ბუქარესტში გამართულ მინისტერიალზე, ნატომ განსაკუთრებული ყურადრება დაუთმო იმ სამ ქვეყანას, რომლებსაც უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომი, გამორჩეულ გამოწვევებს უქმნის - საქართველოს, ბოსნიას და მოლდოვას. ანალიტიკოსტთა შეფასებით, მაშინ, როცა ალიანსისთვის ევროპაში უსაფრთხოების ქოლგის გაფართოება არც ისე ადვილია, ნატო იმ გზებს განიხილავს, თუ როგორ შეიძლება ამ ქვეყნების დახმარება და გაძლიერება.
რუმინეთში გამართულ მოლაპარაკებებზე, სამი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრები, ნატოს წევრი სახელმწიფოების პირველ დიპლომატებს შეხვდენ. შეხვედრებზე მხარეებმა განიხილეს გზები, რომლითაც ალიანსს მათი მხარდაჭერა შეუძლია. უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომი, რეგიონის ქვეყნებს პოლიტიკურ, ენერგეტიკულ და ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებულ საკითხებზე გაურკვევლობას უქმნის.
ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრმა, ვოპკე ჰოექსტრამ თქვა, რომ შეხვედრა მიზნად ისახავს „ევროპის კონტინენტზე მეტი უსაფრთხოების უზრუნველყოფას და ეს ასევე არის ნიშანი... რამდენად მნიშვნელოვანია სტაბილურობის შექმნა არა მხოლოდ თავად ნატოს წევრ ქვეყნებში, არამედ მის ფარგლებს გარეთაც.”
ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, იან ლიპავსკიმ კი ჟურნალისტებთან განმარტა, რომ მნიშვნელოვანია, არ არსებობდეს ერთგვარი „რუხი ზონები", რომლებზე კონტროლსაც სხვა ძალები მოიპოვებენ.
ნატოს გენერალურმა მდივანმა აღნიშნა, რომ ალიანსის წევრი სახელმწიფოების წარმომადგენლები ერთგულნი რჩებიან ნატოს 2008 წლის ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილების, რომელიც საქართველოსა და უკრაინის ალიანსში გაწევრიანებას ითვალისწინებს.
14 წლის წინ სწორედ ბუქარესტში გაცემული დაპირებიდან მალევე რუსეთი საქართველოში შეიჭრა. რუსული აგრესიის უშუალო თუ არაპირდაპირი გავლენის წინაშეა მოლდოვაც და ბოსნიაც. ამჟამად მოლდოვა კვლავ ძლიერაა დამოკიდებული რუსულ ენერგიაზე და ქვეყანაში ენერგო კრიზისი ძლიერდება. ამასთან, მოლდოვაში ელექტროენერგიით მომარაგებაში შეფერხებებია რუსეთის მიერ უკრაინის ენერგოსისტემაზე მომხდარი თავდასხმების გამოც. რუსულმა რაკეტებმა რამდენჯერმე დაარღვია მოლდოვის საჰაერო სივრცეც და აპრილში აფეთქებები დაფიქსირდა დნესტრისპირეთის რეგიონშიც, სადაც რუსეთს 1500-მდე სამხედრო ჰყავს განლაგებული.
პრობლემებზე საუბრობს ბოსნიის საგარეო საქმეთა მინისტრიც. პოლიტიკურ არასტაბილურობასთან ერთად, ახალი მთავრობის ჩამოყალიბების პროცესში მყოფი ქვეყნის პირველი დიპლომატი ამბობს, რომ დაპირისპირება ძალიან ძლიერია და ბოსნიაში ნატოს წარმომადგენლობა ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ეს ქვეყნის უსაფრთხოების გარანტიაა.
ნატოს გაფართოებასთან დაკავშირებული დისკუსიები გრძელდება თურქეთსა და შვედეთ-ფინეთის მთავრობებს შორისაც. ქვეყნების წარმომადგენლები ამბობენ, რომ შეხვედრების შედეგები დადებითია, შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ამბობს, რომ ის ანკარაში ჩასვლას და მოლაპარაკებების გაგრძელებას აპირებს. შვედეთისა და ფინეთის ნატოში გაწევრიანების საკითხის რატიფიცირება წევრ სახელმწიფოთა შორის ჯერჯერობით მხოლოდ თურქეთს და უნგრეთს არ მოუხდენია.
რუმინეთში გამართული მინისტერიალის ფარგლებში, ნატოს გენერალურ მდივანს ჰკითხეს ასევე ალიანსის დამოკიდებულებაზე შავი ზღვის რეგიონის მიმართ. სტოლტენბერგმა თქვა, რომ ნატომ 2014 წლის შემდეგ გააძლიერა პოზიციები შავ ზღვაში. "ყველა ვთანხმდებით, რომ შავ ზღვაში ნატოს ყოფნა მნიშვნელოვანია,"- ამბობს სტოლტენბერგი.