5 დეკემბერს რუსულ ნავთობზე დაწესებული ფასის ზედა ზღვარი ამოქმედდა. "დიდი შვიდეულის" ქვეყნებმა ევროკავშირმა და რამდენიმე იმპორტიორმა ქვეყანამ შეთანხმებას მიაღწია და მათი გადაწყვეტილებით, საზღვაო ტანკერებით შეტანილი, 1 ბარელი რუსული ნავთობის მაქსიმალური ფასი $60-ს არ გადააჭარბებს. რუსული მხარე ამბობს, რომ ის ამ შეზრუდვებს არ აღიარებს.
ფასის ზღვარი, რომელსაც შეერთებული შტატები, ავსტრალია, იაპონია და დიდი ბრიტანეთი უერთდებიან, ერთ-ერთია იმ ზომებს შორის, რომლებსაც დასავლეთის დემოკრატიული ქვეყნები რუსეთის მიერ უკრაინაში წამოწყებული ომის საპასუხოდ იღებენ.
ეს შეთანხმება გულისხმობს, რომ რუსული ნავთობი "დიდი შვიდეულის" ან ევროკავშირის ტანკერების, სადაზღვევო კომპანნიების თუ საკრედიტო ინსტიტუტების გამოყენებით, მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება სხვა ქვეყნებში გადაიზიდოს, თუკი ეს ტვირთი სწორედ დაწესებულ ლიმიტზე ნაკლებ ფასად იქნება ნაყიდი. საფასურის მსგავსი ზღვარი 5 თებერვლიდან ამოქმედდება რუსულ ნავთობპროდუქტებზეც.
კრემლი ამბობს, რომ ის ამ ზღვარს ეწინააღმდეგება და საბაზრო ღირებულებაზე ნაკლებ ფასად ნავთობის გაყიდვას არ აპირებს, მაშინაც კი, თუკი ეს მოპოვების მოცულობის შემცირებას გახდის საჭიროს. კრემლის პრეს-სპიკერი დმიტრი პესკოვის თქმით, ფასის ზღვართან დაკავშირებით "შესაბამისი პასუხი მომზადების პროცესშია".
"ერთი რამ ნათელია: ჩვენ არ ვცნობთ ფასის არანაირ ზღვარს", - ამბობს პესკოვი და განმარტავს, რომ ამას უკრაინის წინააღმდეგ სამხედრო მოქმედებებზე არანაირი გავლენა არ ექნება.
სავარაუდოდ, მოსკოვი აპირებს სპეციალური განკარგულების გამოცემას, რომლის თანახმადაც იმ ქვეყნებისთვის, რომლებმაც ეს ზღვარი დააწესეს, ნებისმიერი პეტროლიუმის პროდუქტის მიყიდვა აიკრძალება.
ფასის ზღვრის საკითხი წესით ყოველ 2 თვეში ერთხელ უნდა გადაიხედოს. პირველი ამგვარი განხილვა იანვარში იგეგმება.
"დიდი შვიდეულისა" და ევროკავშირის ქვეყნებმა ფასის ზედა ზღვარი საბაზრო ღირებულებასთან მაქსიმალური მიახლოებით დააწესეს იმ მოლოდინით, რომ რუსეთი ნაკლები მოგების მიღებას დათანხმდებოდა და ნავთობის გაყიდდვას განაგრძობდა.
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი საერთაშორისო საზოგადოებას ამ ზღვრის $30-მდე დაწევისკენ მოუწოდებდა იმისთვის, რომ რუსულ ეკონომიკაზე წნეხი მაქსიმალურად გაზრდილიყო. ის განმარტავდა, რომ იმ შემთხვევაშიც კი, თუ რუსეთი $60-იან ლიმიტს დათანხმდებოდა, ეს მოსკოვს 1 მილიარდი დოლარის მოცულობის წლიურ შემოსავალს მაინც მოუტანდა.