ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პოლონეთი ბელარუსის საზღვართან 2 000 სამხედროს გზავნის


პოლონეთი ბელარუსის საზღვართან კონტროლს ამკაცრებს და განლაგებული სამხედროების რაოდენობას აორმაგებს. განცხადება ამის შესახებ ადგილობრივ მედიასთან ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ გააკეთა. მისი თქმით ეს ხელს შეუწყობს საზღვარზე სტაბილურობის შენარჩუნებას და კონტროლს, რომელიც აღკვეთს საზღვრის უკანონოდ კვეთის ფაქტებს.

„ეს გაძლიერება მოხდება არა 1 000, არამედ 2 000 ჯარისკაცით“,- ამბობს მასი ვასიკი და განმარტავს, რომ კონტროლის გამკაცრების გადაწყვეტილება პოლონეთის უშიშროების კომიტეტმა და ქვეყნის თავდაცვის მინისტრმა მარიუშ ბლაშჩაკმა მიიღეს.

ვარშავამ საზღვრის გაძლიერება მას შემდეგ დაიწყო, რაც ბელარუსმა რუსეთის მთავრობასთან დაკავშირებული, კერძო სამხედრო კომპანია "ვაგნერის" ათასობით წარმომადგენელი მიიღო. „ვაგნერელები“ და მათი ლიდერი ევგენი პრიგოჟინი ბელარუსში პრეზიდენტ ლუკაშენკოს მიწვევით იმყოფებიან, მას შემდეგ რაც რუსეთში სამხედრო ამბოხების მცდელობა მოხდა. სხვადასხვა ადგილობრივი ჯგუფის მტკიცებით, 4 ათასამდე "ვაგნერელი" სწორედ პოლონეთის საზღვრის სიახლოვესაა დაბანაკებული.

თითქმის 2 თვის განმავლობაში ბელარუსმა პოლონეთის საზღვართან, უკვე რამდენიმე სამხედრო წვრთნა გამართა. ახალი წვრთნები კი ამ კვირაში დაიწყო. მინსკი ამბობს, რომ ბელარუსი სამხედროების მომზადებაში „ვაგნერელებიც“ არიან ჩართული. ლუკაშენკომ განაცხადა, რომ "ვაგნერელებს დასავლეთით წასვლა" სურთ და მათ სწორედ თავად აკავებს.

პარალელურად, პოლონეთში კვლავ გაიზარდა მიგრანტთა რაოდენობა ახლო აღმოსავლეთიდან, რომლებიც ბელარუსის გავლით პოლონეთის სახმელეთო საზღვარს კვეთენ. ვარშავა ამბობს, რომ მიგრანტებს უსაფრთხო დერეფანს ბელარუსი აძლევს და მიუთითებს, რომ პოლონეთის საზღვარი გადაკვეთონ.

„მეორე მხარეს ნამდვილი მესაზღვრეები რომ გვვყავდეს და არა - კონტრაბანდის სამსახურები, ეს გადაკვეთები არ იქნებოდა“, - ამბობს პოლონეთის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ვასიკი და ბელარუსის ხელისუფლებას მიგრანტთა კრიზისის ორგანიზებაში ადანაშაულებს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG