ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსეთი აცხადებს, რომ ნავთობის 90% ინდოეთსა და ჩინეთს მიაწოდა


2023 წელს რუსეთის ნავთობის თითქმის მთელი ექსპორტი ჩინეთსა და ინდოეთში გაიგზავნა, განაცხადა რუსეთის ვიცე-პრემიერმა ალექსანდრე ნოვაკმა.

ნოვაკმა, რომელიც ქვეყნის ენერგეტიკულ სექტორს ხელმძღვანელობს, სახელმწიფო ტელევიზია Rossiya-24-ს უთხრა, რომ რუსეთმა წარმატებით აუარა გვერდი დასავლეთის ქვეყნების მიერ ნავთოვბის სექტორზე დაწესებულ სანქციებს და ევროპისთვის განკუთვნილი ნაკადები ჩინეთსა და ინდოეთში გადაიტანა. ამან კი მისი ნედლი ნავთობის ექსპორტის დაახლოებით 90% შეადგინა.

მისი თქმით, რუსეთმა აზია-წყნარი ოკეანის ქვეყნებთან კავშირების დამყარება იქამდე დაიწყო, სანამ დასავლეთი მოსკოვის წინააღმდეგ უკრაინაში ფართომასშტაბიანი ომის დაწყების საპასუხოდ სანქციებს დააწესებდა.

„რაც შეეხება ევროპასა და ამერიკაში მიწოდებაზე შემოღებულ შეზღუდვებსა და ემბარგოებს, ამან მხოლოდ დააჩქარა ჩვენი ენერგიის ნაკადების გადამისამართების პროცესი“, - თქვა ნოვაკმა. მისი თქმით, ევროპის წილი რუსეთის ნედლი ნავთობის ექსპორტში 40-45%-დან მხოლოდ 4-5%-მდე დაეცა.

„დღევანდელ ვითარებაში მთავარი პარტნიორებია ჩინეთი, რომლის წილი გაიზარდა დაახლოებით 45-50%-მდე და, რა თქმა უნდა, ინდოეთი... ადრე ინდოეთს ძირითადად არ მიეწოდებოდა [რუსული ნავთობი]. ორ წელიწადში მიწოდების მთლიანი წილი ინდოეთში 40%-მდე გაიზარდა“, - თქვა ნოვაკმა.

ნავთობის წამყვანი მწარმოებლების OPEC+ ჯგუფზე საუბრისას, ნოვაკმა თქვა, რომ რუსეთი ასრულებდა მიწოდების შემცირების თაობაზე ვალდებულებებს.

გასულ თვეში შეერთებულმა შტატებმა „Arctic LNG 2“-ის წინააღმდეგ ახალი სანქციები დააწესა. ეს თხევადი ბუნებრივი აირის პროექტია, რომელსაც რუსული კომპანია „ნოვატეკი“ ხელმძღვანელობს. რუსული გაზეთ „კომერსანტის“ ცნობით, სანქციების შიშით, უცხოელმა აქციონერებმა შეაჩერეს პროექტში მონაწილეობა და უარი თქვეს პასუხისმგებლობასა და კონტრაქტებზე.

XS
SM
MD
LG