რუსეთის რეგიონ კურსკის გუბერნატორი უკრაინულ მხარეს ელექტროსადგურზე თავდასხმაში ადანაშაულებს. რომან სტაროვოიტის მიერ "ტელეგრამ" არხზე გავრცელებული ინფორმაციით, ელექტროსადგურზე 11-მდე იერიში მოხდა.
"სწორედ ამის გამო სუჟასა და კორენევოს უბნებში ელექტროენერგიის მიწოდება ნაწილობრივ გათიშულია", - ამბობს გუბერნატორი. რეგიონი უკრაინას ჩრდილო-აღმოსავლეთით ესაზღვრება.
ინციდენტის შედეგად დაშავებულთა შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა. საინფორმაციო სააგენტო "როიტერი" დამოუკიდებელ წყაროებზე დაყრდნობით იერიშის ფაქტს ვერ ადასტურებს. რაც შეეხება უკრაინულ მხარეს, პასუხისმგებლობა ამ თავდასხმაზე კიევს არ აუღია და ჯერჯერობით არც კომენტარი გაკეთებულა.
რუსეთის ხელისუფლებამ უკრაინა მოსაზღვრე რეგიონებზე თავდასხმაში არაერთხელ დაადანაშაულა. მათ შორისაა ისეთი ობიექტები, როგორებიცაა ელექტროგადამცემი ხაზები, საწვავისა და იარაღის საწყობები.
ბოლო თვეების განმავლობაში რუსეთი განსაკუთრებით აქტიურად უკრაინაში სწორედ ენერგეტიკულ ობიექტებს უტევს. უკრაინის მოსახლეობის დიდი ნაწილი გათბობის, დენის, გაზის და სასმელი წყლის გარეშეა დარჩენილი. ელექტროენერგიის შეზღუდვით მიწოდების გამო ფერხდება ამ სისტემების აღდგენაც.