ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ტუსკი: "პოლონეთმა ევროკავშირის დაბლოკილ ფონდებზე წვდომისთვის ყველაფერი უნდა გააკეთოს"


"პოლონეთმა ევროკავშირის გაყინულ დაფინანსებაზე წვდომის მისაღებად ყველა შესაძლო მეთოდი უნდა გამოიყენოს", - განაცხადა ქვეყნის ოპოზიციის ლიდერმა, დონალდ ტუსკმა. ტუსკი, რომლის გუნდიც სავარაუდოდ მომდევნო მთავრობას დააკომპლექტებს, ბრიუსელში იმყოფება და ცდილობს ვარშავასა და ბრიუსელს შორის არსებული ის უთანხმოება მოაგვაროს, რამაც დაფინანსების გაყინვა გამოიწვია.

15 ოქტომბერს პოლონეთში გამართული არჩევნების შედეგად, ევროკავშირის მიმართ კეთილგანწყობილი ოპოზიციის მიერ უმრავლესობის მოპოვების შემდეგ მოსალოდნელია, რომ ქვეყნის შემდეგი პრემიერ-მინისტრი სწორედ დონალდ ტუსკი გახდება. ის მიზნად ისახავს, ქვეყანამ წვდომა დაიბრუნოს იმ მილიარდობით ევროს დაფინანსებაზე, რომელიც ევროკავშირმა პოლონეთს, წინა ნაციონალისტური ხელისუფლების პირობებში, სასამართლო უწყების დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით არსებული შეშფოთების გამო დაუბლოკა.

„მე აქ ვარ, როგორც ოპოზიციის ლიდერი და არა როგორც პრემიერ-მინისტრი, მაგრამ დრო გადის“, - განაცხადა მან ბრიუსელში გამართულ პრესკონფერენციაზე. „ინიციატივის ხელში აღება, საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე მომიწია, რადგან ყველა მეთოდი, მათ შორის არასტანდარტული, უნდა გამომეყენებინა იმ ფულის გადასარჩენად, რასაც პოლონეთი იმსახურებს", - თქვა ტუსკმა. საუბარია ევროკავშირის "აღდგენის ფონდიდან", 35 მილიარდ ევროზე მეტ გრანტებსა და სესხებზე წვდომაზე, რომლის განახლებაც ტუსკის გუნდს სურს. პოლონეთში უახლოეს მომავალში ახალი მთავრობა უნდა დაკომპლექტდეს.

პოლონეთის სასამართლო რეფორმებთან დაკავშირებით ევროკავშირის შეშფოთება, ვარშავას ასევე არ აძლევს 76,5 მილიარდი ევროს მოცულობის ფონდის გამოყენების საშუალებას, რომელიც ევროპის ღარიბ რეგიონებში, ცხოვრების დონის ამაღლებისთვისაა გამიზნული.

XS
SM
MD
LG