ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

დონეცკის რეგიონში რუსულ დაბომბვას 5 ადამიანი ემსხვერპლა - ადმინისტრაცია


უკრაინულმა ძალებმა ქვეყნის აღმოსავლეთში რუსული სამხედრო თავდასხმები მოიგერიეს. მოსკოვმა ცენტრალურ და სამხრეთ უკრაინაში, სამოქალაქო დასახლებებს დაარტყა. იერიში მიზნად ისახავდა ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის განადგურებას - აცხადებენ სამხედრო და რეგიონალური ადმინისტრაციის ოფიციალური პირები. ეს იმ ფონზე, როცა ზამთრის დადგომასთან ერთად მილიონობით ადამიანი ელექტროენერგიის და გათბობის გარეშეა დარჩენილი.

დონეცკის რეგიონში გუშინდელი დაბომბვის შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას რეგიონის გუბერნატორი პავლო კირილენკო Telegram-ზე ავრცელებს.

ზაპორიჟიის რეგიონის გუბერნატორის, ალექსანდრე სტარუხის განცხადებით, ცენტრალური ზაპორიჟიის რაიონში, რუსული რაკეტები გაზის გამანაწილებელ პუნქტს მოხვდა.

"ზაპორიჟიის რეგიონის ერთ-ერთ დასახლებაში, სარაკეტო თავდასხმის შედეგად დაზიანდა გაზის გამანაწილებელი პუნქტი, რის შედეგადაც ხანძარი გაჩნდა. ის სწრაფად იქნა, ლიკვიდირებული, მაგრამ სამი ქუჩა გაზის გარეშეა", - წერს სტარუხი Telegram-ზე. მისი თქმით, თავდასხმის შედეგად არავინ დაშავებულა.

რუსეთი უკრაინის ელექტროენერგიისა და გათბობის ინფრასტრუქტურას ოქტომბრის შემდეგ განსაკუთრებით აქტიურად უტევს. კიევი და მისი მოკავშირეები ამბობენ, რომ ეს მიზანმიმართული კამპანიაა მშვიდობიანი მოსახლეობისთვის ზიანის მისაყენებლად, რაც სამხედრო დანაშაულა.

კიევში და მის შემოგარენში ტემპერატურის დაცემისა და თოვლის ფონზე, მილიონობით ადამიანი საცხოვრებელი სახლების გათბობას ცდილობს.

უკრაინის ენერგოკომპანიის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა, Facebook-ზე დაწერა, რომ კიევში 985,500 ადამიანი ელექტროენერგიის გარეშეა. ელექტროენერგიის კიდევ ერთი მიმწოდებლის წარმომადგენელმა კი თქვა, რო 30 ნოემბერს ქალაქს ელექტროენერგია გაეთიშება.

უკრაინის ენერგეტიკის მინისტრმა ჰერმან ჰალუშენკომ თქვა, რომ მიუხედავად გათიშვებისა, ელექტროენერგიის მიწოდების სტაბილურობა "ყოველდღიურად უმჯობესდება". მისი თქმით, ტექნიკოსები დღედაღამ მუშაობენ ზიანის გამოსასწორებლად. მაგრამ ჰალუშჩენკომ აღნიშნა, რომ შემდგომმა თავდასხმებმა შეიძლება დამატებითი ზიანიც გამოიწვიოს.

უკრაინის გენერალურმა შტაბმა 30 ნოემბერს განაცხადა, რომ ბოლო 24 საათის განმავლობაში დონეცკსა და მიმდებარე ლუგანსკის რეგიონში, ფრონტის ხაზზე მისმა ძალებმა ექვსი რუსული თავდასხმა მოიგერიეს. სამხედროებმა განაცხადეს, რომ რუსული ძალები ბახმუტისა და ავდიევკის მიმართულებით ტანკებისა და საარტილერიო ცეცხლის გამოყენებით აგრძელებს შეტევას. ამასთან, რუსეთმა ავდიევკას მახლობლად საჰაერო დარტყმებიც განახორციელა.

იმავდროულად, რუსეთის ჯარებმა დაუნდობლად დაბომბეს მდინარე დნეპრის მარჯვენა სანაპირო და ქალაქი ხერსონი.

პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ თავის ღამის ვიდეო-მიმართვაში თქვა, რომ უკრაინელები იგერიებდნენ რუსეთის წინსვლის მცდელობებს ფრონტის ხაზის გასწვრივ. ეს იმ ფონზე, როცა ნატოს მოკავშირეები უკრაინას მეტ იარაღს და აღჭურვილობას დაჰპირდნენ, რათა კიევმა ელექტროენერგიის მიწოდების აღდგენა შეძლოს.

რუსეთის ყოფილმა პრეზიდენტმა დმიტრი მედვედევმა ნატო გააფრთხილა, არ მიაწოდოს უკრაინას "პატრიოტის" სარაკეტო თავდაცვის სისტემები და 30-წევრიან ალიანსს „უკრაინელი ფანატიკოსებისთვის" იარაღის მიწოდებისთვის "კრიმინალური სუბიექტი" უწოდა.

ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა რუმინეთში, სადაც ალიანსის საგარეო საქმეთა მინისტრები ორდღიან სამიტს მართავენ, თქვა, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი "ცდილობს გამოიყენოს ზამთარი, როგორც ომის იარაღი", რადგან მოსკოვის ძალები კარგავს პოზიციებს ბრძოლის ველზე.

ამერიკელი და ევროპელი ოფიციალური პირები ამბობენ, რომ ნატოს მინისტრები ყურადღებას გაამახვილებენ უკრაინისთვის არალეტალური დახმარების მიწოდებაზე, როგორიცაა საწვავი, სამედიცინო მარაგი და ზამთრის აღჭურვილობა, ასევე სამხედრო დახმარება. ვაშინგტონმა კი განაცხადა, რომ ელექტროქსელის აღჭურვილობის შესაძენად 53 მილიონ დოლარს გამოყოფს.

XS
SM
MD
LG