ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პოლონეთის საზოგადოებრივი მაუწყებელი მთავრობასა და პრეზიდენტს შორის დაპირისპირების საგანი გახდა


პოლონეთის პრეზიდენტი ანჯეი დუდა და პოლონეთის პრემიერ-მინისტრი დონალდ ტუსკი
პოლონეთის პრეზიდენტი ანჯეი დუდა და პოლონეთის პრემიერ-მინისტრი დონალდ ტუსკი

პოლონეთში სახელმწიფო მედიასთან დაკავშირებული პოლიტიკური ბრძოლა გრძელდება. პრეზიდენტმა ანჯეი დუდამ ოთხშაბათს პარლამენტში ხარჯების განახლებული კანონპროექტი შეიტანა, რომელიც ეწინააღმდეგება ახალი, პროევროპული მთავრობის გაცხადებულ მიზანს, მედია პოლიტიკური კონტროლისგან გაათავისუფლოს.

პრეზიდენტმა დუდამ, რომელიც წინა, მემარჯვენე მთავრობის მოკავშირეა, ვეტო დაადო ახალი მთავრობის კანონპროექტს, რომელიც საზოგადოებრივ მაუწყებლებს 3 მილიარდი ზლოტით (762 მილიონი დოლარი) დაფინანსებას ითვალისწინებდა. დუდას წარმოდგენილი კანონპროექტი ამ დაფინანსებას წყვეტს.

პოლონეთის სახელმწიფო მედია პრემიერ-მინისტრ დონალდ ტუსკის კოალიციურ მთავრობასა და კონსერვატიულ „კანონი და სამართლიანობის“ პარტიას შორის დაპირისპირების პირველი ოფიციალური საგანი გახდა. ამ პარტიას ძალაუფლება რვა წლის განმავლობაში ჰქონდა. ყოფილი მთავრობის პოლიტიკის ერთგული ადამიანები ამ დრომდე რჩებიან საზოგადოებრივი მაუწყებლისა და სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული სხვა ტელე, რადიო და გაზეთების მმართველ თანამდებობებზე.

ტუსკმა თქვა, რომ მისი კაბინეტი პარლამენტს ახალ კანონპროექტს წარუდგენს, რომელიც დუდას შეხედულებებს გაითვალისწინებს და დაფინანსებას სახელმწიფო მედიიდან ბავშვთა ჯანდაცვაზე გადაიტანს. მან ასევე თქვა, რომ სახელმწიფო მედიაზე ყოფილი მმართველი პარტიის კონტროლის მოხსნას დრო დასჭირდება.

ტუსკმა ძალაუფლება ეროვნული ერთიანობისა და დემოკრატიული ნორმების აღდგენის დაპირებების საფუძველზე მოიპოვა. ერთ-ერთი დაპირება საზოგადოებრივი მედიის რეფორმაც იყო. ტუსკის კოალიციას პარლამენტის 460 წევრიან ქვედა პალატაში ანუ სეიმში 248 მანდატი აქვს.

დუდა პრეზიდენტის თანამდებობაზე კიდევ წელიწადნახევარი დარჩება. მისი ვეტო იმის ადრეული ნიშანია, რომ ტუსკს და მის გუნდს ბევრი სირთულე შეხვდება. ზოგიერთი ანალიტიკოსი ამბობს, რომ „კანონი და სამართლიანობა“ იმედს იტოვებს, რომ სახელმწიფო მედიაზე კონტროლს შეინარჩუნებს და მომავალი წლის ადგილობრივი და ევროპარლამენტის არჩევნების წინ საკუთარი გზავნილების ამგვარად გავრცელებას შეძლებს.

XS
SM
MD
LG