ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პოლონეთი იმედოვნებს, რომ რუსული მილსადენიდან ნავთობის გაჟონვას სამშაბათისთვის აღმოფხვრის


მილსადენის პოლონელმა ოპერატორმა განაცხადა, რომ შაბათს, ცენტრალურ პოლონეთში გაჟონვის აღმოჩენის შემდეგ შეაჩერა გადატუმბვა მილსადენ „დრუჟბას“ იმ ნაწილზე, რომელიც რუსეთს ევროპასთან აკავშირებს, თუმცა მოელის, რომ სამშაბათისთვის ნაკადი განახლდება.

კომპანია PERN-მა განაცხადა, არ არსებობს მინიშნება, რომ გაჟონვა მესამე მხარის მოქმედებამ გამოიწვია.

„ეს არის მთავარი ხაზი, რომელიც ზღვის გზით მიღებული ნედლი ნავთობის დასავლეთისკენ ტრანსპორტირებას ახდენს. გადატუმბვის განახლება სამშაბათ დილისთვისაა მოსალოდნელი,“ განაცხადა PERN-მა კვირას.

კომპანია იუწყება, რომ მილსადენის დაზიანებული სექცია დანარჩენი ქსელისგან ჩაჭრეს და ამიტომ გაჟონვის მასშტაბი მცირეა. მეორე ხაზი დაზიანებული არ არის და ადგილიბრივი მოსახლეობის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.

კომპანიამ განაცხადა, რომ გაჟონვას პოლონეთის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების მომარაგებაზე გავლენა არ ჰქონია და კონტაქტი აქვთ გერმანელ პარტნიორებთან, რომლებიც ამ ხაზით მარაგდებიან.

გერმანიამ რუსული ნავთობის შესყიდვა იანვარში შეწყვიტა, მაგრამ გერმანული მედია იუწყებოდა, რომ ამ მილსადენით ყაზახეთის ნავთობის იმპორტი ხდებოდა.

მილსადენი „დრუჟბა“ მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესია და დღეში 2 მილიონი ბარელის გატარება შეუძლია. დასავლეთის სექციის ორივე ხაზის მთლიანი გამტარუნარიანობა, რომელიც ცენტრალურ პოლონეთს გერმანიასთან აკავშირებს, წელიწადში 27 მილიონი ტონა ნედლი ნავთობია.

XS
SM
MD
LG