დოლარი გამოეყო, ამ თანხას, საქართველოს ბიუჯეტიდან კიდევ 38 მილიონი დაემატა. 76 მილიონით - 2025 წლამდე საქართველოს 11 მდინარეზე, ადრეული შეტყობინების და განგაშის ქსელი უნდა შექმნილიყო, რაც არ გაკეთებულა.

2021 წელს, უკვე ახალმა პრემიერმა ღარიბაშვილმა განაცხდა, რომ "დაინერგებოდა ადრეული გაფრთხილების სმს სისტემა, რომელიც სახიფათო ტერიტორიაზე მყოფ აბონენტებს მომხდარი ან პოტენციური საფრთხის შესახებ შეატყობინებდა", ეს დაპირებაც დაპირებად დარჩა.

„ამ ეტაპზე, რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის მხარეში არის 4 უბანი, სადაც ინსტალირებულია მეწყრული პროცესების მონიტორინგის სისტემები. ვიღებთ ინფორმაციას მეწყერის სხვადასხვა მახასიათებლის შესახებ.

ასე გამოიყურება მდინარე ჭანჭახის ხეობა
ასე გამოიყურება მდინარე ჭანჭახის ხეობა

თუმცა, სამწუხაროდ, კომპლექსური ხასიათის, სწრაფად განვითარებადი სტიქიური პროცესების წინასწარ პროგნოზირება დიდ სირთულეს წარმოადგენს მთელი მსოფლიოსთვის და პრაქტიკულად, შეუძლებელია“ - ეს განცხადება გარემოს ეროვნული სააგენტოს სტიქიური პროცესებისა და საინჟინრო გეოლოგიის სამმართველოს უფროსმა, გიორგი გაფრინდაშვილმა გაავრცელა.

სწრაფად განვითარებადი სტიქიური პროცესების წინასწარ პროგნოზირება დიდ სირთულეს წარმოადგენს და, პრაქტიკულად, შეუძლებელია
გიორგი გაფრინდაშვილი, გარემოს ეროვნული სააგენტო

რაჭაში მდინარეების ჭანჭახის და რიონის შესართავთან, შოვიდან და ბუბას ხეობიდან საკმაოდ მოშორებით მხოლოდ ჰიდროლოგიური სადგურის წყლის ხარჯის ავტომატური მზომი სენსორი დგას.

ოფიციალური ინფორმაციით, ადრეული შეტყობინების სისტემა და ე.წ უსაფრთხოების რადარები სააგენტოს დამონტაჟებული აქვს მხოლოდ დევდორაკ-ამალის მყინვარზე, გარკვეული კომპონენტები კახეთშიც - მდინარეებზე კაბალსა და დურუჯზე და მდინარე ვერეს ხეობაში, თუმცა, ჰიდროლოგი ლაშა სუხიშვილი ამბობს, რომ თბილისში ეს სისტემა გამართული დღემდე არ არის.

„თბილისში რა შეიცვალა, ქვეყნის დედაქალაქში, ვერეს ხეობის ტრაგედიიდან გასულია 8 წელი, არსებობს მონიტორინგის, ადრეული შეყობინების და სასიგნალო სისტემა?

სუხიშვილი: ვერეს ხეობის ტრაგედიამაც არაფერი გვასწავლა
გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:03:06 0:00

შეწყვეტილია ხეობის განაშენიანება? არაფერი ასეთი არ მომხდარა. კი, ვერეს ხეობაში არა თუ რადარი, ნალექის მზომი და მეტეოსადგურიც აყენია, მაგრამ ეს არ არის სისტემა, ეს არის ერთეული კომპონენტები, რომელიც ადრეული შეტყობინებისთვის არასაკმარისია და გაუმართავია“ - გვეუბნება სუხიშვილი.

ასეთი კატაკლიზმები, ტრაგედიები, სტიქიები ხდება ყველა ქვეყანაში. ყოველგვარი საუბარი, რომ ამის არიდება შეიძლებოდა, მგონი არასერიოზულია
ირაკლი ღარიბაშვილი, პრემიერი

„ერთი რამ მინდა გითხრათ, რომ ასეთი კატაკლიზმები, ტრაგედიები, სტიქიები ხდება ყველა ქვეყანაში. ყოველგვარი საუბარი, რომ ამის არიდება შეიძლებოდა, მგონი არასერიოზულია“ - განაცხადა პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა, რომელიც შოვში ტრაგედიის მეორე დღეს ჩაფრინდა.

„ქართული ოცნების“ ლიდერი ამის შემდეგ, ზოგიერთი მედიის კრიტიკაზე გადავიდა. „თქვენ 24 საათი ერთადერთ დავალებას ასრულებთ. ჩვენი ხალხის შეცდომაში შეყვანის. ხალხის დაზაფვრის, ასეთი უბედური მდგომარეობა გვაქვს, ასეთი ტრაგედია გვაქვს და თქვენ ათმაგად ძაბავთ ხალხს“ - აღნიშნა ღარიბაშვილმა.

გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგიის დეპარტამენტის 2021 წლის საინფორმაციო-გეოლოგიურ ბიულეტენში, სადაც სააგენტო მომავალი წლისთვის პროგნოზს აკეთებს, პირდაპირ წერია, რომ „ღვარცოფული პროცესი საშიშროებას უქმნის ცენტრალურ საავტომობილო გზას და კურორტ შოვის ინფრასტრუქტურულ ობიეტებს“. სააგენტოს ეს ღვარცოფი, "მაღალი რისკის" საშიშროებად აქვს შეფასებული.

თუმცა, უცნაურია, რომ საუბარია არა ბუბას წყალზე (ან ჭანჭახზე), არამედ მდინარე დღვიორაზე, რომელიც სოფელ გლოლაში ჩამოედინება და უერთდება მდინარე ჭანჭახს. გლოლა კი შოვამდე მდებარეობს და შესაბამისად, დღვიორაზე განვითარებული ღვარცოფი შოვს საფრთხეს როგორ შეუქმნის, ამ კითხვაზე, გარემოს ეროვნულ სააგენტოს დამატებითი განმარტება არ გაუკეთებია.

გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგიის დეპარტამენტის - 2021 წლის გეოლოგიური ბიულეტენიდან
გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგიის დეპარტამენტის - 2021 წლის გეოლოგიური ბიულეტენიდან

„როგორც ჩანს, გარემოს ეროვნულ სააგენტოს ჰქონდა გარკვეული კვლევები ამ მიმართულებით. დოკუმენტში საუბარია, რომ შოვში პოტენციური საფრთხეები არსებობს, თუმცა გაკეთდა განმარტება, რომ საუბარია მდინარე დღვიორაზე და არა იმ მდინარეზე, საიდანაც წამოვიდა ეს ღვარცოფი.

დოკუმენტში საუბარია, რომ შოვში პოტენციური საფრთხეები არსებობს, გაუგებარია რატომ არის საუბარი შოვზე? იმიტომ, რომ შოვი არის ბევრად უფრო მაღლა, ვიდრე, მდინარე დღვიორას გამოსვლის კონუსი
კახა არცივაძე, ჯიპას უნივერსიტეტის პროფესორი

თუმცა მაშინ გაუგებარია რატომ არის საუბარი შოვზე? იმიტომ, რომ შოვი არის ბევრად უფრო მაღლა, ვიდრე, მდინარე დღვიორას გამოსვლის კონუსი.

რა კი შოვზე იყო საუბარი, ეჭვი შეიძლება გვქონდეს, დასაბუთებული ეჭვი, რომ გეოლოგებს ჰქონდათ გარკვეული ეჭვები, რომ ბუბას ხევიდან შეიძლება ასეთი პროცესები განვითარებულიყო და მომხდარიყო ის კატასტროფა, რაც მოხდა. რა რეაგირება მოჰყვა ამას, ამაზე სამწუხაროდ ვერაფერს გეტყვით“ - უთხრა „ამერიკის ხმას“ გარემოს დამცველმა კახა არცივიძემ, რომელიც ჯიპას უნივერსიტეტის პროფესორია.

არცივაძეს მიაჩნია, რომ პრემიერ ღარიბაშვილის პოზიცია, რომ სტიქიის "არიდება შეუძლებელი იყო“ არასწორია. „ქვეყნები, რომლებსაც აქვთ წინასწარი შეტყობინების სისტემები და კვლევების მაღალი მაჩვენებელი ყოველთვის უფრო მომზადებული არიან და ასეთი ტრაგედიებისგან თავს იზღვევენ. საუბარი იმაზე, რომ ამის პროგნოზი არ შეგვიძლია და ასეთი ყველგან ხდება, არასწორია.

რა თქმა უნდა, სტიქია ყველგან ხდება, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენ არ მოვემზადოთ. ჩვენნაირი ქვეყნებისთვის მზადყოფნა არის ძალიან მნიშვნელოვანი, ჩვენ უნდა ვიყოთ მზად ასეთი სტიქიური უბედურებისთვის და მათი შედეგების შემცირებისთვის. ეს მზადყოფნა სამწუხაროდ, სახეზე არ არის“ - ამბობს არცივაძე.

მთლიანად განადგურებულ კურორტ შოვში სამაშველო-საძიებო სამუშაოები 5 აგვისტოს, გათენებისთანავე განახლდება. სამაშველო სამსახურების გარდა, შოვში, უამრავი მოხალისეც ჩავიდა.

გამთენიას მოუთმენლად ელიან დაკარგული ადამიანების, მათ შორის, ბავშვების ოჯახის წევრები. დაკარგულთა შორისაა, მესხების ხუთსულიანი და გუტაშვილი-მაისურაძის ცხრა სულიანი ოჯახები; და-ძმა ყარალაშვილები, ნათია ჭელიძე სამი მცირეწლოვანი შვილით და სხვები. მთავრობამ 7 აგვისტო საქართველოში გლოვის დღედ გამოაცხადა.

დამანგრეველ სტიქიას 200-ზე მეტი ადამიანი სასწაულად გადაურჩა
დამანგრეველ სტიქიას 200-ზე მეტი ადამიანი სასწაულად გადაურჩა

XS
SM
MD
LG